საქმე # 030100119003163582
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№511აპ-23 ქ. თბილისი
რ–ა თ., 511აპ-23 3 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. რ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. რ–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ უდანაშაულოა.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენით თ. რ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ჯარიმა - 1000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 500 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოდ დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. რ–მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2019 წლის ივნისში, დღის საათებში, ქ. ფ–ში, ნ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ტერიტორიაზე, თ. რ–სა მ. ხ–სთან არსებული პირადი უთანხმოების გამო, მ. ხ–ს არასრულწლოვან შვილს - ა. ც–სას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.2. 2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ფ–ში, ...–ს ქუჩა №..-ში მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. რ–სა მათ შორის არსებული პირადი უთანხმოების გამო, მ. ხ–ს დაემუქრა ერთ-ერთი შვილის - ა. ც–ს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. რ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. წ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სრულყოფილად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა თ. რ–ს ბრალეულობა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება. დაზარალებულების - მ. ხ–სა და ა. ც–ს ჩვენებები მტკიცების საგანთან მიმართებით არის თანმიმდევრული და თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: არასრულწლოვანი ა. ც–ს მონათხრობი იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დღეს მისი მეზობელი - თ. რ–სა ჯერ წყევლიდა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ მოკლავდა, რამაც შეაშინა და მეზობელს მიმართა დასახმარებლად, დასტურდება დანაშაულის თვითმხილველი მოწმის - მ. ზ–ს გამოკითხვის ოქმით, რომლის მიხედვით, იგი შეესწრო, თუ როგორ ემუქრებოდა თ. რ–სა სიცოცხლის მოსპობით არასრულწლოვან ა. ც–ს, რომელიც იყო შეშინებული და ტიროდა, რის გამოც ბავშვი თავის სახლში წაიყვანა დასამშვიდებლად; დაზარალებულ მ. ხ–ს მონათხრობი იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩაში შეხვდა თ. რ–ს, რომელიც დაემუქრა, რომ ქალიშვილს მოუკლავდა, რამაც შეაშინა და ყველაფერი მოუყვა დედას, რომელმაც, თავის მხრივ, მიმართა პოლიციას, თანხვდენილია მოწმე ნ. ბ–ს ჩვენებასთან, რომელიც, იმის მხედველობაში მიღებით, რომ თ. რ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების - მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის რეალურობის დადგენა, სწორედ პირდაპირი მტკიცებულების რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ, რამეთუ მოწმემ შემთხვევიდან მალევე პირადად ნახა, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული და რას განმარტავდა იგი მომხდართან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. რ–ს მსჯავრდება კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. რ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი