საქმე # 330100122006025791
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №524აპ-23 ქ. თბილისი
ქ–ი ნ., 524აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, ნ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ნ. ქ–ს ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულის არასრულწლოვანი და-ძმის - გ. და ა. შ–ების ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი სხვადასხვა დროს, შეესწრნენ ქ. შ–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, ხოლო დაზარალებულის მეგობრის - ნ. ბ–სა და დედის - ა. ჯ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ თავად ნახეს დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, ამასთან, ქ. შ–მ ნ. ბ–ს გაანდო, რომ სწორედ მეუღლე ძალადობდა მასზე; დაზარალებულის მამამ - გ. შ–მემ დაადასტურა, რომ დანაშაულის შესახებ მეუღლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმართა სამართალდამცავებს.
2. გამართლებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჯ–ე საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ქ–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2020 წლის ივლისის დასაწყისში, ქ. თ–ში, ...........ს გამზირი №..-ში მდებარე №.. საცხოვრებელ ბინაში, გენდერული ნიშნით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ მეუღლეს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, რომლის ქცევა, პირადი ცხოვრება და სხვა პირებთან კომუნიკაცია თავად უნდა ეკონტროლებინა სრულად, ნ. ქ–მა მეუღლეს - ქ. შ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაზარალებულის არასრულწლოვანი ძმის - გ. შ–ს თანდასწრებით, სახისა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ნ. ქ–სის ქმედებების შედეგად, ქ. შ–მ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო გიგი შავაძემ მიიღო მორალური ზიანი.
3.2. 2022 წლის ზამთარი-გაზაფხულის პერიოდში, ქ. თ–ში, ........ას გამზირი №..-ში მდებარე №.. საცხოვრებელ ბინაში, გენდერული ნიშნით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, იმ მოტივით, რომ მეუღლეს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, რომლის ქცევა, პირადი ცხოვრება და სხვა პირებთან კომუნიკაცია თავად უნდა ეკონტროლებინა სრულად, ნ. ქ–მა მეუღლეს - ქ. შ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაზარალებულის არასრულწლოვანი დის - ა. შ–ს თანდასწრებით სახის არეში დაარტყა ხელი. ნ. ქ–ს ქმედებების შედეგად, ქ. შ–მ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო ა. შ–მ მიიღო მორალური ზიანი.
4. ნ. ქ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენით ნ. ქ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ნ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ნ. ქ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
11. 2020 წლის ძალადობის სადავოდ გამხდარ ეპიზოდთან მიმართებით, რომელიც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჩადენილია დაზარალებულის არასრულწლოვანი ძმის - გ. შ–ს თანდასწრებით, აღსანიშნავია, რომ ბავშვის მტკიცება, რომ 2021 ან 2022 წელს, მისი სასკოლო არდადეგების პერიოდში, შეესწრო ნ. ქ–ს მიერ ქ. შ–ზე ფიზიკურ ძალადობას, რომლის შემდეგ მისი და ისე ცუდად გახდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თავის მხრივ, კატეგორიულად გამორიცხეს, როგორც ძალადობის შესაძლო მსხვერპლმა - ქ. შ–მ, ასევე - შესაძლო მოძალადემ - ნ. ქ–მა. ამასთან, გარდა დანაშაულის შესაძლო თარიღისა, ბრალდების შესახებ დადგენილებისაგან განსხვავდება არასრულწლოვნის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენის შესაძლო ადგილიც, რადგან ბავშვის მტკიცებით, მის მიერ აღწერილი ფაქტი მოხდა ნაქირავებ ბინაში, რომელიც ქ. შ–ს ჩვენების მიხედვით, იყო ქ. თ–ში, ........ას მე-.. კვარტალში, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე ნ. ქ–ს ედავებოდა 2020 წლის ივლისის დასაწყისში, ქ. თ–ში, ..........ას გამზირი №..-ში მდებარე №.. საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ ძალადობას.
12. 2022 წლის ძალადობის სადავოდ გამხდარ ბრალდებასთან მიმართებით, რომელსაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი და - ა. შ–ე, საყურადღებოა ბავშვის განმარტებები, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ იძლევა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას, რადგან ანასტასია შავაძემ, ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ ქ. შ–ე და მისი მეუღლე მხოლოდ კამათობდნენ ხოლმე, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში არასდროს გადაზრდილა, ხოლო, მეორე მხრივ, დაადასტურა, გამოძიების დროს, მისი გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ ნ. ქ–სმა მის დას დაარტყა სახეში, თვალთან, რის გამოც ქ. შ–მ იტირა. აქვე ხაზგასასმელია, რომ ქ. შ–მ და ნ. ქ–მა სასამართლოში ჩვენებების მიცემისას ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ მათ ოჯახში ფიზიკურ ძალადობას ადგილი არასდროს ჰქონია.
13. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები: დაზარალებულის ბავშვობის მეგობრის, მოწმე ნ. ბ–ს ჩვენება, რომლის მიხედვით, ქ. შ–მ აჩვენა სხეულზე არსებული დაზიანებები და გაანდო, რომ მეუღლე ძალადობდა მასზე; დაზარალებულის დედის, მოწმე ა. ჯ–ს ჩვენება, რომელმაც თავისი თვალით ნახა ქალიშვილის სხეულზე დაზიანებების კვალი, რომლებიც ქ. შ–ს განმარტებით მეუღლემ ხუმრობით მიაყენა და დაზარალებულის მამის, მოწმე გ. შ–ს ჩვენება, რომელმაც დანაშაულის შესახებ მეუღლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიმართა სამართალდამცავებს, არის ირიბი და ვერ გახდება ნ. ქ–სათვის ბრალად შერაცხული კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების სარწმუნოდ დამტკიცების საფუძველი.
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
15. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი