გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1296-02 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
შ. ხ-ე დაიბადა 1977წ. 28 ივნისს. მისი დედაა დ. ჯ-ა, ხოლო მამა იყო აწ გარდაცვლილი მ. ხ-ე.
მ. ხ-ე 1985წ. 4 ნოემბერს ქორწინების რეგისტრაცაიაში გატარდა მა. ხ-ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ორი შვილი: გ. ხ-ე დაბადებული ... წელს და ნ. ხ-ე დაბადებული ... წელს.
მ. და მა. ხ-ეებმა შეიძინეს 1989 წელს ქ. ულან-უდეში ...ის ქ. ¹34-ში სამოთახიანი ბინა, ხოლო 1994 წელს – ქ. თბილისში ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ოროთახიანი ბინა, რომელიც აღირიცხა მა. ხ-ის სახელზე.
1998წ. 6 მაისს გარდაიცვალა მ. ხ-ე. მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მასას შეადგენდა მითითებული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინების 1/2½ნაწილები.
მა. ხ-ემ გაასხვისა ქ. ულან-უდეში სამოთახიანი ბინა და ჩამოვიდა ქ. თბილისში მის სახელზე რიცხულ ოროთახიან ბინაში საცხოვრებლად.
შ. ხ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მა. ხ-ის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ შ. ხ-ემ 6 თვის განმავლობაში არ მიიღო სამკვიდრო და თავისივე ნებით განაცხადა უარი ქ. ულან-უდეში არსებულ სამკვიდრო ბინიდან წილის მიღებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შ. ხ-ე ცნობილი იქნა მამკვიდრებელ მ. ხ-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ქ. თბილისში ...ის ქ. ¹12-ში მდებარე ¹9 ოროთახიანი ბინის 1/8 ნაწილზე.
მა. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ აწ გარდაცვლილ მ. ხ-ის დანაშთ ქონებაზე პრეტენზიის განცხადების უფლება არა აქვს შ. ხ-ეს მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის გამო, რაც დასტურდება სასამართლოს სახელზე შედგენილი განცხადებით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. ხ-ის სამკვიდრო ქონებას შეადგენს მა. ხ-ესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება. კერძოდ ქ ულან-უდეში ...ის ქ. ¹34-ში სამოთახიანი ბინისა და ქ. თბილისში ...ის ქ. ¹11-ში მდებარე ¹9 ოროთახიანი ბინის 1/2 წილები.
სამკვიდროს გახსნის დროს შალვა ხ-ე ცხოვრობდა ქ. ულან-უდეში მდებარე სამოთახიან ბინაში, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაასხვისა მარეხი ხ-ემ. ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ მოსარჩელემ მის სასარგებლოდ განაცხადა უარი სამკვიდრო ქონებაზე.
სსკ-ს 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ ჩათვალა მოსარჩელის განმარტება, რომ მას უარი კი არ განუცხადებია სამკვიდროს მიღებაზე, არამედ თანხმობა მისცა მა. ხ-ეს ქ ულენ-უდეში სამოთახიანი ბინის გასხვისებაზე. სანაცვლოდ მოპასუხე დაპირდა, რომ სამკვიდროს წილს გადასცემდა სხვა ქონებიდან. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი.
არ აქვს სათანადო შეფასება მიცემული შ. ხ-ის მიერ 2001წ. 19 სექტემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს სახელზე შედგენილ განცხადებას, რომელშიც მოსარჩელემ დაადასტურა ქ. ულან-უდეში მამის სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ განცხადების დაწერის ფაქტი.
საქმის ხელახლა განხილვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მტკიცებულებადA შეგროვება სსკ-ს 103-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
ზემოაღნიშნულის გამო საკასაციო პალატას არ მიაჩნია შესაძლებლად ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მა. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.