Facebook Twitter

საქმე # 330100122005389445

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№530აპ-23 ქ. თბილისი

ბ–ი ა. ო.ა., 530აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ა. ო. ა. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გამოყენებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას, კერძოდ, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, შეფარდებული არასაპატიმრო სასჯელი, რომელიც ჩაეთვალა მოხდილად, მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ა. ო. ა. ბ–ი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რამეთუ მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ ოჯახური ძალადობის მიუხედავად, სასამართლო არ განუსაზღვრავს მას რელევანტურ სასჯელს, გამოყენებული იძულების ღონისძიება ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენით ა. ო. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 მუხლის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ო. ა. ბ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2021 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 18:15 საათზე, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩა №..-ში მდებარე №.. ბინაში, ა. ო. ა. ბ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. რ–სას, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, ჯერ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ - ხელი ჰკრა და წააქცია, ბოლოს კი, წაქცეულს მკლავებზე მოკიდა ხელი და ძლიერად დაარტყმევინა თავი იატაკზე. ა. ო. ა. ბ–ს ფიზიკური ძალადობის შედეგად ს. რ–მ განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარინე ლომიძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ა. ო. ა. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მსჯავრდებულის აღიარება და სინანული ჩადენილი დანაშაულის გამო; ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობით, სწრაფი მართლმსაჯულების ხელის შეწყობა; დაზარალებულის გაცხადებული თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ კანონისმიერი შეღავათების გამოყენების თაობაზე) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ა. ო. ა. ბ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა. საკასაციო საჩივარში სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლოს მიერ გასათვალისწინებელ გარემოებებსა და სასჯელის მიზნებზე ბრალდების მხარის ზოგადი მითითება, ვერ გახდება განაჩენის მსჯავრდებულის საუარესოდ შეცვლისა და ა. ო. ა. ბ–ს მიმართ შეფარდებული კონკრეტული სახის სასჯელის დამძიმების წინაპირობა.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარინე ლომიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი