Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1301-02 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: წყალსაწრეტი არხის აღდგენა, საპლანტაჟე გზის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში. სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფ. ...ის მიწის რეფორმის კომისიის 1992წ. 27 თებერვლის ოქმის საფუძველზე მიეზომა 7506 მ. მიწის ნაკვეთი. აქედან 5070 მ. მიზომილი აქვს ე.წ. “ლაშიტყის” ტერიტორიაზე. მის ნაკვეთს სამხრეთიდან ესაზღვრება მოპასუხე ჯ. ს-ის ნაკვეთი. მათ ურთიერთშეთანხმებით 1992-1993 წლებში ნაკვეთებს შორის გაჭრეს წყალსაწრეტი არხი, რომელიც 2001წ. 14 მარტიდან ჩაკეტა ჯ.ს-ემ და არ ატარებს მისი ნაკვეთიდან გამავალ წყალს. მანვე ჩაუკეტა ფართობში შესასვლელი საცალფეხო ბილიკი.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ჩრდილოეთიდან მის ნაკვეთს ესაზღვრება მოპასუხე ა. ს-ის მიწის ნაკვეთი. მათ ნაკვეთებს შორის არსებული წყალსაწრეტი არხი ზოგიერთ ადგილებში ამოივსო. მოპასუხე არ აძლევს არხის აღდგენის საშუალებას. არხის არსებობა კი აუცილებელია.

მოსარჩელის განმარტებით “ლაშიტყის” ფართობი 1975-1999 წლებში იყო სავენახე-საპლანტაჟე ნაკვეთი და უზრუნველყოფილი იყო შიგა საპლანტაჟე გზებით, რაც დღეისათვის უგულვებელყოფილია. მის საპლანტაჟე ნაკვეთამდე მისასვლელად აუცილებელია შუა საპლანტაჟე გზების აღდგენა 4 მეტრის სიფართით, რომელიც უნდა გავიდეს მოპასუხეების ჯ. ს-ის და მ. ს-ის კუთვნილ ნაკვეთებზე და მიუერთდეს სოფლის ცენტრალურ გზას, როგორც იყო 1992 წელს. მოპასუხეების მიერ კი იგი დახნული იქნა. ამჟამად გზას არ ხსნიან, რის გამოც იგი ვერ უკავშირდება ცენტრალური გზიდან თავის ნაკვეთს.

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ მოპასუხე მ. ს-ე ანგრევს საერთო სარგებლობის გზას და ავიწროვებს მას. ღ. ს-ის თანხმობით ჩხარის საკრებულოს კუთვნილი მიწა გამოყენებული აქვს ნაგავსაყრელად, პირუტყვის დასაბმელად და გამოსაკვებად, საიდანაც ფრინველი გადადის “ლაშატყის” მთელ ფართობზე და აზიანებს მის ნაკვეთში ვენახს და ნათესებს.

აღიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ სკ-ს 177-ე და 180-ე მუხლების შესაბამისად მოითხოვა: გახსნილი და აღდგენილ იქნეს წყალსაწრეტი არხი მოპასუხეების ა. და ჯ. ს-ეების მიერ; არხის აღდგენისას მოპასუხეების მხრიდან დაცული იქნეს არხის მოწყობის აგროტექნიკური და ტექნიკური პარამეტრები; მოპასუხეების ჯ. და მ. ს-ეების მიერ აღდგენილ იქნეს საპლანტაჟე ნაკვეთამდე მისასვლელი შიდა საპლანტაჟე გზა; მოპასუხე მ. ს-ეს აეკრძალოს თვითნებურად ფრინველების გამოყვანა ჩხარის ტერიტორიაზე.

მოპასუხეებმა და მესამე პირმა სარჩელი არ ცნეს.

თერჯოლის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

მოპასუხე ა. ს-ეს დაევალა გახსნას და მხარეთა მიერ აღდგენილ იქნას მოსარჩელისა და ა. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებს შორის გამავალ საზღვარზე წყალსაწრეტი არხი.

მოპასუხე ჯ. ს-ეს დაევალა გახსნას მისი და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებს შორის გამავალი საცალფეხო გზა.

მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხეების მ. ს-ის და ჯ. ს-ის მიმართ სავენახე-საპლანტაჟე ფართობში მისასვლელი საპლანტაჟე გზის გახსნისა და მოპასუხე ჯამბულ ს-ის მიმართ წყალსაწრეტი არხის გახსნაზე უსაფუძვლობის გამო:

მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე მოპასუხე მ. ს-ის მიმართ ჩხარის ტერიტორიაზე ფრინველების გამოშვების აკრძალვის შესახებ უსაფუძვლობის გამო:

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ი. ს-ის სარჩელი მოპასუხეების მ. და ჯ. ს-ეების მიმართ სავენახე-საპლანტაჟე ფართობში მისასვლელი გზის გახსნისა და მოპასუხე ჯ.ს-ის მიმართ წყალსაწრეტი არხის გახსნაზე, ასევე მ. ს-ის მიმართ ჩხარის ტერიტორიაზე ფრინველების გამოშვების აკრძალვის შესახებ დაკმაყოფილდა.

მოპასუხეების საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატამ 2002წ. 23 ივლისის განჩინებით გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განხილულ იქნა არსებითად.

ჩხარის საკრებულოს ცნობით, მოპასუხეების განმარტების და ადგილის დათვალიერების ოქმის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ჩხარის ე.წ “ლაშიტყის” ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელები ნაკვეთებში მისასვლელად სარგებლობენ სასოფლო გზით, რომელიც გადის ნაკვეთის თავზე.

მიწის სარეგისტრაციო მოწმობების მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეებს მიზომილი აქვთ ნაკვეთები, რომელიც წარმოადგენს მათ საკუთრებას და მათ ნაკვეთებზე შიდა ოთხმეტრიანი გზა დაფიქსირებული არ არის. ნაკვეთებს თავსა და ბოლოში გასდევთ ცენტრალური და სასოფლო საუბნო გზა.

სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნა ჯ. და მ. ს-ეების მიმართ მიიჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან მოსარჩელეს ჰქონდა აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. მასვე შეეძლო ესარგებლა ნაკვეთების ბოლოში გამავალი საუბნო გზით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართობებზე ვენახი აღარ არის გაშენებული და ამ ნაკვეთებს მხარეები იყენებდნენ თავიანთი შეხედულებისამებრ ერთწლიანი ...-ების მოსაყვანად. სავენახე-საპლანტაჟე გზის არსებობამ დაკარგა თავისი ფუნქცია, რის გამოც ისინი გაუქმებულ იქნა.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს მოთხოვნაზე ჯ. ს-ის ნაკვეთში თავისი ფართობის ნაწრეტი წყლის გატარების შესახებ. პალატამ ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელის ნაკვეთი დაქანებულია ისეთი მიმართულებით, რომ შეუძლია საკუთარ მიწაზე გაჭრას წყალსაწრეტი არხი და გაატაროს წყალი.

სააპელაციო პალატამ დაუდასტურებლობის მოტივით ასევე უსაფუძვლოდ ცნო მოსარჩელის მოთხოვნა მ. ს-ის მიმართ ჩხარის ტერიტორიაზე ფრინველების გამოშვების აკრძალვის შესახებ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ს 102-ე მუხლი და 2002წ. 23 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად უცვლელად დარჩა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს მის გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააუქმა მის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორი მიუთითებს, რომ მისთვის უცნობია ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია პოლიციას, საკრებულოს, მიწის მართვას და პირადად მას;

სასამართლომ არ გამოითხოვა და არ განიხილა პოლიციაში არსებული მასალები ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც საფუძველი გახდა ამ საქმის სასამართლოში განხილვისა.

სასამართლომ არ მისცა შეფასება მის მიერ წარდგენილ რუკას, თარგის, სქემის, ოსტის-გოსტის ტექნიკური პარამეტრების დადგენას; მოპოვებულ სარეგისტრაციო მოწმობებზე შესრულებული სამუშაოების ანალიზს, რაც არაპროფესიონალურად არის შესრულებული.

სოფ. ჩხარის საკრებულომ და მიწის მართვის სამსახურმა დამალეს ფოტოგრაფიული რუკა.

კასატორი ასევე სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 170-ე მუხლის I პუნქტის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისი ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები.

სკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მიწას არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის მდგომარეობა. თუ სახეზეა 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეს აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. მხარეთა ნაკვეთებს თავსა და ბოლოში გასდევთ ცენტრალური და სასოფლო საუბნო გზა.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს საკასაციო პალატა მიიჩნევს სავალდებულოდ.

კასატორის მოთხოვნა ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი საბუთები არაპროფესიონალურად არის შესრულებული ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.

სსკ-ს 121-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს ეცნობებათ ადგილზე დათვალიერების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს დათვალიერების ჩატარებას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ადგილზე დათვალიერების დრო და ადგილი და მოსარჩელეს შეეძლო მიეღო მონაწილეობა. მისი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებდა დათვალიერების ჩატარებას. ამასთან, ადგილზე დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი ი.მ-ე. დათვალიერებაში მონაწილე პირებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ და აღნიშნული ოქმი მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა.

აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ადგილის დათვალიერების ოქმის მიმართ. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიუღია პოლიციის, საკრებულოს და მიწის მართვის სამსახურის წარმომადგენელს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ს 122-ე მუხლის თანახმად ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე და კასატორის მიერ მითითებული პირების მოწვევას კანონი არ ითვალისწინებს. სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ შეუძლია მოიწვიოს სპეციალისტი (სსკ-ს 123-ე მუხლი). ამდენად, კასატორის მიერ მითითებული პრეტენზია ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორეს.

ვერ იქნება გაზიარებული ასევე კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გამოითხოვა პოლიციაში არსებული მასალები, რადგან სსკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოსარჩელეს თავად უნდა წარედგინა მტკიცებულებები ან განეცხადებინა შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, რაც არ გააკეთა.

კასატორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლომ უკანონოდ გააუქმა ამ საქმეზე მის სასარგებლოდ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთან ვერ მიუთითებს, თუ რაში გამოიხატა უკანონობა. დადგენილია, რომ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეები არ იყვნენ მოწვეული სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რაც ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნული საფუძვლით მართებულად გააუქმა 2002წ. 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების გარეშეა დადგენილი მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საკასაციო პალატა სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სავალდებულოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, ასეთ ვითარებაში კი მოპასუხეებს არ წარმოეშობათ ვალდებულება ითმინონ მათი ნაკვეთების გამოყენება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.