გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1302-02 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ძირითად სარჩელში – 2800 აშშ დოლარის დაბრუნება სარგებლით. M მოპასუხეზე 7324 აშშ დოლარის დაკისრება. შეგებებულ სარჩელში – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 6154 აშშ დოლარის ოდენობით.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისში ... მდებარე სახლის ნაწილი, რომელიც შედგება 41,65 კვ. მეტრი საერთო ფართის სამი საცხოვრებელი ოთახისა და 18.40 კვ. მეტრი დამხმარე სათავსოსაგან, ირიცხებოდა ს. ლ-ის სახელზე.
1997წ. თებერვალში გარდაიცვალა ს. ლ-ე.
1998წ. 17 დეკემბერს გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღნიშნული სახლის ნაწილის მესაკუთრე გახდა ს. ლ-ის შვილი ჰ. ლ-ე.
1998წ. 18 დეკემბერს ჰ. ლ-ესა და თ. კ-ეს შორის დაიდო შინაურული გარიგება ჰ. ლ-ის მიერ მემკვიდრეობით მიღებული ბინის 5000 აშშ დოლარად გასხვისების თაობაზე. თ. კ-ემ გადაიხადა 2800 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო 1999წ. 1 ივლისამდე.
2000წ. მარტში თ. კ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ჰ. ლ-ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობას. 2800 აშშ დოლარის დაბრუნებისა და შესაბამისი სარგებლის პროცენტის სახით დაკისრების შესახებ.
2000წ. 11 ივნისს თ. კ-ე გარდაიცვალა. გარდაცვლილის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებული იქნა მეუღლე ნ. კ-ე.
ჰ. ლ-ემ და მისმა მეუღლემ ი. ნ-ემ ნ. კ-ის მიმართ აღძრული შეგებებული სარჩელით გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება 4649 აშშ დოლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით თ. კ-ის უფლებამონაცვლის ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მხარეთა შორის 1998წ. 18 დეკემბერს ფორმის დაუცველად დადებული ნასყიდობის გარიგება ცნობილი იქნა ბათილად. ჰ. ლ-ეს და ი. ნ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2800 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა. ჰ. ლ-ეს და ი. ნ-ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰ. ლ-ემ და ი. ნ-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, იმ საფუძვლით, რომ ფორმის დაუცველობა არ წარმოადგენდა გარიგების ბათილობის საფუძველს; ბეს სახით მიცემული 2800 აშშ დოლარი არ უნდა ყოფილიყო დაბრუნებული, რადგან მოსარჩელეს არ შეუსრულებია გარიგებით ნაკისრი ვალდებულება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. ნ-ემ, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ჰ. ლ-ე და ი. ნ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვის დროს ი. ნ-ე იყო მძიმე მწოლიარე ავადმყოფი, რაც წარმოადგენდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ი. ნ-ემ 2002წ. 11 ივლისს ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეტანილი განცხადებით მძიმე ავადმყოფობის გამო ითხოვა 2002წ. 12 ივლისს დანიშნული სასამართლო პროცესის გადადება. განცხადებაზე დართული იყო ქ. წყალტუბოს შპს .. ..-ის მიერ 2002წ. 10 ივლისს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ავადმყოფ ი. ნ-ეს ქრონიკული პოლიათრიტის გამწვავების გამო ჰქონდა ფეხზე დგომისა და სიარულის მკვეთრი მოშლილობა, იყო მწოლიარე და საჭიროებდა მომვლელს.
იმავე სამედიცინო დაწესებულების 2002წ. 30 ივლისის ცნობის თანახმად ი. ნ-ე ნამდვილად იყო ავად 2002წ. 10 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, რომელიც მკურნალობდა ამბულატორულად და ესაჭიროებოდა მომვლელი.
სსკ-ს 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ) პუნქტის შესაბამისად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
თუ 2002წ. 12 ივლისს ი. ნ-ე იყო ისეთი მძიმე მწოლიარე ავადმყოფი, რომ ესაჭიროებოდა მომვლელი, იგი ვერ შეძლებდა სასამართლოში დროულად გამოცხადებას.
სააპელაციო პალატამ .. ..-დან გაცემული ცნობები არ მიიჩნია ი. ნ-ის ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად იმ საფუძვლით, რომ ეჭვს იწვევდა მათი უტყუარობა.
სსკ-ს 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოთა სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას დაარღვია კანონის მითითებული ნორმის მოთხოვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჰ. ლ-ის და ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.