¹3კ-1304-03 5 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 19 სექტემბერს ლ. ს-მა ი. ა-ისგან ისესხა 3080 აშშ დოლარი 6 თვის ვადით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ი. ა-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ლ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის ძირითადი ვალის – 3080 აშშ დოლარის, ზარალის – 600 აშშ დოლარის და სასამართლო ხარჯების 320 ლარის დაკისრება.
საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ უარი თქვა ზარალის – 600 აშშ დოლარის მოთხოვნაზე.
ლ. ს-ის წარმომადგენელმა თ. ს-მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელმა მოსარჩელესგან ისესხა 2000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით ყოველთვიური 9% დარიცხვით და უხდიდა პროცენტის სახით თვეში 180 აშშ დოლარს. 2001წ. მაისში ძირითადი თანხიდან გადაუხადა 200 აშშ დოლარი, მაგრამ მეტის გადახდა ვერ შეძლო. გადასახდელი დარჩა 1800 აშშ დოლარი, რომლის გადახდას აპირებს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ს-ს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3080 აშშ დოლარის და სასამართლო ხარჯების _ 320 ლარის _ გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 361-ე, 261-ე, 623-ე მუხლები და სსკ-ს 53-ე მუხლი.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მა და მოითხოვა მისი გაუქმება. ასევე მოითხოვა, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ ხელშეკრულებაში ნოტარიუსმა 2000 აშშ დოლარის (ყოველთვიური 9%-ის დარიცხვით) ნაცვლად დააფიქსირა მთლიანი თანხა – 3080 აშშ დოლარი პროცენტის გარეშე. რაც შეეხება 600 აშშ დოლარს, რომლის გადახდაზეც მოსარჩელემ უარი თქვა, აპელანტმა მიუთითა, რომ იგი არის გადაუხდელი პროცენტის თანხა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. აპელანტს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 184 ლარის გადახდა.
ლ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ ლ. ს-მა ი. ა-ისგან ისესხა 2000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიური 9%-ის დარიცხვით და 2001წ. მარტის ჩათვლით კრედიტორისთვის გადახდილი აქვს პროცენტის სახით 1080 აშშ დოლარი, ხოლო 2001წ. მაისში – 200 აშშ დოლარი. ე.ი. გადასახდელი დარჩა 1800 აშშ დოლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ ლ. ს-მა ი. ა-ისგან ისესხა 2000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით 9% დარიცხვით და აღნიშნული თანხიდან პროცენტის სახით გადახდილი აქვს 1280 აშშ დოლარი, ხოლო 1800 აშშ დოლარი გადასახდელი დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებით ი. ა-მა ლ. ს-ს 2000წ. 19 სექტემბერს 6 თვის ვადით უპროცენტოდ ასესხა 3080 აშშ დოლარი. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ლ. ს-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კრედიტორთან ზეპირად შეთანხმდა პროცენტიან სესხზე (2000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით 9% სარგებლით) და ეს ფაქტი დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ახსნა-განმარტებებით. სკ-ს 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმითაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება დადებულია რთული სანოტარო ფორმით და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის საცხოვრებელი ბინა.
პალატა განმარტავს, რომ სესხთან დაკავშირებით დავის განხილვისას იმ გარემოების უსწორობა, რაც წერილობითი ფორმის ხელშეკრულებაშია მითითებული, არ შეიძლება დადგენილი იქნეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
ამდენად, სსკ-ს 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგან მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.