Facebook Twitter

საქმე # 330100122005663677

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№572აპ-23 ქ. თბილისი

კ–ი დ., 572აპ-23 17 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მსჯავრდებულის მტკიცება, რომ მის ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ იკვეთებოდა, რამეთუ თავადაც დაუდგენელი პირის თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის საუარესოდ გადაწყდა, ხოლო, მეორე მხრივ, დ. კ–ს მსჯავრდება არ ეფუძნება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენით დ. კ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და დ. კ–ს საბოლოოდ მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ–მა ჩაიდინა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, არაერთგზის; ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა დ. კ–მა კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ, დ. კ–სმა განიზრახა ი–ს ი–ი რესპუბლიკის მოქალაქე ა. ხ–სის კუთვნილი, ქ. თ–ში, ს. დ–ში, ..........ის ქ. №..-ში არსებული, 991 კვმ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით №..............) თაღლითურად დაუფლება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2022 წლის 9 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს .........ის იუსტიციის სახლში დ. კ–სმა წარადგინა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დამზადებული, 2018 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული, თითქოსდა, ქ. ბ–ში მოქმედი ნოტარიუსის - რ. ქ. ა. ო–ს მიერ გაცემული, ა–ლ ენაზე შედგენილი, ყალბი მინდობილობის დედანი, რომლის მიხედვით, ი–ს ი–ი რესპუბლიკის მოქალაქე ა. ხ–სი დ. კ–სს თითქოსდა, 5 წლით ანიჭებდა უფლებამოსილებას განეკარგა, მათ შორის - გაესხვისებინა ქ. თ–ში, ს. დ–ში, მის საკუთრებაში არსებული - 991 კვმ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით №...........). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დ. კ–სმა ასევე წარადგინა 2022 წლის 9 თებერვლით დათარიღებული, მის მიერვე დამზადებული, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თითქოსდა, ა. ხ–მა თავისი წარმომადგენლის - დ. კ–ს მეშვეობით მიჰყიდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება თავად დ. კ–სს - 100 000 აშშ დოლარად. ყალბი მინდობილობისა და დ. კ–ს სახელზე შედგენილი ნასყიდობის ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე დღეს - 2022 წლის 9 თებერვალს ქ. თ–ში, ს. დ–ში, კ–ის ქ. № ..-ში არსებული - 991 კვმ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით № ...........) დარეგისტრირდა დ. კ–სის სახელზე, რითაც ა. ხ–სს მიადგა - 303 840 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები, in dubio pro reo-პრინციპის საპირისპიროდ, მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია დ. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ა. ხ–ს, ნ. მ–ს, გ. ი–ს, მ. ჭ–ისა და თ. ხ–ს ჩვენებებით, ასევე - 2018 წლის 19 დეკემბრის მინდობილობით, საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც ამომწურავად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დ. კ–ს მტკიცება, რომ იგი თავადაც თაღლითობის მსხვერპლი იყო, რაც მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობას გამორიცხავდა, რადგან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, კერძოდ: 2022 წლის 9 თებერვალს დ. კ–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა 2018 წლის 19 დეკემბერს ქ. ბ–ში გაცემული მინდობილობა, რომლის მიხედვით, დაზარალებულმა ა. ხ–სმა მიანიჭა დ. კ–სს უფლებამოსილება - მართოს, განკარგოს, იპოთეკით დატვირთოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, თავის სახელზე გადაფორმების უფლებით დადოს შეთანხმებები და ხელშეკრულებები ქ. თ–ში, ს. დ–ში მდებარე ა. ხ–სის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით; იმავდროულად, დ. კ–მა, როგორც ა. ხ–სის წარმომადგენელმა, საჯარო რეესტრის სააგენტოში ასევე წარადგინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და ითხოვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების თავის სახელზე რეგისტრაცია, მაშინ, როდესაც დაზარალებულ ა. ხ–სის ჩვენებით უპირობოდ დადგენილია, რომ იგი დ. კ–ს საერთოდ არ იცნობდა და მისთვის მინდობილობა მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით არასდროს მიუცია. მეტიც, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ა–ში, სადაც თითქოსდა, გაიცა ზემოაღნიშნული მინდობილობა, ბოლოს დაახლოებით ათი წლის წინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა, რაც უპირობოდ დადგინდა ასევე - გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ნ. კ–ს ჩვენებით; მოწმეების - ნ. მ–ს, გ. ი–სა და მ.ჭ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ დ. კ–მა სადავო მიწის ნაკვეთი, თვითღირებულებაზე ბევრად იაფად - 33 000 აშშ დოლარად, მიჰყიდა ნ. მ–ს, რომელსაც ისე გაეცნო, როგორც ქონების მესაკუთრე, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. კ–ს მსჯავრდება კანონიერი და სამართლიანია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი