Facebook Twitter

¹3კ-1308-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ...... მდებარე ¹71 სამოთახიანი პრივატიზებული ბინა ირიცხებოდა გ. დ-ის ქალიშვილის ქ. დ-ის სახელზე.

ქ. დ-მა 2000წ. 17 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული ბინა გაასხვისა ი. ზ-ეზე.

შემდგომში გ. დ-მა უარი განაცხადა გაყიდული ბინის გამონთავისუფლებაზე იმ საფუძვლით, რომ შვილმა არ შეასრულა მისთვის სამაგიერო ბინის შეძენის თაობაზე მიცემული პირობა.

2001წ. 21 იანვარს ი. ზ-ე ქ. დ-ისა და მეზობლების თანდასწრებით შესახლდა აღნიშნულ ბინაში.

ქ. დ-მა ი. ზ-ის მიერ ბინის დაკავებამდე მეზობლებთან ერთად მოახდინა ბინაში არსებული ნივთების აღწერა და შეინახა ისინი ერთ ოთახში. აღწერის პროცესში რაიმე თანხა არ ყოფილა დაფიქსირებული.

გ. დ-მა მის ბინაში ი. ზ-ის შეჭრისა და 2100 ლარის დაკარგვის თაობაზე საჩივრით მიმართა პოლიციის განყოფილებას.

2001წ. აგვისტოში გ. დ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ი. ზ-ის მიმართ 2100 ლარის დაკისრების შესახებ.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა იმ საფუძვლით, რომ ბინაში თვითნებურად შესახლებულ ი. ზ-ეს უნდა დაკისრებოდა სადავო თანხის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

გ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 317-ე მუხლი, ჩათვალა, რომ მოპასუხეს არ წარმოეშვა დაკარგული თანხის გადახდის ვალდებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...... მდებარე სამოთახიანი ბინა ი. ზ-ემ შეიძინა 2000წ. 17 ივლისს მესაკუთრე ქ. დ-ისაგან. ბინის გასხვისებაზე გ. დ-ს მიცემული აქვს თანხმობა.

ი. ზ-ე მის მიერ შეძენილ ბინაში შეასახლა ყოფილმა მესაკუთრემ ქ. დ-მა მეზობლების თანდასწრებით.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ი. ზ-ის მიერ ბინის თვითნებურად დაკავებას.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არ დასტურდება ი. ზ-ის ბინაში შესახლებისას გ. დ-ის კუთვნილი 2100 ლარის დაკარგვის ფაქტი.

სსკ-ს 407-ე მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გ. დ-ის მიერ არ არის წამოყენებული.

სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა კანონი. სკ-ს 317-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ი. ზ-ეს ვალდებულება გ. დ-ის მიმართ არ წარმოშობია კანონით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.