Facebook Twitter

საქმე # 330100122006560429

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№581აპ-23 ქ. თბილისი

ი-ი ვ., 581აპ-23 24 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მა, რომელიც ითხოვს, ვ. ი–ს შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით და დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 4000 ლარი, რადგან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში არ იკვეთება ოჯახური დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა, ამასთა - გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიცია, რომელიც ემხრობა ვ. ი–სათვის სასჯელის შემსუბუქებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენით ვ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ვ. ი–ს მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ი–მა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის განაჩენით ვ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

3.2. 2022 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, თ–ში, .........ს ქუჩა, ....... შესასვლელი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ვ. ი–მა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - მ. გ–ს არასრულწლოვანი შვილების - ა. და ს. ი–ების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, მოქაჩა თმა და სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა ხელებსა და ფეხებს. ვ. ი–ს ქმედებების შედეგად მ. გ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3.3. 2022 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, თ–ში, .........ს ქუჩა, ....... შესასვლელი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, ვ. ი–ი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - მ. გ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ, დანაშაულის გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გაეროს ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ქალთა დისკრიმინაცია განიმარტება როგორც ,,... ნებისმიერი განსხვავება, გამიჯვნა ან შეზღუდვა, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა“, ხოლო ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის“ მიერ დადგენილია, რომ ,,სქესზე დაფუძნებული ძალადობა წარმოადგენს დისკრიმინაციის ფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალთა უნარს ისარგებლონ უფლებებითა და თავისუფლებებით მამაკაცებთან თანასწორ საწყისებზე“.

9. კასატორის - დაცვის მხარის მტკიცებასთან მიმართებით, რომ ვ. ი–ს ქმედებაში არ არის გამოკვეთილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ვ. ი–ის მიერ დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა, კერძოდ, დადგენილია, რომ მ. გ–სზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განაპირობა სწორედ მეუღლეებს შორის გენდერულ თანასწორობასთან მიმართებით ვ. ი–ის სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ, რომელიც, მისი აღქმით, ანიჭებდა უფლებას, გაეკონტროლებინა მ. გ–ს კონკრეტული ქცევა, მაგალითად, სოციალურ ქსელში ფოტოსურათის განთავსება ან კორპორატიულ წვეულებაზე წასვლა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული; დიდწილად უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადა მ. გ–სზე; პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ამავე კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესის (დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, ვ. ი–ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქებას არ აქვს კანონიერი გამართლება. ამასთან, დაზარალებულთან შერიგება, რაც მხოლოდ ოჯახის მოძალადე წევრის მიმართ მის ლმობიერ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, უპირობოდ ვერ დაედება საფუძვლად ვ. ი–ის სასჯელის შემსუბუქებას, რადგან დაზარალებულის პოზიცია ვერ გადაწონის ახალი დანაშაულის ჩადენის რეალურ საფრთხეს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის დაცვას, არ ემსახურება აღდგენით მართლმსაჯულებასა და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგების რეალურად გაცნობიერებას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ი–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი