საქმე # 330100122006563320
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №586აპ-23 ქ. თბილისი
ქ-ი რ, 586აპ-23 26 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ რ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენით:
1.1. რ. ქ-ი, - დაბადებული ... წლის .... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და რ. ქ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ქ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. ქ-ი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს, მოიქცეს მისთვის სასურველად, არ შეეპასუხოს და ყველაფერი გააკეთოს ისე, როგორც მას სურს. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის აგვისტოში, საღამოს საათებში, თ-ში, მ-ის დასახელებაში, მე-... მ/რ-ნის №... კორპუსის ბინა №...-ში რ. ქ-მა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ქ-ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა მარჯვენა მხარზე ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, რ. ქ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რ. ქ-ი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი, მას ქალი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს, მოიქცეს მისთვის სასურველად, არ შეეპასუხოს და ყველაფერი გააკეთოს ისე, როგორც მას სურს. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის 20 ოქტომბერს, დილის საათებში, თ-ში, მ-ის დასახელებაში, მე-... მ/რ-ნის №... კორპუსის ბინა №...-ში რ. ქ-მა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ქ-ს, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი შუბლის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. რ. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.
4.1. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ რ. ქ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებით, დაზარალებულ მ. ქ-სა და მოწმეების - ა. ქ-ის, თ. ქ-ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ დავით ხვედელიძისა და ადვოკატ კ. მ-ის პოზიციებს მსჯავრდებულ რ. ქ-ის შეფარდებული სასჯელის უკანონობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
8. სასჯელის სამართლიანობა ვლინდება შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის გამოსადეგობასა და პროპორციულობაში მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან მიმართებით. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
9. დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვარს.
10. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი.
11. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია სააპელაციო სასამართლომ სასჯელი ერთი მხრივ, განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლზე მითითებით (დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით), რაც სასჯელის უპირობოდ დამძიმების საფუძველია, ხოლო, მეორე მხრივ, შეფარდებული სასჯელები მსჯავრად შერაცხული დანაშაულების სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებსა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.
12. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულ რ. ქ-ის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის, როგორც თანაზომიერი სასჯელის მიზანშეწონილობის შესახებ. საქმეში არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა რ. ქ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება - მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ჩადენილი დანაშაულებისათვის რ. ქ-ს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა შემდეგ სასჯელის ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად. პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს აზრით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძისა და მსჯავრდებულ რ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე