Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1314-02 28 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: სესხის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა სესხის დაუბრუნებლობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებდა იმით, რომ მან მოპასუხეს ერთობლივი ბიზნესის საწარმოებლად გადასცა 1100 აშშ დოლარი, რომლითაც შეიძინეს 3 ტონა თევზი შემდგომი რეალიზაციის და მოგების განაწილების მიზნით. შეძენილი თევზი გაფუჭდა, რის გამოც მოპასუხისაგან სესხად გადაცემული თანხა ვერ მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით მოპასუხესთან ჰქონდა დავა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. საქმე საბოლოოდ მორიგებით დამთავრდა. სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე არ ცხადდებოდა სასამართლოში, რამდენიმე გადაწყვეტილება შეიცვალა მის საწინააღმდეგოდ, რის გამოც მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. სამედიცინო დახმარებისათვის რამდენჯერმე მიმართა ექიმს, შეიძინა წამლები, რის გამოც გასწია გარკვეული ხარჯები. სასამართლო განხილვების გამო რამდენიმე წელია ცხოვრობს ქირით ქ. ბათუმში. მოსარჩელის მოსაზრებით ბინის ქირის თანხაც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს. მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხემ ასეთი ქმედებების გამო უნდა აუნაზღაუროს ასევე მორალური ზიანი. მოსარჩელემ ვალის დაგვიანებით დაბრუნების გამო საბოლოოდ მოითხოვა 3434 აშშ დოლარის და 2856 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დავა მათ შორის მორიგებით დასრულდა. თანხა მის მიერ დაბრუნებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის დავა 2000წ. 28 ნოემბრის განჩინებით შეწყდა მხარეთა მორიგების გამო. ამასთან, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები სარჩელში მითითებული ხარჯების შესახებ. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოსარჩელემ განაცხადა შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სააპელაციო პალატამ სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც 2002წ. 17 სექტემბრის განჩინებით უარი ეთქვა მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვტეილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს მის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო პალატას უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

მითითებული ნორმის თანახმად სარჩელში მითითებული გარემოებები უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ დამტკიცებულად ჩათვლილ გარემოებებს კანონი უნდა უკავშირებდეს სასარჩელო მოთხოვნას.

მოცემულ საქმეზე მოდავე მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე დავა სასამართლოს განჩინებით შეწყდა წარმოებით მხარეთა მორიგების გამო. მოსარჩელე მოითხოვს ვალის დაუბრუნებლობით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

სამოქალაქო კოდექსის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს ვალის დაუბრუნებლობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას. ამდენად კანონით არ არის განსაზღვრული მორალური ზიანის ანაზღაურება ვალის დაუბრუნებლობის გამო. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა არ უკავშირდება კანონს ე.ი მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თანხა მოპასუხეს გადასცა ერთობლივი ბიზნესის საწარმოებლად და მოითხოვა ვალის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, სარჩელში მითითებული გარემოება იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამტკიცებულად ითვლება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა გადასცა ერთობლივი საქმიანობის საწარმოებლად. ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ურთიერთობები რეგულირდება სკ-ს 930-940-ე მუხლებით, ხოლო სესხის ხელშეკრულებით 623-628-ე მუხლებით.

სარჩელში მითითებულ გარემოებას (ერთობლივი საქმიანობა) კანონი არ უკავშირებს სასარჩელო მოთხოვნას (სესხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანი). აქედან გამომდინარე სარჩელში მითითებული გარემოება იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 17 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.