¹ 3კ-1315-02 4 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მოპასუხის სადავო ბინიდან გამოსახლება (სარჩელში); სამკვიდრო მოწმობების, ქ. ბათუმის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ 1997წ. 30 ივლისს გაცემული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის ბათილად და მოპასუხის სადავო სახლზე ერთადერთ მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. და ქ. ყ-ი-ოღლებმა, ნ. ო-მა და ყ. ჯ-დ ყ. ძემ 2001წ. 16 იანვარს სარჩელით მიმართეს სასამართლოს ს. ყ-ი-ოღლის, რ. ჩ-ის, მ. გ-ისა და სხვათა მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმში, ...... მდებარე მათ საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლება და თავისუფალ მდგომარეობაში მათთვის გადაცემა. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ მათ კანონის მოთხოვნათა დაცვით მიიღეს სამკვიდრო მოწმობები, რომელთა საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მათ სახელზე გამოწერილ იქნა სადავო სახლის ტექნიკური პასპორტი წილთა შესაბამისად; ისინი რეგისტრირებულნი არიან მესაკუთრეებად, რის გამოც სრული უფლება გააჩნიათ მოითხოვონ მოპასუხის გამოსახლება.
მოპასუხე ს. ყ-ი-ოღლიმ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელეთა სახელზე გამოწერილი სამკვიდრო მოწმობებისა და ტექნიკური პასპორტის გაუქმება, სადავო ქონების ერთადერთ მემკვიდრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ სამკვიდრო მოწმობები მოსარჩელეებზე გაცემულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რითაც დაირღვა სამკვიდროს მიღებისთვის დადგენილი 6 თვიანი ვადა. აქედან გამომდინარე, ტექნიკური პასპორტიც უკანონოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის განჩინებით ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი მოსარჩელეების მოთხოვნა მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან ს. ყ-ი-ოღლის გამოსახლების შესახებ და ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელი.
ამავე სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. და ქ. ყ-ი ოღლების, ნ. ო-ისა და ყ. ჯ-დ ყ. ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ს. ყ-ი-ოღლი გამოსახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ..... მდებარე სახლის იმ ნაწილიდან, რაც აღემატება მის სამემკვიდრეო წილს, ანუ მთელი სახლის 11/23-ის¼1/4 ნაწილს. ს. ყ-ი-ოღლის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: იგი ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ მემკვიდრედ აწ გარდაცვლილ ხ. ყ-ი-ოღლის სახელზე რიცხული 11/23 ნაწილის 1/4 ნაწილზე; შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა სადავო საცხოვრებელი სახლის ერთადერთ მემკვიდრედ ცნობის, მოსარჩელეთა სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების და სახლის ტექნიკური პასპორტის გაუქმების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის განჩინებით აპელანტების ი. და ქ. ყ-ი-ოღლების, ნ. ო-ისა და ყ. ჯ-დ ყ. ძის, ასევე ს. ყ-ი-ოღლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1932წ. 16 ოქტომბერს ძმებმა ხ. და ყ. ყ-ი-ოღლებმა შეიძინეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში, ამჟამად ....., რომელიც იმთავითვე ძმების საკუთრებად აღირიცხა. 1938 წელს ერთ-ერთი ძმა _ ყადირი _ საცხოვრებლად თურქეთის რესპუბლიკაში გადავიდა. ხ. ყ-ი-ოღლის კი ოთხი შვილი ჰყავდა შ., ი., ქ. და ნ. 1949 წელს ხ. ოჯახის წევრებთან ერთად პოლიტიკური მოტივით გადაასახლეს რსფსრ-ის ტომსკის ოლქში. აკრძალვის მიუხედავად, 1960 წელს შ. ყ-ი-ოღლი დაბრუნდა საქართველოში და 1962 წლიდან განაგრძო ცხოვრება სადავო სახლში. 1963 წელს გ. ლ-თან არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინათ შვილი – ს. ლ-ი (ამჟამად ს. ყ-ი–ოღლი). 1963წ. 27 ივნისს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სადავო სახლის 1/23 ნაწილი დავალიანების გამო ჩარიცხულ იქნა ბათუმის საქალაქო საბჭოს კომუნალურ ფონდში, ხოლო სახლის 22/23 ნაწილი თანაბარ წილად ირიცხებოდა ხ. და ყ. ყ-ი-ოღლების სახელზე. 1978 წელს თურქეთის რესპუბლიკაში გარდაიცვალა ყ. ყ-ი-ოღლი, რომელსაც დარჩა ერთი შვილი – ყ. ჯ-დ ყ. ძე, ხოლო მანამდე, 1964 წელს ტომსკის ოლქში გარდაიცვალა ხემიდი; 1984 წელს – ხ-ს მეუღლე ფატმა. 1985 წელს გარდაიცვალა შ. ყ-ი-ოღლიც, ხოლო სადავო სახლში ცხოვრობდნენ მისი არარეგისტრირებული მეუღლე გ. ლ-ი და შვილი – ს-ი. შ. ყ-ი-ოღლის წილი მამის სამკვიდროდან მთელი სახლთმფლობელობის 11/23 ნაწილის 1/4-ს შეადგენდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1992 წელს, ქ. ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით ს. ლ-ი აღიარებულ იქნა შ. ყ-ი-ოღლის შვილად და მიიღო მამის გვარი. ვინაიდან ხ. ყ-ი-ოღლი გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის ტომსკის ოლქში, მისმა მემკვიდრეებმა – ი-მ., ქ-მ და ნ-მ მემკვიდრეობის მისაღებად მიმართეს მამკვიდრებლის გარდაცვალების ადგილის მიხედვით, კერძოდ, ტომსკის ოლქის ს. კ-ას სანოტარო კანტორასა და 1997წ. 18 ივნისს მიიღეს სამკვიდრო მოწმობა სადავო სახლის 11/23 ნაწილზე, თითოეულმა თანაბარ წილად; ყ. ჯ-დ ყ. ძემ 2000წ. 25 ოქტომბერს მიიღო სამკვიდრო მოწმობა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნის სანოტარო კანტორაში სადავო სახლის 11/23 ნაწილზე. აღნიშნულ სამკვიდრო მოწმობათა საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის მიერ მოსარჩელეთა სახელზე გამოწერილ იქნა სახლის ტექნიკური პასპორტი კუთვნილ წილთა შესაბამისად.
განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 55-ე მუხლით, რსფსრ-ის 1969წ. სკ-ს 546-ე მუხლით, სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლებით.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ყ-ი-ოღლიმ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების, ასევე საქმეზე გამოტანილი 2002წ. 22 თებერვლის, 16 ივლისის და 24 ივლისის განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მინსკის 1994წ. კონვენცია, “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის მე-3-5, მე-9-10 მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი, საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის (1923 წ.) 428-ე, 430-ე მუხლები, 1964წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, 80-ე, 541-ე, 556-ე მუხლები, “ნოტარიატის საფუძვლების” შესახებ კანონის 70-ე, 72-ე მუხლები; სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის განხილვის, საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ს. ყ-ი-ოღლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დავა შეეხება სამკვიდრო ქონებას, რომელზეც გაცემულია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა რსფსრ-ის ტომსკის ოლქის კარგასოვის სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიერ და თურქეთის რესპუბლიკის ქ. სამსუნის პირველი სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ. მამკვიდრებელთაგან ყ. ყ-ი-ოღლი გარდაიცვალა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო ხ. ყ-ი-ოღლი – რსფსრ-ის ტერიტორიაზე.
სამკვიდრო ქონება იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელე ი. ყ-ი-ოღლი საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით. მითითებული კანონის 55-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეობითი ურთიერთობები წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც მამკვიდრებელი გარდაცვალებისას განეკუთვნებოდა. მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას ჰქონდა უკანასკნელი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამართალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, თუ რა სტატუსი გააჩნია მამკვიდრებელს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიყენა რსფსრ-ის და თურქეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კანონმდებლობა, რომ არ დაუდგენია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ მამკვიდრებლები. აღნიშნული ფაქტის დაუდგენლობის გარეშე შეუძლებელია სასამართლომ განსაზღვროს თუ რომელი ქვეყნის სამართლითაა შესაძლებელი დავის გადაწყვეტა.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სამკვიდრო ქონებაზე სამემკვიდრეო უფლების მოწმობები, გაცემული როგორც რსფსრ-ის, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მიერ, სასამართლოში წარდგენილია ასლის სახით. სსკ-ს 135-ე მუხლის თანახმად წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს დედნის სახით. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. სააპელაციო სასამართლომ ზემოთ მითითებულ სამემკვიდრეო მოწმობებს ისე მიანიჭა მტკიცებულების ძალა, რომ არ უმსჯელია თუ რა მიზეზთა გამო მიიჩნია სასამართლომ მხარის მიერ დედნის წარუდგენლობა საპატიოდ. მითუმეტეს, რომ მხარეს ეჭვი აქვს გამოთქმული აღნიშნულ მტკიცებულებათა სიყალბის თაობაზე იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ორივე მოწმობა რეგისტრირებულია რეესტრის ერთი და იგივე ნომრით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ მიუთითა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადგენილად ქ. და ი. ყ-ი-ოღლების მიერ მამის ქონების დაუფლების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. და ქ. ყ-ი-ოღლების, ნ. ო-ის, ყ. ჯ-დ ყ. ძის და ს. ყ-ი-ოღლების სააპელაციო საჩივრები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გარდა ზემოთ მითითებული განჩინებისა, უნდა გაუქმდეს ასევე საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ მიღებული სხვა განჩინებებიც, კერძოდ, 2002წ. 24 ივლისის განჩინებები თურქეთის რესპუბლიკიდან Yყ. ჟ-დ ყ. ძის სამემკვიდრეო საქმის გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ დაუსაბუთებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია საქმისათვის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, რომ არ გაითვალისწინა სსკ-ს 135-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა სსკ-ს 136-ე მუხლის მოთხოვნები და რეაგირება არ მოახდინა მხარის განცხადებაზე საბუთის სიყალბის შესახებ. სასამართლოს მიღებული განჩინებით შუამდგომლობა დაერთო საქმეს. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს არ განუხილავს, რის გამოც სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს მითითებულ საკითხებზე.
რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 22 თებერვალს განჩინების გაუქმების თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის სამემკვიდრეო კანონის გამოთხოვის შესახებ, აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საქმეზე უკვე გამოთხოვილია აღნიშნული კანონი, რომელიც ერთვის საქმეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან კანონმდებლობა არ კრძალავს დავალების გადანდობას მესამე პირისათვის. სკ-ს 711-ე მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება სასამართლოს მიერ თურქეთის რესპუბლიკის საერთაშორისო კერძო სამართალის გამოთხოვას, რის დაკმაყოფილებაზეც მხარეს უარი ეთქვა 2002წ. 24 ივლისის განჩინებით, სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგინდება, თუ რომელი ქვეყნის კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს სადავო ურთიერთობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ყ-ი-ოღლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის განჩინება და 2002წ. 24 ივლისის განჩინებები თურქეთის რესპუბლიკიდან სამემკვიდრეო საქმის გამოთხოვისა და საბუთის სიყალბის თაობაზე მხარის განცხადებასთან დაკავშირებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 თებერვლის, 16 ივლისის განჩინებები, ასევე 2002წ. 24 ივლისის განჩინება თურქეთის საერთაშორისო კერძო სამართლის გამოთხოვის თაობაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.