Facebook Twitter

საქმე # 190100122005575632

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№398აპ-23 11 ივლისი, 2023 წელი

ც-ე ჯ, 398აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

1.1. 2022 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, რ-ი, ნ. გ-ის ქუჩის №--ში, ჯ. ც-ემ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, არასრულწლოვანი შვილების - 2015 წელს დაბადებული ი. ც-ის, 2016 წელს დაბადებული ზ. ნ-ს, 2021 წელს დაბადებული მ. ც-ისა და დის შვილის, 2015 წელს დაბადებული დ. ც-ის თანდასწრებით, იძალადა დის - თ. ც-ის, მეუღლის - ხ. ნ-ას, ბებიის - ც. ც-ის მიმართ, კერძოდ, თ. ც-ის საყვედურზე, რატომ სცემა შვილს, ჯ. ც-ემ ვაზა ესროლა მას, რომელიც მოხვდა კედელს. ასევე ნივთები გადმოყარა სახლში, მუშტი ჩაარტყა თავის არეში თ. ც-ეს, რა დროსაც თ. ც-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და შვილთან ერთად გაიქცა სახლიდან; ყელზე მოუჭირა ხელი ბებიას, ც. ც-ეს, რა დროსაც ც. ც-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე მეუღლეს, ხ. ნ-ას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, დანა დაუსვა სახის არეში, უქნევდა დანას სახის არეში დასარტყმელად, რომელიც ხ. ნ-ას მოხვდა სახეზე აფარებული ხელების არეში. აღნიშნული ქმედებებით ფიზიკური ტკივილი განიცადა ხ. ნ-ამ და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

1.2. 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით, რ-ი, ნ. გ-ის ქ. №--ში, ჯ. ც-ე გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტირების მიზნით, უმიზეზოდ, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, ხ. ნ--ას, ხოლო 2021 წლის დაახლოებით სექტემბერში, ჯ. ც-ემ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტირების მიზნით, სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო იძალადა ორსული მეუღლის, ხ. ნ-ას მიმართ, კერძოდ, მუშტი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც ხ. ნ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და წამოუვიდა სისხლი.

1.3. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, რ-ი, ნ. გ-ის ქ. №--ში, ჯ. ც-ემ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტირების მიზნით, იძალადა არასრულწლოვანი შვილის, ლ. ც-ის მიმართ, რის გამოც უსაყვედურა მეუღლემ, ხ. ნ--ამ. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ჯ. ც-ემ თმაში დაქაჩა ხ. ნ-ას და მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რა დროსაც ხ. ნ--ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2022 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, რ-ი, ნ. გ-ის ქ. №----ში, ჯ. ც-ემ არასრულწლოვან შვილს, 2015 წელს დაბადებულ ი. ც-ეს უთხრა, რომ - ნუ იდგა ყვავილთან და ესროლა სათამაშო, რომელიც მოარტყა მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც ი. ც-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს განაჩენით:

ჯ. ც-ე, - დაბადებული --- წლის 7 ივნისს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის იანვარი - 2022 წლის იანვრის პერიოდი, 2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

ჯ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ ჯ. ც-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 4 თებერვლიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენით:

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ ჯ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ხ-ა და ბ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - პროკურორმა თინათინ სტურუამ მოითხოვა ჯ. ც-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ოთხი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; აგრეთვე სასჯელის გამკაცრება (პენიტენციური დაწესებულებაში მოხდით) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (30 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,“ ,,ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების, 2022 წლის 30 იანვრის ეპიზოდი:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:

2022 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ჯ. ც-ემ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტირების მიზნით, არასრულწლოვანი შვილების, 2015 წელს დაბადებული ი. ც-ის, 2016 წელს დაბადებული ზ. ნ-ს, 2021 წელს დაბადებული მ. ც-ისა და დის შვილის, 2015 წელს დაბადებული დ. ც-ის თანდასწრებით, იძალადა დის - თ. ც-ის, მეუღლის - ხ. ნ-ას, ბებიის - ც. ც-ის მიმართ, კერძოდ, თ. ც-ის საყვედურზე, რატომ სცემა შვილს, ჯ. ც-ემ ვაზა ესროლა მას, რომელიც მოხვდა კედელს. ასევე ნივთები გადმოყარა სახლში, მუშტი ჩაარტყა თავის არეში თ. ც-ეს, რა დროსაც თ. ც-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და შვილთან ერთად გაიქცა სახლიდან; ყელზე მოუჭირა ხელი ბებიას, ც. ც-ეს, რა დროსაც ც. ც-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე მეუღლეს, ხ. ნ--ას რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, დანა დაუსვა სახის არეში, უქნევდა დანას სახის არეში დასარტყმელად, რომელიც ხ. ნ-ას მოხვდა სახეზე აფარებული ხელების არეში, აღნიშნული ქმედებებით ფიზიკური ტკივილი განიცადა ხ. ნ-ამ და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

სააპელაციო სასამართლო ზემოგანხილული ქმედების ნაწილში დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მათ შორის: პატრულ-ინსპექტორების - ა. ა--ა და ლ. გ-ს ჩვენებებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებსა და სამხრე-კამერის ვიდეოჩანაწერებს. რაც შეეხება თავად დაზარალებულებს - ხ. ნ-ას, ი-. ც-ეს, ც. ც-ესა და თ. ც-ეს, მათ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიმოხილავს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მათი შინაარსის უშუალო შემხებლობას სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ:

პატრულ-ინსპექტორ ლ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის იანვარში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ოჯახურ ძალადობაზე შეტყობინების საფუძველზე, გავიდა მისამართზე. ადგილზე მისულს ბრალდებული დახვდა ეზოში, რომელსაც მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ, თუმცა, ის მაინც აგრძელებდა ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფას; ამის შემდეგ მან პოლიციასაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. კონფლიქტისას, იქ იმყოფებოდა ბრალდებულის დაც, რომლისკენაც ჯ. ც-ე დასარტყმელად იწევდა. ადგილზე მომხდარი ფაქტი სამხრე კამერებმა დააფიქსირა. სასამართლოს მიერ ბრალდებულს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. მოწმემ განმარტა, რომ იგი ესაუბრა ბრალდებულის ოჯახის წევრებს, შვილებსა და მეუღლეს. მათთან საუბრისას გაიგო, რომ ბრალდებული ყველას ეჩხუბა. მეუღლეს ჭრილობა ჰქონდა მიღებული და არასრულწლოვან შვილსაც ფიზიკურად შეეხო.

იგივე ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი პატრულ-ინსპექტორის ა. ა. ჩვენებით.

სამხრე კამერების ჩანაწერებით გამოიკვეთა, რომ პატრულ-ინსპექტორების შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ბრალდებული მათ დახვდათ ეზოში, რომელსაც მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ, თუმცა ის მაინც აგრძელებდა ოჯახის წევრების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას. შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს. კონფლიქტის დროს იქ იმყოფებოდა ბრალდებულის დაც, რომლისკენაც ბრალდებული დასარტყმელად იწევდა.

რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, 2022 წლის 31 იანვარს პირადი გასინჯვით, ხ. ნ-ას აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში, ნაჭდევები მარჯვენა წინამხრის მიდამოსა და სახის მარცხენა ნახევარში. ნაკვეთი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო ნაჭდევები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. პირადი გასინჯვის მონაცემების შესაბამისად, ხ. ნ-ა უჩიოდა ტკივილს თავის მარცხენა ნახევარში.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ც. ც-ესა და თ. ც-ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. მათ ექსპერტის წინაშე განაცხადეს, რომ ჯ. ც-ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოწმის - მ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ჯ. ც-ის მეზობელი. 2022 წლის 30 იანვარს აღნიშნავდა დაბადების დღეს. უკვე დაბნელებული იყო, როცა სტუმრები გააცილა და ფანჯრიდან დაინახა პატრულის ავტომანქანა. ეზოში რომ ჩავიდა, მეზობლებისგან შეიტყო, რომ ჯ-ს მოუვიდა ინციდენტი, თუმცა რაიმე ხმაური მას არ გაუგია. მხოლოდ ის იცის, რომ ოჯახის წევრებთან მოუვიდა ინციდენტი, მაგრამ რა სახის, არ იცის. ჯ. ც-ე ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან ერთად.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენცია“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება. კონვენციაში მითითებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული (Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, §280).

ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულებმა (ხ. ნ-ამ, ი. ც-ემ, ც. ც-ემ და თ. ც-ემ) ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება უკან დაზარალებულმა ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს. მაშასადამე, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. ,,ვოლოდინა რუსეთის წინააღმდეგ,“ (Volodina v Russia), N41261/17, ECHR, 09/07/2019) და ამასთანავე, დამატებით აღნიშნავს, რომ კერძო (დახურულ) სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა. სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებს ბრალდებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N269აპ.-22, №1070აპ-22 და №1052აპ-22 გადაწყვეტილებები).

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ დანაშაულის შეტყობინების მიღების შემდეგ (რეგისტრაციის N243688, თემა: კონფლიქტი ოჯახური/ძალადობა, შენიშვნა: ,,...ძალადობაა ოჯახში, აცხადებს, რომ ყველაფერი დალეწა, ბავშვები ჰყავს სახლში, ვინაობა არ მითხრა“), პატრულ ინსპექტორები ცხადდებიან შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ჯ. ც-ე, რომელსაც მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ, თუმცა, ის მაინც აგრძელებდა ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას; ჯ. ც-ემ შეურაცხყოფა მიაყენა თავად პოლიციელებსაც, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გასათვალისწინებელია, რომ კონფლიქტის დროს იქ იმყოფებოდა ბრალდებულის დაც, რომლისკენაც ჯ. ც-ე დასარტყმელად იწევდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხ. ნ-ას სხეულზე არსებული ფიზიკური სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა შესაბამის ცნობებში მითითებულ თარიღს.

შესაბამისად, ის ფაქტი, რომ განსახილველი ბრალდება სწორედ კერძო (დახურულ) სივრცეში არის ჩადენილი, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სამართალდამცავი ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაციას, რაც მოცემულ შემთხვევაში არის ოჯახური კონფლიქტი/ძალადობა, რომელზეც დროულად რეაგირებს შესაბამისი უწყება, ხოლო ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი უშუალოდ ხედავს ბრალდებულს ემოციურ მდგომარეობას (რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამშვიდებული). წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით ცალსახად დგინდება, რომ ჯ. ც-ე პოლიციის მისვლის დროს იქცეოდა კონფლიქტურად, იწევდა დისკენ და შეურაცხყოფას აყენებდა თავად პოლიციელებსაც. ამ ვითარებაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ლოგიკურად ავსებს მიზეზობრიობის ჯაჭვს და უტყუარად ადასტურებს ჯ. ც-ის მიერ ჩადენილ ოჯახში ძალადობას, ჩადენილი არასრუწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ (დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით).

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტსა და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივს, რაც აგრეთვე დადგენილად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, ამ ნაწილებში, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია დაცვის მხარეს და გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ. იმ საკითხის გადასაწყვეტად კი, შეუძლია თუ არა სასამართლოს გასცდეს საკასაციო საჩივრისა და მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობაზე:

„...კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, საქმეში არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს... “ (II-20 პარ.).

„...შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეებისთვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, წარადგინონ მათი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებები, არგუმენტები და ამ გზით მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე“ (II-21 პარ.).

დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №688აპ-19 გადაწყვეტილებით დადგენილია პრაქტიკა მსჯავრდებულის გამართლების თაობაზეც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი უფლებამოსილია, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირის მსჯავრდება იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენაც წარმოდგენილი მასალებიდან არ გამომდინარეობს და აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენში:

როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 30 იანვარს, ჯ. ც-ის დანაშაულებრივ ქმედებას წინ უძღოდა - გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივი, განპირობებული, ოჯახში მისი როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტირების მიზნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხსენებული მოტივი, დაზარალებულთა მიერ ჩვენების მიცემის უფლებაზე უარის თქმით სარგებლობის შემდეგ, არც სხვა მტკიცებულებით დადასტურებულა. შესაბამისად, მოცემულ ფონზე წარმოდგენილი საქმის მასალები - ხსენებული მოტივის რეალურად არსებობასთან მიმართებით იწვევს ეჭვს, რომელიც ,,in dubio pro reo“ პრინციპის საფუძველზე, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს ეფუძნება და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ამასთან, საკასაციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ: ,,გენდერული შეუწყნარებლობა შესაძლებელია თან სდევდეს ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის ნებისმიერ ასპექტს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში - აღნიშნული მოტივის მაკვალიფიცირებელ ნიშნად ბრალდებულისათვის შერაცხვა, დასაშვებია მხოლოდ ამ მოტივსა და ქმედებას შორის ურთიერთკავშირის დადგენისას. ამდენად, დანაშაული ჩადენილია გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თუ მტკიცებულებებით დასტურდება მამაკაცის მიერ ქალის თავისუფლების შეზღუდვის, დადგენილ სტერეოტიპულ ჩარჩოებში მოქცევის და კონტოლის ფაქტები და სწორედ ეს საბაბი არის წამყვანი ფაქტორი დანაშაულებრივი განზრახვის აღმოცენებისას“ (იხილეთ: №203-აპ.-22 გადაწყვეტილება).

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს გენდერული მოტივის უტყუარად არსებობის ფაქტს და აღნიშნულის შესაბამისად, მოცემული ნიშანი ჯ. ც-ეს მსჯავრიდან უნდა ამოერიცხოს.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტს, მოცემული ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ოჯახში ძალადობის ჩადენას - ,,წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ.“

აღსანიშნავია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების როგორც დისპოზიციის, ისე უშუალოდ მისი ფორმულირების ნაწილში გამოკვეთილი არ არის, თუ ,,ა“ ქვეპუნქტიდან კონკრეტულად რომელ ნიშანს ედავება ბრალდება ჯ. ც-ეს (აღნიშნული ქვეპუნქტი მითითებულია მხოლოდ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შემაჯამებელ აბზაცში). ანალოგიურად, არ არის მოცემული ქვეპუნქტის კონკრეტულ შინაარსზე მითითება სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით ნაწილში.

საკასაციო სასამართლო ვარაუდობს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გულისხმობდა - ,,ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენას.“

აღნიშნული ვარაუდის საფუძველს პალატას ერთის მხრივ, აძლევს ის გარემოება, რომ როგორც ბრალდების სხვა ეპიზოდში იკვეთება, ხ. ნ-ა იყო ორსული, ხოლო მეორეს მხრივ, სხვა სავარაუდო ნიშანი - მაგალითად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დანაშაულის ჩადენა, ისედაც ცალკე ბრალდების ეპიზოდად არის გამოყოფილი (2022 წლის 30 იანვარი) და ამასთან, არც განსახილველი ბრალდების ფაბულიდან იკითხება ცალსახად.

მხედველობაშია აგრეთვე მისაღები, ის გარემოება, რომ საბოლოო ბრალის წარდგენამდე (11.03.2022), კერძოდ, 2022 წლის 15 თებერვალს, როდესაც გარკვეულწილად დადგენილება კვალიფიკაციის თაობაზე, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილში შეიცვალა, მოცემულ მუხლს დაემატა სწორედ ,,ა“ ქვეპუნქტი - ,,ორსული ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი“ (კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლებში მასზე მითითება აღარ არის). თუმცა, მოცემული ფაქტის შემდეგ, როგორც აღინიშნა, საბოლოო 2022 წლის 11 მარტის ბრალდების შესახებ დადგენილებაში (დისპოზიციასა და აღწერილობაში) აღარ არის მითითებული მოცემულ ნიშანზე და ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ორსულობასთან დაკავშირებით, არათუ უშუალოდ მითითება არ გვხვდება, არამედ საქმის მასალების თანახმადაც, გარკვეულწილად შესაძლებელია იმის დადგენა, რომ 2022 წლის 30 იანვარს, ესე იგი დანაშაულის ჩადენის დღეს ხ. ნ-ა აღარ იყო ორსული და მას შვილი უკვე - 1 თვის შეძენილი ჰყავდა (ვინაიდან, იგი დაკითხულია მომდევნო დღეს, 2022 წლის 31 იანვარს და აღნიშნულზე რამდენჯერმე მიუთითებს თავად დაზარალებული). საკასაციო სასამართლო ცალსახად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ხ. ნ-ას გამოკითხვის ოქმს იგი არ იყენებს ჯ. ც-ის მსჯავრდების ნაწილში, არამედ მხოლოდდამხოლოდ იმ გარემოების გასააანალიზებლად - თუ გამოძიების სტადიაზე რა კონკრეტულ მასალას დაეყრდნო ბრალდება, როდესაც მოცემულ მაკვალიფიცირებელ ნიშანს უსაზღვრავდა ჯ. ც-ეს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მათ შორის ბრალდების ფორმულირება - ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით, რაც მოცემულ შემთხვევაში ხსენებულ მაკვალიფიცირებელ (ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის) ნაწილში, - არ არის დაცული, ვინაიდან მასზე მითითება არ გვხვდება არც ბრალის დისპოზიციაში და არც მის ფორმულირებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჯ. ც-ეს უნდა ამოერიცხოს მითითება როგორც - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ისე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე, ვინაიდან ისინი წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არ გამომდინარებს.

1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების, 2022 წლის 30 იანვრის ეპიზოდი:

მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ზემომიმოხილული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს წარდგენილი ბრალდების უტყუარობას.

გარდა, პატრულ-ინსპექტორების - ა. ა-ა და ლ. გ-ს ჩვენებებისა და სამხრე-კამერის ვიდეოჩანაწერებისა (რომლებიც საკასაციო სასამართლომ ზევით უკვე დეტალურად მიმოიხილა), გასათვალისწინებელია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასაც, რომლის თანახმადაც, პირადი გასინჯვით ი. ც-ეს (31.01.22წ.) აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, ნაჭდევები მარცხენა თვალბუდისა და კისრის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად: ოჯახური ძალადობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტის - ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა შესაძლებელია როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადობის ისეთი ფაქტები, სადაც დაზარალებულის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეუძლებელია მსხვერპლის მიერ განცდილი ტკივილის ვერბალურად გადმოცემა, დაუსჯელი დარჩებოდა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N443აპ-20).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოსათვის არ იწვევს ეჭვს ის გარემოება, რომ არასრულწლოვნისათვის (2015 წელს დაბადებული) სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, ნამდვილად გამოიწვევდა ტკივილს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს როგორც ი. ც-ის, ისე ხ. ნ-ას ნაწილში (ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს შესაბამისი სამედიცინო ექსპერიზის დასკვნის შინაარსს, რომელიც ზემოთ უკვე იქნა განხილული) ფიზიკური ტკივილის განცდის ელემენტი უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია.

როგორც აღინიშნა, დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარი მოცემულ ნაწილში გამართლების მოთხოვნით არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა დეტალურად აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსს აღნიშნავს, რომ მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია და მოწმეთა ჩვენებები შესაბამისობაშია სამხრე-კამერის ჩანაწერის შინაარსთან, ისევე როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ლოგიკურად ებმის მოცემული ქმედების მიზეზობრიობის ჯაჭვს.

ყოველივე ზემოანიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი მოცემულ მსჯავრდებაში შეიტანოს რაიმე სახის ცვლილება, რის გამოც ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

1.3. 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის იანვარი - 2022 წლის იანვრის პერიოდის, 2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გამართლების ნაწილი:

საკასაციო პალატა ბრალდების ხსენებულ ორ ეპიზოდში სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ინფორმატიულია მხოლოდ 2022 წლის 30 იანვარს ჯ. ც-ის მიერ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ხოლო სხვა ბრალდებათა ირგვლივ კი არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც ვერ ადასტურებენ ჯ. ც-ის მხრიდან 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით დაზარალებულ ხ. ნ-ას მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და 2021 წლის სექტემბერსა და დეკემბრის ბოლოს, ასევე მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, მით უფრო, ამ ძალადობების შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდის ფაქტებს.

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ამ ორ ეპიზოდში, ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და არასაკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

1.4. საკასაციო სასამართლოს მიერ ჯ. ც-ის მიმართ შერჩეული სასჯელის სახე და ზომა:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება, მისი ლოკალიზაცია და ა.შ..

განსახილველ შემთხვევაში ჯ. ც-ეს ბრალად ედება ოჯახის სხვადასხვა წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობა (ორი ეპიზოდი). ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არ არის დაბალი. შესაბამისად, საკასაციო პალატას (გენდერის ნიშნისა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის ამორიცხვის მიუხედავად) არ მიაჩნია მართებულად ჯ. ც-ის სასჯელის შემსუბუქება (მითუმეტეს, რომ მოცემული მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის თავად დაცვის მხარესაც არ მოუმართავს). ამასთან, არ არსებობს სასჯელის მეტად გამკაცრების საფუძველიც, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ მიუთითებია რაიმე ისეთი სახის გარემოებაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია სასჯელის დანიშვნის დროს.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. ც-ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც უნდა მიესაჯაოს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; ანალოგიურად, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯ. ც-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ჯ. ც-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის იანვარი - 2022 წლის იანვრის პერიოდის, 2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

ჯ. ც-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე ბრალდების ეპიზოდიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოერიცხოს - როგორც ზედმეტად წარდგენილი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

ჯ. ც-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ ჯ. ც-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 4 თებერვლიდან;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი