Facebook Twitter

საქმე # 160100121005259631

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№428აპ-23 ქ. თბილისი

ა–ი ა., 428აპ-23 13 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, ა. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მითითებით, ა. ა–ს მიერ 2021 წლის 20 ოქტომბერს ა. ა–ზე ძალადობის ფაქტი დგინდება მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების - ბ. ჯ–სა და გ. ზ–ს ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაზარალებული გამოძიების დროს ამხელდა მსჯავრდებულს ძალადობაში და ასევე - ა. ა–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის სისწორე დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე - ბესიკ ჯანხოთელმა და მუშვიგ ქერიმოვმა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ა–ს ბრალად დაედო ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში, ა–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენით ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა - ა. ა–მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რადგან მიაჩნდა, რომ სტუმრის გამასპინძლება მხოლოდ ქალის მოვალეობა იყო, იმ მიზეზით, თუ რატომ არ შესთავაზა სტუმარს ჩაი, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში თავის მეუღლეს - ა. ა–ს, რომელმაც ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ქ–ში, ა. შ–ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენით ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევმა - ა. ა–მა, იმ მიზეზით, თუ რატომ არ გადაურიცხა ფიცრის საყიდელი ფული, სახეში დაარტყა ხელი, მოქაჩა თმა, წააქცია და ათრია თმით თავისი მეუღლე - ა. ა–ს, რომელმაც ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ა. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენით ა. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ა. ა–ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ა. ა–სს საბოლოოდ განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ა. ა–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ–მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება; ა. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ა. ა–ს მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 8 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა და ა. ა–ს საბოლოოდ განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია სასამართლომ, რომ წარმოდგენილი სამხილების საკმარისი ერთობლიობით, უტყუარად ვერ დადასტურდა ა. ა–ს მიერ 2021 წლის 20 ოქტომბერს მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, კერძოდ: დაზარალებულმა ა. ა–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების - ბ. ჯ–ს, გ. ზ–სა და მ. ქ–ს ჩვენებები, ბრალდების შესახებ დადგენილებით, ა. ა–სათვის ბრალად წარდგენილ კონკრეტულ ქმედებასთან მიმართებით - ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, იმის მხედველობაში მიღებით, რომ სადავოდ გამხდარ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარებულია ა. ა–ს წინასასამართლო ჩვენების გადასამოწმებლად, დაზარალებული სასამართლოში ჯვარედინად არ დაკითხულა, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა პირის მსჯავრდებისათვის.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი