საქმე # 160100121005005485
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№487აპ-23 ქ. თბილისი
ა–ი ი., 487აპ-23 29 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ა–მა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მის ბრალეულობას; განაჩენი ეფუძნება მოწმე რ. კ–ს განმარტებებს, რომელსაც არაერთ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ცრუ ჩვენება მიცემული; გამოძიების მიერ მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტი; რ. კ–საგან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს მათი შეხვედრის ადგილიდან მოშორებით, გარკვეული დროის შემდეგ, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების კუთვნილებასთან მიმართებით; იგი არ დაუკავებიათ მაშინ, როდესაც გამოძიების ვარაუდით მან ნარკოტიკული საშუალება გაასაღა რ. კ–ზე, არამედ - რამდენიმე დღის შემდეგ.
2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენით ი. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2021 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელიდან დაემატა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ი. ა–სს მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა–სმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ი. ა–სმა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა - 0,1191 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2021 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 11:20 საათზე ქ. მ–ში, გ–ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 ლარად გაასაღა რ. კ–ზე.
4.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ი. ა–სმა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა - 0,0973 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც 2021 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 12:20 საათზე ქ.მ–ში, რ–ს ქუჩაზე არსებული მე-.. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 ლარად გაასაღა რ. კ–სიზე.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ა–სმა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის გნაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ა–ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას, შენახვასა და რ. კ–ზე უკანონო გასაღებას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან - მოწმეების: რ. კ–სა და ე. ბ–ს ჩვენებებიდან, რ. კ–საგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმებიდან, ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებიდან, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებიდან, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას წარდგენილი კვალიფიკაციებით ი. ა–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საფუძველს მოკლებულია კასატორის მტკიცება, რომ თითქოსდა, რ. კ–ს მამხილებელი ჩვენება იმთავითვე არასანდო და არადამაჯერებელია, ასევე - არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რამეთუ საწინააღმდეგო დგინდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით, რომლებსაც, მათი ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, ძალიან მაღალი ფასი აქვს და რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ ი. ა–სა და რ. კ–ს კომუნიკაცია დაკავშირებულია სწორედ ნარკოტიკული საშუალებების ანგარებით აღებ-მიცემობასთან. ისინი სწორედ იმ ადგილებში ხვდებიან ერთმანეთს, რაზეც რ. კ–სი უთითებდა თავის ჩვენებაში. მოწმის განმარტებების კვალდაკვალ თვალნათლივ იკვეთება, რომ, პირველ ჯერზე, ნარკოტიკული საშუალება სწორედ ქვის ქვეშ იყო შენახული, ხოლო, მეორე ჯერზე, ნარკოტიკის გადაცემა მოხდა სადარბაზოში; მოწმის სახით დაკითხული - ე. ბ–ს ჩვენებით დასტურდება, როგორ მიმართა სამართალდამცავებს რ. კ–სიმ და როგორ ამხილა ი. ა–სი ნარკოტიკების რეალიზაციაში, როგორ მოხდა მისი ჩართვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში, ასევე - სად და რა ვითარებაში ამოუღეს ი. ა–საგან შეძენილი ნივთიერებები, რომლებიც მოგვიანებით ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით მართლაც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ აღმოჩნდა, რაც ერთობლივად შეფასებისას სარწმუნოდ მიუთითებს, რომ ი. ა–სმა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ორჯერ უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება და რაიმე გონივრული ეჭვი ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ იკვეთება.
10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის სხვა არგუმენტებს, მათ შორის - ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების კუთვნილების საეჭვოდ მიჩნევასა და მსჯავრდებულის დაკავების დროსთან მიმართებით, რომლებიც გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ა–სის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი