Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1325-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. დ-მა 2001წ. 27 აპრილს სარჩელით მიმართა სასამართლოს სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხე თ. ჩ-ის გამოსახლების თაობაზე. აღნიშნული სახლი მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას არ შემდგარი საჯარო ვაჭრობის შემდეგ კანონის დაცვით გადაეცა ნ.დ-ს. ამავე გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებულ იქნენ ე. ჩ-ი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, რის შემდეგაც სახლში შეიჭრა თ. ჩ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, რაც გაასაჩივრა თ. ჩ-მა. ამავე სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბერს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ჩ-ი გამოსახლებულ იქნა ბინიდან.

აღნიშნული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით განხილულ იქნა ნ. დ-ის სარჩელი და დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრ თ. ჩ-მა.

თბილისი საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმე და გაკორტების სააპელაციო პალატას 2002წ. 24 სექტემბრის განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს. საოლქო სასამართლოს განჩინებას საფუძლად დაედო ის გარემოება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 18 თებერვლას ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ გაუქმებულა 2001წ. 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რის გამოც საქმეზე არსებობს ორი გადაწყვეტილება.

ნ. დ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივებით. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ს 386-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაბრუნებას. განჩინებით კი საქმე დაუბრუნეს ხელახლა განსახილველად, რაც იწვევს ისედაც გაჭიანურებული საქმის გაჭიანურებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრებულ იქნა მოპასუხე თ. ჩ-ის მიერ. იმავე სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმე და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ისე, რომ არ გაუქმებულა იმავე სასამართლოს მიერ იმავე დავაზე მიღებული 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ზემო აღნიშნული საქმის განხილვისას სავსებით სწორად გამოიყენა სსკ-ს 240-ე მუხლი, რომლის თანახმადაც მცხეთის რაიონული სასამართლო ვალდებული იყო, 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილების მიღებამდე ემსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობაზე და შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაქუმებაზე. სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღება შეეძლო მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიუთითა სსკ-ს 386-ე მუხლზე, მაგრამ კანონის ეს ნორმა აღნიშნული განჩინების საფუძვლლად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეილება გახდეს, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შემდეგ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება