¹ბს-1554-1128-(კ-05) 18 აპრილი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ვ. ა.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
დავის საგანი – მეორე სახეობის პენსიის დანიშვნა;
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 13 აპრილს ვ. ა.-მ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ორი სახეობის პენსიის დანიშვნა /იხ. ს.ფ. 2/.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელე არის სამამულო ომის მონაწილე, რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, პირველი რიგის უსინათლო ინვალიდი. პრეზიდენტის 2003 წლის 23 ივლისის განკარგულებით დაუკანონდა სამამულო ომის მონაწილეთათვის მოხუცებულობის პენსია ორმაგი დანამატით. პრეზიდენტმა განკარგულების ამოქმედების ვადა განსაზღვრა 2004 წლის 1 იანვრიდან, ანუ 6 თვის შემდეგ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ უარი განუცხადა ორი სახეობის პენსიის დანიშვნაზე, რის გამოც მოითხოვა კანონით გათვალისწინებული ყოველთვიური საპენსიო დანამატის და მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უფლება აქვს მიიღოს ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო ორი სახეობის პენსია, სულ ყოველთვიურად 129 ლარი, ამავე კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, მას ეკუთვნის წინა 12 თვის საპენსიო დანამატის ანაზღაურება, რაც შეადგენს 1134 ლარს.
მოპასუხემ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის წარმომადგენელმა ლ. ა.-ემ რაიონული სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო პენსიის დანიშვნის ნაწილში და განმარტა, რომ ვ. ა.-ის მოთხოვნა საფუძვლიანია შემდეგი მოტივით:
2004 წლის 29 დეკემბერს „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, აღნიშნული კანონის მე-60 და 50-ე მუხლების ამოქმედება შეჩერებულია 2006 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვ. ა.-ს ორი სახეობის პენსია და მიუღებელი საპენსიო დანამატი ეკუთვნოდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტიელბით ვ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალს დაევალა ვ. ა.-ისათვის ორი სახეობის პენსიის დანიშვნა ომის ინვალიდობისა და ასაკის გამო, სულ 129 ლარის ოდენობით, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალს დაეკისრა ვ. ა.-ის სასარგებლოდ 12 თვის მიუღებელი საპენსიო დანამატის – 630 ლარის ანაზღაურება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ვ. ა.-ე განეკუთვნება „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას, კერძოდ: იგი იყო 1941-45 წლების დიდი სამამულო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის III ჯგუფის ინვალიდი, ამასთან, 75 წელს გადაცილებული (80 წლის). ვ. ა.-ს დანიშნული ჰქონდა პენსია 45 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას საპენსიო დანამატის 1134 ლარის ანაზღაურების თაობაზე, რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ ნაწილში ვ. ა.-ს უნდა ანაზღაურებოდა მხოლოდ ერთი წლის მიუღებელი დანამატი _ 630 ლარის ოდენობით /იხ. ს.ფ. 14-15/.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალმა, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2003 წლის 23 ივლისის ¹2561 დადგენილებით, ამ კანონის მე-60 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს „ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 70 წელი ან/და არიან I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეძლევათ ორი სახეობის პენსია – ომის ინვალიდობის მიხედვით და ასაკის გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობით მათ აქვთ ამ პენსიების დანიშვნის უფლება. პენსიაზე მათ აგრეთვე დაერიცხებათ დანამატი ასაკის გამო, მინიმალური პ ენსიის ორმაგი ოდენობით“, ხოლო 2004 წლის 29 დეკემბერს აღნიშნულ კანონში ისევ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით 50-ე და მე-60 მუხლები ამოქმედდება 2006 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა გამოეყენებინა შეჩერებული ნორმები და ამ ნორმების საფუძველზე გამოეტანა გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ლ. ა.-მ სარჩელი ცნო პენსიის დანიშვნის ნაწილში, არასწორია, რამდენადაც ეს არ გამომდინარეობდა მოწინააღდეგე მხარის პოზიციიდან, არამედ ფონდი დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ ვ. ა.-ე აკმაყოფილებდა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანნის მე-6- მუხლის მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 19-20).
მოსარჩელე ვ. ა.-მ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წარმოადგინა შეპასუხება და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივით:
მოსარჩელემ განცხადება სათანადო საბუთებთან ერთად შეიტანა 12 დეკემბერს, ვინაიდან პენსიის დანიშვნის საკითხი მისი მიზეზით არ შეჩერებულა, აქედან გამომდინარე, მას პენსია უნდა დანიშვნოდა არა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, არამედ განცხადების შეტანის დღიდან, რასაც უნდა დამატებოდა 5 თვის დანამატი კანონის მიღებიდან განცხადების შეტანამდე, რაც შეადგენს 1134 ლარს, ხოლო, რაც შეეხება სააპელაციო საჩივარს, ის არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო /იხ. ს.ფ. 28-31/.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ვ. ა.-ე დბადებულია 1925 წელს, ე.ი. არის 75 წელს გადაცილებული პირი, ამასთან, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომის მონაწილე. ვ. ა.-ე არ იყო ომში დაინვალიდებული პირი, მაგრამ 2000 წლის აპრილიდან იგი არის მხედველობით პირველი ჯგუფის ინვალიდი და მასზე უნდა გავრცელდეს ზემოხსენებული კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათი მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლი, რომლის თანახმად, „ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი ან/და არიან I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და ასაკის გამო (წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. ვინაიდან ვ. ა.-ე იყო 75 წელს გადაცილებული, სამამულო ომის მონაწილე, მაგრამ არ იყო ომში დაინვალიდებული პირი, მასზე ვერ გავრცელდებოდა ზემოხსენებული ნორმით დაწესებული საპენსიო შეღავათი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლი იმ რედაქციით, რომლის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, დღემდე ძალაშია /იხ. ს.ფ. 38-41/.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა.-მ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:
კასაციის საფუძვლები:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლი.
„სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლში ორმაგი პენსიისა და ასაკის გამო მინიმალური პენსიის ორმაგი ანამატის უფლების მოსაპოვებლად შემდეგი მოთხოვნებია დაყენებული: 1) „ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეები, რომლებსაც შეუსრულდათ 70 წელი; 2) არიან I და II ჯგუფის ინვალიდები; 3) თუ საქართველოს კანონმდებლობით მათ აქვთ ამ პენსიების დანიშვნის უფლება. კასატორი მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კანონის ყველა მოთხოვნას (იხ. ს.ფ. 46-47).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლ საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული არ არის მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 393.2 და 394 „ე“ მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დასაბუთებულია.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ვ. ა.-ე დაბადებულია 1925 წელს, ე.ი. არის 75 წელს ააკს გადაცილებული პირი, 1941-1945 წლების ფაშიზმის წინააღმდეგ ომის მონაწილე, I ჯგუფს ინვალიდი მხედველობით საერთო დაავადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 /კანონის 2003 წლის 23 ივლისის რედაქცია/ მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათების მოპოვებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა იყოს 1941-45 წლების ოქმის მონაწილე; ბ) შესრულებული უნდა ჰქონდეს 70 წელი; გ) უნდა იყოს ომის I და II ჯგუფის ინვალიდი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2003წ. 23.07. კანონის ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კანონის მე-17, 21-ე, 22-ე, 25-ე, 34-ე, 36-ე, 50-ე, მე-60 მუხლები, კანონის 48-ე მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი, ხოლო „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 31.12.03წ. შეტანილი დამატებების თანახმად, კანონს დაემატა გარდამავალი დებულებების შემცველი მერვე თავი, რომლის 63-ე მუხლის თანახმად კანონის მე-60 მუხლის განახლებული რედაქცია უნდა ამოქმედებულიყო 2005 წლის 1 იანვრიდან. 29.12.04წ. კანონით შეტანილი ცვილლების თანახმად ამ კანონის მე-60 მუხლის ამოქმედების ვადამ გადაიწია 2006 წლის 1 იანვრამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 21.12.03. /მე-60 მუხლის ამოქმედების 2005 წლის 1 იანვრამდე გადატანა/ და 29.12.04 /მე-60 მუხლის ამოქმედების 2006წ ლის 1 იანვრამდე გადატანა/ შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა 2003წ.23.07 კანონით ჩამოყალიბებული მე-60 მუხლის განახლებული რედაქციის ძალაში შესვლის თარიღი, რომლითაც ორი სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება ომის მონაწილეები მოიპოვებენ 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქმის მასალებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ვ. ა.-ე არ პასუხობს 2003წ.23.07. კანონით ჩამოყელიბებული მე-60 მუხლის განახლებული რედაქციით გათვალისწინებულ მოთხვნებს, კერძოდ: იგი დაბადებულია 1925 წელს, ე.ი. არის 70 წლის ასაკს გადაცილებული პირი, 1941-1945 წლების ფაშიზმის წინააღმდეგ ომის მონაწლე, მაგრამ არ არის ომის ინვალიდი, ის არის I ჯგუფის ინვალიდი მხედველობით საერთო დაავადების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ვ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2006 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი, რომლის 22.2 მუხლი შეიცავს იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალს, რომელიც არეგულირებს ამავე აქტებით პენსიების მიმღებ პირთა წრეს, მათი უფლების წარმოშობის საფუძვლებსა და პენსიის ოდენობას. მითითებული ნორმის „დ“ პუნქტით კი განისაზღვრა პენსიის ოდენობა როგორც ომის ინვალიდებისათვის, ასევე ომის მონაწილესა და მასთან გათანაბრებული პირებისათვის. ამავე კანონის 21.1. მუხლის თანახმად ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პენსიები, რომელიც დანიშნულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტებით /მათ შორის, 22.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო სზრუნველყოფის შესახებ“ კანონით/,, ამ კანონის ამოქმედების დღიდან განიხილება, როგორც ამ კანონის თანახმად, დანიშნული და გაცემული პენსიები და მათი გაცემა გაგრძელდება მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შესაბამისად, სახეზე არ არის საკასაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.