Facebook Twitter

საქმე # 330100122006080672

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №154აპ-23 ქ. თბილისი

ბ–ი ა., 154აპ-23 5 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა. ბ–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოსახდელად, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი, ვინაიდან სრულად არ გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, დანაშაულის მომეტებული საფრთხე და მისი პიროვნება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ა. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით; საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ ა. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მსჯავრდებულ ა. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2022 წლის 14 ივლისიდან - 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმდა მსჯავრდებულ ა. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ–მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ა. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ...........ში, მ–ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა. ბ–მა არასრულწლოვანი შვილების -2016 წელს დაბადებული გ. ბ–სა და 2018 წელს დაბადებული ნ. და ა. ბ–ების თანდასწრებით, მეუღლეს - თ. მ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ჯერ მუშტები ჩაარტყა სახისა და თავის არეში, შემდეგ კი წაქცეულზე ზურგის, წელისა და მუხლის არეში ურტყამდა ფეხებს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2022 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 00:20 საათზე, ქ. თ–ში, ........ა, მ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - თ. მ–სს, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2022 წლის 6 ივლისს, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცერმა - ა. დ–მა ა. ბ–სის მიმართ 30 (ოცდაათი) დღით გამოსცა №.......... შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა, ასევე მსხვერპლის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და ასევე მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ა. ბ–სი გაფრთხილებულ იქნა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, 2022 წლის 7 ივლისს, იგი მაინც მივიდა ქ. თ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე თ. მ–სის საცხოვრებელ სახლთან და შეეცადა სახლში შესვლას. ასევე, 2022 წლის 7 ივლისს, 00:23 საათიდან ა. ბ–სი კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა თ. მ–ს მისი მობილური ტელეფონის ნომერზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ა. ბ–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ბ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, კერძოდ, მხედველობაში მიიღო ა. ბ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმრავლე, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ა. ბ–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი) და დამამძიმებელი (ა. ბ–ს ალკოჰოლდამოკიდებულება, ძალადობის ხასიათი) გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა ბრალად შერაცხული ქმედებების სანქციით გათვალისწინებული სასჯელების ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი