Facebook Twitter

საქმე # 330100120004135272

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №155აპ-23 ქ. თბილისი

ბ–ი ლ., 155აპ-23 5 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულ მ. ბ–სა და მისი მეუღლის - ლ. ვ–ს ჩვენებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის და არგაზიარების საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, მათი ჩვენებების სისწორე დამატებით დასტურდება ასევე დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მოწმე კ. შ–ს ჩვენებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ბ–ს ბრალად ედება: გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

ლ. ბ–სის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თ–ში, .....ის მე.. ჩიხის №...–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ. ბ–სმა, რომლისთვისაც ქალის მიერ სიგარეტის მოწევა ასოცირდებოდა მსუბუქ ყოფაქცევასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დას - მ. ბ–ს, რომელსაც ბავშვობიდან ვერ იტანდა სიგარეტის მოწევის გამო, ხელი ერთხელ დაარტყა პირის არეში და თოხის ტარი სამჯერ დაარტყა მარცხენა მკლავის, წელისა და საჯდომის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თ–ში, .....ის მე.. ჩიხის №...–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ. ბ–სი, რომლისთვისაც ქალის მიერ სიგარეტის მოწევა ასოცირდებოდა მსუბუქ ყოფაქცევასთან, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დას - მ. ბ–სს, რომელსაც ბავშვობიდან ვერ იტანდა სიგარეტის მოწევის გამო, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ლ. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ლ. ბ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ლ. ბ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ლ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ლ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაასკვნეს, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ლ. ბ–სის ბრალეულობა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, კერძოდ:

9. ბრალდების მხარის ძირითადი მოწმეების, შემთხვევის უშუალო მონაწილე პირების, დაზარალებულ - მ. ბ–სა და ლ. ვ–ს (დაზარალებულის მეუღლის) ჩვენებები, არ აკმაყოფილებს დამაჯერებლობის, უტყუარობისა და სანდოობის სტანდარტებს, ვინაიდან მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე - სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაცვის მხარის, კონფლიქტის არაერთი თვითმხილველი პირის (მათ შორის ნეიტრალური მოწმეების) - მ. ფ–ს, ნ. ჯ–ს, მ. მ–ს, ვ. ბ–ს, ნ. ა–ს, ა. კ–ს და ნ. ბ–ს ჩვენებებს. მომხდარი კონფლიქტის უშუალო შემსწრე სხვა პირების მოწმის სახით დაკითხვაზე ბრალდების მხარემ უარი განაცხადა და მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან. თავის მხრივ, დაცვის მხარის მოწმეები ადასტურებენ ლ. ბ–სა და მ. ბ–ს შორის კონფლიქტს, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავენ ბრალდებულის მხრიდან მ. ბ–სზე ფიზიკური ძალადობის, ან სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს და ასევე იმ გარემოებას, რომ კონფლიქტის დროს ბრალდებულს ხელში რაიმე საგანი ეჭირა. პირიქით, დაცვის მხარის მოწმეები, აღნიშნავენ, რომ სწორედ მ. ბ–ი და ლ. ვ–ე იყვნენ აგრესიულები, ისინი მისცვივდნენ ლ. ბ–ს, ყელში უჭერდნენ ხელს, აგინებდნენ იქ მყოფ ყველა პირს და შეურაცხყოფა მიაყენეს ლ. ბ–ს მეუღლეს. ამდენად, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მოწმეების, დაზარალებულ - მ. ბ–სა და მოწმე ლ. ვ–ს ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და მათ ასევე უპირისპირდება დაცვის მხარის, მათ შორის - ნეიტრალურ მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ მოვლენათა იმგვარ განვითარებას, როგორსაც ბრალდების მხარის აღნიშნული მოწმეები გადმოსცემენ (ლ. ბ–სის მიერ მ. ბ–ს ცემისა და მუქარის შესახებ), წარმოიშვა გონივრული ეჭვი ლ. ბ–ს ბრალეულობასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ. რაც შეეხება მ. ბ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით, მართალია, დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ეს დაზიანებები სწორედ ლ. ბ–მა მიაყენა, მითითებული მტკიცებულებით არ დგინდება, ისევე როგორც მოწმე კ. შ–ს ჩვენებით, რომელიც არ არის შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირი და იგი გადმოსცემს დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ ადასტურებს ლ. ბ–ს ბრალლეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი