3კ-1335-02 11 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-ემ 2000წ. 25 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: გ. ბ-ისა, თელავის რაიონის სოფ. ........ საკრებულოს გამგეობის მიმართ და მოითხოვა თელავის რაიონის სოფ. ........ საკრებულოს გამგეობის 1999წ. 28 მაისის სხდომის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გ. ბ-ისგან საცხოვრებელი ბინისა და 0,8 ჰა მიწის ნაკვეთის გამოთხოვა. მ. ბ-ის განმარტებით, მისმა მაზლმა გ. ბ-ემ მიითვისა მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის, გი. ბ-ის, მიერ 1962 წელს აშენებული სახლი და 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი. ამ საკითხზე არსებული დავის განხილვისას სოფ. ........ საკრებულოს გამგეობამ ყურადღება არ მიაქცია მ.ბ-ის განმარტებას, მის მიერ წარმოდგენილ საბუთებს და რამდენიმე მეზობლის არაობიექტური განმარტებების საფუძველზე სადავო სახლი და მიწის ნაკვეთი უკანონოდ მიაკუთვნა გ. ბ-ეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება ამავე გამგეობის მიერ 1998წ. 22 ივნისს გაცემულ ცნობას, რომლითაც მ. ბ-ის სახელზე ირიცხება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი და ორი საცხოვრებელი სახლი, ხოლო გ. ბ-ის სახელზე სახლი და მიწის ნაკვეთი არ ირიცხება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინებით, რომლითაც მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დამაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის სოფ. ........ გამგეობის 1999წ. 28 მაისის საოქმო გადაწყვეტილება, ხოლო გადაწყვეტილება სადავო ბინისა და მიწის ნაკვეთის გამოთხოვის ნაწილში განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მ. ბ-ის სარჩელს მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის გამოთხოვის ნაწილში უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ, მართალია, 1992 წლამდე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მ. ბ-ის მეუღლის, აწ გარდაცვლილი გი. ბ-ის, სახელზე, მაგრამ 1992წ. ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ 0,15 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,07 ჰა აღირიცხა გი. ბ-ის, ხოლო 0,08 ჰა – გ. ბ-ის სახელზე. ამასთან, სადავო ბინა აშენებულია 1959-62 წლებში, რომელიც იყო უნებართვო და როგორც თელავის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებით დადგინდა, აღნიშნული ბინა აღირიცხა გ. ბ-ეზე 1988წ. 19 იანვარს და გაიცა ტექნიკური პასპორტი. გ. ბ-ეს გარდაცვალებამდე, 1995 წლამდე, 7 წლის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია 0,08 ჰა მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე სახლის მისი ძმის, გ. ბ-ის, სახელზე აღრიცხვა. მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 19 ივლისის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის სოფ. ........ გამგეობის 1999წ. 28 მაისის საოქმო გადაწყვეტილება გ. ბ-ისათვის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, მაგრამ 0,8 ჰა მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლით ტექნიკური ინვენტარიზაციის ჩანაწერებით ისევ გ. ბ-ის სახელზე ირიცხება პირადი საკუთრების უფლებით. მ. ბ-ე არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს, მითუმეტეს, რომ მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს სარჩელით რეესტრის ჩანაწერების უზუსტობის და გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია სკ-ს 172-ე, 183-ე და 312-ე მუხლებით.
მ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გამოტანის თარიღად მითითებულია 2000წ. 22 სექტემბერი, გადაწყვეტილება კი მიღებულია 2000წ. 28 სექტემბერს. სადავო სახლი აშენებულია 1962 წელს კასატორის მეუღლის გი. ბ-ის, მიერ. საკრებულოს უკანონო დადგენილებებით კასატორის ოჯახზე რიცხული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთიდან ჩამოჭრილ იქნა 0,08 ჰა, რომელზეც სადავო ბინაა განთავსებული, რომელსაც 25 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდნენ. უპროექტოდ აშენებული სადავო სახლი 1962 წელს ვერ აღირიცხა კასატორის მეუღლეზე. მოპასუხე გ. ბ-ე 1965 წლიდან წასულია საცხოვრებლად თბილისში და დაკარგული ჰქონდა საკომლო ქონებაზე უფლება. მას არც ძველი (სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი, მიწის კოდექსის 77-ე მუხლი) და არც ახალი კანონით არ ეკუთვნის კასატორის საკარმიდამო მიწა და სახლი. გ. ბ-ე სადავო სახლის მფლობელობას ვერ ასაბუთებს. სააპელაციო კოლეგია ვერ არკვევს, მითითებული ორი სახლიდან რომელია სადავო, როდესაც აღნიშავს, რომ მეორე უნებართვო სახლი 1988 წლიდან ირიცხება გი. ბ-ის სახელზე. ეს სახლი უკანონოდ მიჩნეული არასდროს ყოფილა. გ. ბ-ემ სადავო სახლი გი. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ მიითვისა ძალადობით. სააპელაციო კოლეგია რეესტრის ჩანაწერების უზუსტობის გამოვლენის და გაუქმების საკითხს ეხება, რაც უსაფძვლოა, ვინაიდან ........ საკრებულოს გამგეობის 1999წ. 28 მაისის საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხი არ იყო გადაჭრილი. ცხადია, თუ გამოვლენილი იქნება საჯარო რეესტრში უზუსტო ჩანაწერები, იგი სკ-ს 312-ე მუხლის თანახმად უნდა გაუქმდეს. ტექინვენტარიზაციის მონაცემები უკანონოა, ვინაიდან სადავო სახლი აშენებულია კასატორის მეუღლის მიერ და კასატორი მისი კანონიერი მემკვიდრეა. 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა კასატორის ოჯახს, ფლობდა სადავო სახლს და სკ-ს 193-ე მუხლით კასატორი მათი მესაკუთრეა. კასატორი თავის უფლებას სადავო მიწის ნაკვეთზე და სახლზე ასაბუთებს სკ-ს 151-ე, 155-ე და 157-ე მუხლებით. სააპელაციო კოლეგიამ მიუთითა რა ამავე კოდექსის 172-ე მუხლზე, ვერ გაერკვია კასატორის უფლებებში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი საკასაციო პრეტენზია. ასეთი სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1992 წლამდე თელავის რაიონის სოფ. კურდღელაურში 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მ. ბ-ის მეუღლის, აწ გარდაცვლილ გი. ბ-ის, სახელზე, მაგრამ 1992 წელს ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ 0,15 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,07 ჰა აღირიცხა გი. ბ-ის, ხოლო 0,08 ჰა, გ. ბ-ის სახელზე. სადავო ბინა უნებართვოდ აშენებულია 1959-1962 წლებში. თელავის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებით აღნიშნული ბინა 1988წ. 19 იანვარს აღირიცხა გ. ბ-ეზე და გაიცა ტექნიკური პასპორტი. პასპორტის მონაცემებით სახლის საერთო სასარგებლო ფართობი შეადგენს 44,2 კვ.მ-ს, ნაკვეთის ფართობი კი, 600 კვ.მ-ს. ამავე ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებით 1965 წელს აშენებული მეორე უნებართვო საცხოვრებელი სახლი 1988წ. 18 თებერვალს აღირიცხა გი. ბ-ეზე, რომლის საერთო სასარგებლო ფართობია 204,2 კვ.მ. და განთავსებულია 837 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
გი. ბ-ეს გარდაცვალებამდე 1995 წლამდე, 7 წლის განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია მასზე რიცხული 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე სახლის ძმის გ. ბ-ის, სახელზე აღრიცხვა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი 25 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდა სადავო ბინას და 0,15 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც გამოყოფილი ჰქონდა მის ოჯახს. საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ 1988-92 წლებში აღირიცხა გ. ბ-ეზე. მ. ბ-ის მამკვიდრებელ გ. ბ-ეზე 1992 წლიდან არ ირიცხებოდა რა სადავო ქონება, აწ გარდაცვლილს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, მის ქონებაზე სამკვიდროს გახსნისას სადავო ქონება სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა.
მტკიცება იმისა, რომ სადავო ქონებას კასატორი კანონიერად ფლობდა, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა სკ-ს 1513-ე მუხლზე მითითებით, სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ხსენებული ნორმით ფიზიკურ პირთა საკუთრებად ითვლება მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც მათ კანონიერ სარგებლობაში იყო.
ასევე ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოთხოვნა სადავო ქონებაზე საკუთრების აღდგენის თაობაზე. სკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად უძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი აუცილებელი პირობის – სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის და საჯარო რეესტრში შემძენის რეგისტრაციის არსებობა. ასეთი გარემოებების არარსებობის გამო მ. ბ-ე სადავო უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში მესაკუთრედ ვერ იქნება მიჩნეული. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მ. ბ-ეს სკ-ს 172-ე მუხლით არა აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება, ვინაიდან იგი არ არის სადავო ნივთის მესაკუთრე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, კერძოდ მოცემულ დავაზე თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2000წ. 28 სექტემბერს და არა 22 სექტემბერს, როგორც ეს საოლქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება შეიცვალოს იმგვარად, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ნაცვლად გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.