Facebook Twitter

საქმე # 330100122005467273

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№448აპ-23 ქ. თბილისი

გ–ი გ., 448აპ-23 27 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. გ–სის მიმართ სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არის მსუბუქი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი მაკვალიფიცირებელი გარემოებების კუმულაცია, ხოლო, მეორე მხრივ, მხედველობაშია მისაღები, რომ გ. გ–ს შეზღუდული შერაცხადობა არ გამორიცხავს მის მიმართ უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენით გ. გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. გ. გ–მა იცოდა, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქ. კ–ე იყო ორსულად. 2021 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 13:40 საათზე თ–ში, ......., ... მ/რ-ის №.. კორპუსის მე-.. სადარბაზოს .... სართულზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. გ–მა ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, მისი მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში დაახლოებით - ოცდაათი ჭრილობა მიაყენა ორსულ მეუღლეს - ქ. კ–ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქ. კ–ე ადგილზე გარდაიცვალა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ–მ, რომელიც ითხოვდა გ. გ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, როგორც დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ, რომელიც ითხოვდა გ. გ–ს მიმართ სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ გამოყენებული სასჯელის სახის სამართლიანობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა შესაბამისად შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტების კვალდაკვალ, სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის მოტივი; ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; ქმედების განხორციელების სახე და ხერხი; ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. გ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის კიდევ უფრო დამძიმებასა და სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - უვადო თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება, რამეთუ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით სარწმუნოდ დადგენილია, რომ გ. გ–ს ამჟამად აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი ..; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), გართულებული ნარკოტიზაციით, ხოლო დანაშაულის ჩადენის - ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ ყოფილა, თუმცა აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ნარკოტიზაციით და არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე - ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა), რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სავალდებულოდ უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი