¹3კ-1340-02 17 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების გატარება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ს-ის” დირექტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” რეგისტრაციის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 8 ოქტომბრის დადგენილების გაუქმება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წელს 29 სექტემბრის ¹1-3/649 და ¹1-3/650 ბრძანებების ძალადაკარგულად ცნობა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალოს სამინისტროს 2001წ. 13 ნოემბრის ¹1-3/815 ბრძანების შესაბამისად შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1994წ. 29 დეკემბერს მოპასუხემ-საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სამინისტროს კოლეგიის ¹38.30.408 დადგენილებით დააფუძნა სს “ს-ა”, რომლის საწესდებო კაპიტალში სხვა ქონებასთან ერთად შეიტანა ლაბორატორიული კორპუსი მთლიანად, საწყისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. ამავე სამინისტრომ 1999წ. 29 სექტემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართული შეიტანა მესამე პირების, მის მიერ 100%-იანი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” საწესდებო კაპიტალში, რითაც დარღვეულ იქნა სს “ს-ის” საკუთრების უფლება. მოპასუხემ 2002წ. 13 ნოემბერს გამოსცა ¹1-3/815 ბრძანება, რომლითაც სადავო ფართი ამოღებულ იქნა მესამე პირების საწესდებო კაპიტალიდან და მათ დირექტორებს დაევალათ საწესდებო კაპიტალის ცვლილებების რეგისტრაცია სასამართლოში. ვინაიდან შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” დირექტორები არ ეთანხმებიან მათი საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირებას, მოსარჩელემ მოითხოვა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.1 მუხლის შესაბამისად მოპასუხეს – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, როგორც ამ საზოგადოებათა ერთადერთ პარტნიორს დაევალოს შპს “მ-ის” და შპს ,,გ-ის” საწესდებო კაპიტალის შემცირების შესახებ ცვლილებების რეგიტსრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, გამოასწორა მის მიერ დაშვებული შეცდომა და 2001წ. 13 ნოემბრის ბრძანებით მესამე პირების საწესდებო კაპიტალიდან ამოიღო მოსარჩელის კუთვნილი ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულის ფართი და ამ საზოგადოებათა დირექტორებს დაავალა ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად უზრუნველყონ თითოეული საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შემცირების ცვლილებების რეგისტრაცია შესაბამის სასამართლოში. ვინაიდან ამ საზოგადოებების დირექტორები სამინისტროს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, მათ არ მიმართეს სასამართლოს ცვლილებების რეგისტრაციისათვის.
მესამე პირებმა შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომა დატოვეს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს განახორციელოს შპს “მ-ისა” და შპს “გ-ის” სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების გატარება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული საზოგადოებების საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული იქნება ალ.ყაზბეგის 32/34-ში მდებარე შენობის მე-5 სართულის ღირებულება და საწესდებო კაპიტალი შემცირებული იქნება ამ ფართის ღირებულებით.
აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” მიერ.
სააპელაციო პალატამ დადეგნილად ცნო, რომ შპს “მ-ი” და შპს “გ-ა” დაფუძნებულია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სმინისტროს მიერ 1999წ. 29 სექტემბრის ¹1-3/649 და ¹1-3/650 ბრძანებით და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1999წ. 8 ოქტომბრის სასამართლოს დადგენილებით. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 13 ნოემბრის ¹1-3/815 ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად შპს “მ-ისა” და შპს “გ-ის” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული იქნა “ს-ის” კუთვნილი, ალ. ყაზბეგის ჩიხი ¹32/34-ში მდებარე შენობის მე-5 სართული, როგორც შეცდომით შეტანილი. შესაბამისად შემცირდა ამ საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალი. შესაბამისად დაევალა ამ საზოგადოებათა დირექტორებს განცხადებების წარდგენა სასამართლოში ცვლილებათა განსახორციელებლად, მაგრამ პარტნიორის მითითება დირექტორთა მიერ არ იქნა შესრულებული.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლი, რომლის თანახმად რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ერთ-ერთ პარტნიორს. იმ საფუძვლით, რომ “მ-ის” და “გ-ის” ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ამ საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალიდან სადავო ქონების ამოღების შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულით მოპასუხემ ცნო სარჩელი. აღნიშნული საფუძვლებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 14 ივნისის განჩინებით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ეს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” დირექტორებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:
1. კასატორების მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.1 მუხლი, რადგან სამინისტროს ბრძანება შეიცავს არა საწარმოს დაფუძნებას, არამედ საწესდებო კაპიტალის შემცირებას. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კანონის 5.2.5.4 და 3.3. მუხლები, რადგან ცვლილებათა რეგისტრაცია ხორციელდება აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების დაცვით.
2. სააპელაციო პალატის მითითება, რომ ხელყოფილია მოსარჩელის საკუთრების უფლება, ხოლო “მ-ის” და “გ-ის” უფლებები დაუსაბუთებელია, თავად იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
კასატორების მოსაზრებით ¹1-3/815 ბრძანების შეუსრულებლობის გამო სარჩელის აღძვრის უფლება გააჩნდა სამინისტროს, ეს უკანასკნელი კი მოპასუხის როლში გვევლინება. ამდენად კასატორებს მიაჩნიათ, რომ სარჩელი აღძრა არასათანადო მოსარჩელემ და სასამართლომ განიხილა არასათანადო მოსარჩელის სარჩელი. მათი მოსაზრებით ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით 5.1 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება ჰქონდა დამფუძნებელს და პარტნიორს.
კასატორების მოსაზრებით უგულველყოფილია მათი უფლებები სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს და მოსარჩელის მოქმედებით. თავისი უფლებების აღდგენის მიზნით სარჩელი აქვთ აღძრული სასამართლოში პრივატიზაციის და 2007წ. 13 ნოემბრის ¹1-3/815 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელი განხილვაშია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. ამდენად კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანების კანონიერების საკითხი ჯერ არაა გადაწყვეტილი და ამ ბრძანებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება გასაუქმებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. იმ საფუძვლით, რომ ამ საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალში შეცდომით იქნა შეტანილი სს “ს-ის” კუთვნილი ქონება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 13 ნოემბრის ¹1-3/815 ბრძანებით შპს “მ-ისა” და შპს “გ-ის” საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული იქნა “ს-ის” კუთვნილი ...... ჩიხი ¹32/34-ში მდებარე შენობის მე-5 სართული, შესაბამისად შემცირდა ამ საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალი. ამდენად, საწესდებო კაპიტალი შემცირდა დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში არ განხორციელებულა.
ვინაიდან კასატორის მიერ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოდ უნდა იქნეს მიჩნეული.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებას შეეხება, თვით ლიკვიდაციის ჩათვლით. შპს-ში სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება პარტნიორთა კრების მიერ (“მეწარმეთა შესახებ”საქართველოს კანონის 47.3 მუხლი). როცა საზოგადოებას ერთი პარტნიორი ჰყავს, ამ პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს პარტნიორთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 3.3 მუხლის მეორე აბზაცის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში შესატანის დაბრუნება დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. საწესდებო კაპიტალის შემცირებად ითვლება მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
აღნიშნული ნორმის მიზანია კრედიტორთა დაცვა და მათი მოთხოვნების რეალური უზრუნველყოფა. თუ საწესდებო კაპიტალის შემცირება მოხდა ამ შემცირების რეგისტრაციის გარეშე, მაშინ საზოგადოება კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს საწესდებო კაპიტალის იმ ოდენობით, რომელიც მას შემცირებამდე ჰქონდა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ქონება არის სს ,,ს-ის” საკუთრება, რაც აღიარებულია დამფუძნებელი პარტნიორის მიერ. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია. დადგენილია ასევე, რომ “მ-სა” და “გ-ას” ერთი პარტნიორი ჰყავს, რომლის გადაწყვეტილებით სადავო ქონება ამოღებულია ამ საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალიდან, შესაბამისად შემცირდა საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალი, ხოლო მისი ოფიციალური რეგისტრაცია არ განხორციელებულა.
“მეწარმეთა შესახებ”საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ერთ-ერთ პარტნიორს.
კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა მითითებული ნორმა, რადგან იგი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ საწარმოს დაფუძნებისას, მოცემულ შემთხვევაში კი პარტნიორის ბრძანება შეიცავს საწესდებო კაპიტალის შემცირებას, საკასაციო პალატა არ ეთანხმება, რადგან რეგისტრაცია სავალდებულოა არა მხოლოდ საწარმოს დაფუძნებისათვის, არამედ 5.4 მუხლით გათვალისწინებული რეგისტაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილებების დროს (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.6 მუხლი).
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან დირექტორთა მიერ არ იქნა განხორციელებული პარტნიორის გადაწყვეტილება, ხოლო საწესდებო კაპიტალის შემცირებისას ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 3.3 5.4 მუხლების თანახმად სავალდებულოა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, სააპელაციო პალატამ ამავე კანონის 5.1 მუხლის თანახმად მართებულად დაავალა პარტნიორს ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელება.
კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს “ს-ა” არასათანადო მოსარჩელეა, საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან დადგენილია, რომ სს “ს-ა” დავობს საკუთარ ქონებაზე, რომელიც შპს “მ-ის” და შპს “გ-ის” დამფუძნებელმა პარტნიორმა შეცდომით შეიტანა ამ საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პარტნიორის გადაწყვეტილების (ბრძანების) კანონიერების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და ამ ბრძანებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება გასაუქმებელია, ასევე ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, რადგან მითითებული ბრძანება არ არის გაუქმებული და შესაბამისად იგი ძალაშია, რის გამოც სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება ამ ბრძანებაზე დაყრდნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული კანონის დარღვევა არ უდევს საფუძვლად სააპელაციო პალატის განჩინებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “მ-ისა” და შპს “გ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.