Facebook Twitter

საქმე # 020100120004047939

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№411აპ-23 ქ. თბილისი

დ–ა დ., 411აპ-23 13 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. დ–ს, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ყ–სა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულმა დ. დ–მ, მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ყ–მა, ასევე - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ დ. დ–ს მსჯავრდების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ერთი მხრივ, დამახინჯებულად ასახა, ხოლო, მეორე მხრივ, არ შეაფასა ისინი დასაშვებობის, უტყუარობისა და რელევანტურობის თვალსაზრისით, უპირობოდ გაიზიარა - ე. ძ–ს, ნ., შ. და შ.დ–ების ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებულ ინფორმაციას; განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ დაზარალებულ ე. ძ–ს პირდაპირი ჩვენება, რადგან ნ. და შ. დ–ებს სასამართლოში არ დაუდასტურებიათ, რომ პირადად შეესწრნენ დედის დამცირების ფაქტს, არამედ - მოგვიანებით შეიტყვეს ამის შესახებ, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, გამოტანილი განაჩენი ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს.

3. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასა და დ. დ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მისთვის ბრალად შერაცხული ყველა ქმედების ჩადენა; ბრალდების მხარე ასევე - არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, დ. დ–ს ე. ძ–სა პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში სქესის ნიშნით დისკრიმინაციული მოტივით არ ჩაუყენებია, არამედ - ყოფით ნიადაგზე აღმოცენებული კონფლიქტის გამო, რადგან უტყუარად დადასტურებულია, რომ დ. დ–სამ ე. ძ–სა მხოლოდ იმიტომ დაამცირა, რომ დაზარალებული იყო ქალი, ხოლო მსჯავრდებულს ჰქონდა სტერეოტიპული დამოკიდებულება ოჯახში ქალის მიერ შესასრულებელ საქმეებთან დაკავშირებით.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. დ–ს ბრალად დაედო

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა; პირის დამცირება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას მორალურ ტანჯვას აყენებს, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი სქესის გამო, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. 2020 წლის ივლისის ბოლოს, ქ. ზ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფმა დ. დ–მ, რომელიც იყო გაბრაზებული მისი არასრულწლოვანი შვილის - 11 წლის ნ. დ–ს სახლში გვიან დაბრუნების გამო, ხის ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა შვილს ხელებსა და ფეხებზე, რის შედეგადაც ნ. დ–სამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4.2. 2020 წლის 11 სექტემბერს, დღის საათებში, ქ. ზ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მყოფი დ. დ–სა ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ციცინო შენგელიას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.3. 2007 წლიდან 2020 წლის 8 სექტემბრამდე ქ. ზ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, დ. დ–სა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რაც უკავშირდებოდა ქალის ქცევასთან მიმართებით მის სტერეოტიპულ შეხედულებებს, რადგან მიაჩნდა, რომ ცოლის ქცევების მიზანშეწონილობა აუცილებლად ქმარს უნდა განესაზღვრა, თავის მეუღლეს - ე. ძ–ს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ, სისტემატურად სცემდა, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

4.4. 2007 წლიდან 2020 წლის 8 სექტემბრამდე ქ. ზ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, დ. დ–სა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რაც უკავშირდებოდა ქალის ქცევასთან მიმართებით მის სტერეოტიპულ შეხედულებებს, რადგან მიაჩნდა, რომ ცოლის ქცევების მიზანშეწონილობა აუცილებლად ქმარს უნდა განესაზღვრა, თავის მეუღლეს - ე. ძ–ს სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით, რის გამოც ე. ძ–სა განიცდიდა ტანჯვას.

4.5. 2020 წლის 8 სექტემბერს, დღის საათებში, ქ.ზ–ში, კ–ს ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა დ. დ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, როდესაც მისი აზრით, ე. ძ–სამ ჯეროვნად არ შეასრულა ქალის მოვალეობა და არ დაალაგა ძაღლის მიერ დასვრილი სახლი, არასრულწლოვანი შვილის - 11 წლის ნ. დ–ს თანდასწრებით დაამცირა თავისი მეუღლე - ე. ძ–სა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარჯვენა ხელი, რომელშიც ეკავა ძაღლის განავალი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. ე. ძ–მ განცდილი ტკივილისა და თავის ძაღლის განავლით დასვრის გამო დამცირებულად იგრძნო თავი, ამასთან, ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანი შვილის წინაშე აღმოჩნდა პატივსა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, რის გამოც განიცადა მორალური ტანჯვა.

5. დ. დ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენით დ. დ–სა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ამოერიცხა წარდგენილი ბრალდებიდან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა - 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 25000 ლარი.

7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. დ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ყ–მა, რომლებიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვდა დ. დ–სას დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ყველა ქმედების ჩადენაში.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება; დ. დ–სას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე; დ. დ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველ ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მიესაჯა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა და განესაზღვრა - 3 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა დ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1443-ე მუხლის პირველ ნაწილით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ, ერთი მხრივ, დაზარალებულ ე. ძ–სას ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 8 სექტემბერს დ. დ–მ მოსთხოვა, მოეწმინდა სახლში ძაღლის განავალი, ხოლო უარის მიღების შემდეგ ცხოველის განავლიანი ხელი ურტყა თავში; ე. ძ–სა და დ. დ–ს შვილის - ნ. დ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დილას მამის ყვირილმა გამოაღვიძა და დაინახა, როგორ ურტყამდა მამამისი დედამისს თავში ძაღლის განავალიან ხელს; მოწმე ც. შ–ს ჩვენებით, რომელსაც დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ მიაკითხა ე. ძ–მ, ირკვევა, რომ დაზარალებული იყო აღელვებული და განავლის სუნი ასდიოდა, რაც ერთობლივად შეფასებისას მიუთითებს მეუღლის მიერ ე. ძ–ს ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულ ე. ძ–ს ჩვენებით დგინდება, რომ დ. დ–სა წლების განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძავდა და აგინებდა უშვერი სიტყვებით; მსჯავრდებულისა და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილების ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ ოჯახში იყო ძალადობრივი გარემო, დ. დ–ს ჰქონდა ფეთქებადი ხასიათი, არ მოსწონდა, როდესაც მეუღლე კამათის დროს ეპასუხებოდა, ხშირად ეჩხუბებოდა და უხეშად ექცეოდა მას, რის გამოც შვილები ხედავდნენ დათრგუნულ, ატირებულ დედას, რაც ცხადყოფს მეუღლის მხრიდან ე. ძ–ს სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას.

12. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით კვლავაც იმეორებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007), რისი მხედველობაში მიღებითაც, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა დ. დ–სას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

13. ბრალდების მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ დ. დ–ს ქმედებაში გამოკვეთილია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, სქესის გამო ჩადენილი დანაშაული, რაც მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათ შორის - სქესის გამო, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება შესაბამისი დანაშაულისათვის, თუმცა იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ დ. დ–სა მეუღლეს სქესის ნიშნით ამცირებდა, არამედ ირკვევა, რომ დაზარალებულის პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება განაპირობა ე. ძ–სა და დ. დ–ს შორის ყოფით ნიადაგზე აღმოცენებულმა კონფლიქტმა, საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ მითითებული არგუმენტით მსჯავრად შერაცხული კვალიფიკაციის დამძიმებას არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. დ–ს, მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ყ–სა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი