Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1342-02 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. ჩ-ემ სარჩელი აღძრა ვ. და მ. მ-ეების წინააღმდეგ და მოითხოვა მატერიალური ზიანის – 21039 აშშ დოლარის და მორალური ზიანის – 13961 დოლარის ანაზღაურება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ქ. ბათუმში, ... მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით 1998 წელს მოპასუხეებმა შეიძინეს 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასთან ზეპირი შეთანხმებით დაიწყეს სახლის მშენებლობა შესაბამისი პროექტით. მოპასუხეებმა არ დაიცვეს პროექტით გათვალისწინებული პარამეტრები, კერძოდ, სათანადოდ არ გაამაგრეს სახლის საძირკველი, პირდაპირ ეზოს საზღვარზე ააშენეს პროექტით გათვალისწინებული ერთი სართულით მაღალი შენობა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მისი საცხოვრებელი სახლის საძირკველზე. სახლის კედლები დაიბზარა, რაც სწრაფად გაიზარდა და სახლმა დაიწყო რღვევა. სახლი საცხოვრებლად უვარგისი შეიქმნა. ამასთან, ახლადაშენებულმა სახლმა დააბნელა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ოთახები და წვიმის წყალი კი მოსარჩელის ეზოში იღვრება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეთა ბრალით მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამო, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება, ნერვიულობის საფუძველზე შეერყა ჯანმრთელობა. მუდმივად იმყოფება შიშისა და სტრესის ქვეშ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ, ჯერ ერთი, მ. მ-ე არ არის სათანადო მხარე, რადგან სახლი ვ. მ-ის საკუთრებაა. მეორე – მშენებლობა მოსარჩელესთან შეთანხმების საფუძველზე აწარმოა. მან არ უარყო, რომ მოსარჩელის სახლი ინგრევა, მაგრამ არა მხოლოდ მის მიერ წარმოებული მშენებლობის გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი მშენებლობის დაწყებამდე უკვე ამორტიზებული იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ე, როგორც არასათანადო მოპასუხე, ამოირიცხა თანამოპასუხეთა რიგიდან. ს. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ. მ-ეს ს. ჩ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 20000 ლარი მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის. მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 2000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი _ 550 ლარი _ ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 409-ე, 413-ე, 1000-ე მუხლებზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-ემ, როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს. ჩ-ემაც, რომელმაც მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანისათვის 35000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ს. ჩ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა. შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაეკისრა მატერიალური ზიანის, 42781 ლარის, ანაზღაურება ს. ჩ-ის სასარგებლოდ, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებაზე: მოცემულ საქმეზე მთავარი სხდომა დაიწყო 2002წ. 23 ივლისს. სხდომაში მონაწილეობას იღებდა ვ. მ-ის წარმომადგენელი თ. ც-ე და ს. ჩ-ე, რომელმაც იშუამდგომლა ადგილის დათვალიერების თაობაზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ს. ჩ-ის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით დაათვალიერა ს. ჩ-ის სახლი. დათვალიერების შემდეგ სასამართლომ საქმის განხილვა გააგრძელა, მაგრამ თ. ც-ე, რომელიც დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა, სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც სასამართლომ მხარე გამოუცხადებლად მიიჩნია სსკ-ს 232-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენა სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და სკ-ს 1000-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რადგან წარმომადგენელი თ. ც-ე სხდომაზე არ გამოცხადდა.

ვ. მ-ემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 232-ე მუხლი, რადგან მის წარმომადგენელს, რომელიც სხდომაში მონაწილეობდა, უარი არ განუცხადებია საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მან სხდომაში, რომელიც 2002წ. 13 ივლისს 10 საათიდან 19 სააამდე მიმდინარეობდა, მონაწილეობა მიიღო და შემდეგ დაესწრო ადგილის დათვალიერებას. სასამართლომ ისე გამოაცხადა შესვენება, რომ თ. ც-ისათვის არ უცნობებია სხდომის გაგრძელების დრო. სასამართლომ, მართალია, მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მაგრამ არ უმსჯელია, იურიდიულად რამდენად გამართლებული იყო მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საჩივრის ავტორმა მიუთითა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ს. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ისე, რომ არ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ც-ისათვის ცნობილი იყო ადგილის დათვალიერების შემდეგ სხდომის გაგრძელების თაობაზე და იგი არ გამოცხადდა პროცესზე. ამ შემთხვევაში სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 232-ე მუხლი. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უნდა გაუქმებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ზიანი 42781 ლარია, რის გამოც სსკ-ს 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა: ს. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ. მ-ეს ს. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 42781 ლარი.

ვ. მ-ემ აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორს მიაჩნია, რომ განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ თ. ც-ე (მხარის წარმომადგენელი) გაფრთხილებული იყო შესვენების შემდეგ სხდომის გაგრძელების თაობაზე. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 232-ე მუხლი და სკ-ს 1000-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაენო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 232-ე მუხლი. ამ ნორმით გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარე ადგილის დათვალიერების შემდეგ სასამართლოში არ გამოცხადებულა, რადგან მისთვის ცნობილი არ იყო სხდომის გაგრძელების შესახებ.

სხდომის ოქმით ირკვევა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2002წ. 23 ივლისს მთავარ სხდომაზე, აპელანტის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ საჭიროდ მიიჩნია, დაეთვალიერებინა საცხოვრებელი სახლი.

პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ს 121-ე მუხლით ადგილზე დათვალიერების შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, სადაც მითითებული უნდა იყოს დათვალიერების დრო და ადგილი. საქმის მასალებით (სხდომის ოქმით) ირკვევა, რომ დათვალიერება დაიწყო 2002წ. 23 ივლისს 1230 სთ-ზე. სხდომის ოქმში მითითებულია, რომ ადგილზე დათვალიერება დამთავრდა 14 სთ-ზე, სასამართლოს შემადგენლობა დაბრუნდა სასამართლოს შენობაში და გააგრძელა სხდომა. სხდომის ოქმით არ ირკვევა, თუ რომელ საათზე გაგრძელდებოდა სხდომა სასამართლო დარბაზში და ამის თაობაზე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ თუ არა. ამდენად, გაზიარებული უნდა იქნეს კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი გაფრთხილებული არ იყო სხდომის გაგრძელების თაობაზე. აქედან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო სხდომა გრძელდება სხვა დროს, მხარეები სხდომის გაგრძელების დროისა და ადგილის თაობაზე გაფრთხილებული უნდა იყვნენ. გაფრთხილება სხდომის სხვა დროს გაგრძელების შესახებ უნდა აისახოს სხდომის ოქმშიც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომის ოქმი ამ მხრივ არასრულია.

პალატას ასევე მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, მართალია, მიუთითა სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მაგრამ არ დაასაბუთა, სარჩელში მითითებული გარემოებები რა ნაწილში ამართლებენ იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას.

აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნეს სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.