3კ-1346-02 15 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა და ბინაში შესახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 27 ივნისს ქ. ჩ-ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ვ. ბ-ესთან. 19.... წ. ..... ივნისს შეეძინათ შვილი ბ. ბ-ე.
ქ. ჩ-ე მიყვანილი იქნას საცხოვრებლად ქ. ქუთაისში ...... მდებარე ჯ. ბ-ის კუთვნილ სახლში. შემდგომში ოჯახური უსიამოვნების გამო იგი გადავიდა მშობლების სახლში საცხოვრებლად.
2000წ. სექტემბერში ქ. ჩ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ვ., ც. და ჯ. ბ-ეების მიმართ ბინაში შესახლების და ნივთების დაბრუნების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლებულ იქნა ქ. ქუთაისში ..... მდებარე ბინის 14,70 კვ.მ და 16,38 კვ. მეტრი ფართობის ოთახებში დამხმარე სათავსოები დარჩა მხარეთა საერთო საკუთრებაში. მოპასუხეებს ვ. და ც. ბ-ეებს დაევალათ, რომ დაუბრუნონ მოსარჩელეს ირანული წარმოების საძინებელი გარნიტური. სასარჩელო მოთხოვნა ოქროს ნივთების დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. ც. და ვ. ბ-ეებმა შეიტანეს შეგებებული სარჩელი 790 ლარად შეფასებული სამკაულების დაბრუნების შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 8 ივნისის გადაწყვეტილების არ დაკმაყოფილდა მხარეების სააპელაციო საჩივრები. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც. და ვ. ბ-ეების შეგებებული სარჩელი. ქ. ჩ-ეს დაეკისრა 10 გრამიანი ბეჭდის და ბრილიანტის ბეჭდის ღირებულების დაბრუნება.
ქ. ჩ-ემ ჯ., ვ. და ც. ბ-ეებმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეიტანეს საკასაციო საჩივრები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მარტის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ. დაკმაყოფილდა მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები, ნაწილობრივ გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 3 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრათ 1060 ლარად შეფასებული ოქროს ნივთების დაბრუნება. მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო ბინაში შესახლებაზე. საძინებელი გარნიტურის ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ც. და ვ. ბ-ეებს უარი ეთქვათ შეგებებულ სარჩელზე.
ქ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილებას.
ვ. და ც. ბ-ეები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. ქუთაისში ...... მდებარე სახლის მესაკუთრეა ჯ. ბ-ე. ბინა შედგება 14.07 კვ.მ და 16,38 კვ. მეტრის ფართობის ორი საცხოვრებელი ოთახისაგან.
ჯ. ბ-ე 1963 წლიდან აღრიცხვაძე იმყოფება ფსიქონერვოლოგიური დისპანსერში დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია. არის პირველი ჯგუფის ინვალიდი.
მხარეებს შორის არის უაღრესად გამწვავებული ურთერთობა, რაც დასტურდება ქ. ჩ-ის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
სააპელაციო პალატა სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ბინის მესაკუთრე ჯ. ბ-ეს სკ-ს 168-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხის მიმართ გააჩნდა მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე პრეტენზიის წაყენების საფუძველი.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კეთილსინდისიერი მფლობელი რომელმაც დაკარგა ეს უფლება ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს.
სასარჩელო განცხადებაში მითითებული ოქროს სამკაულები ქ. ჩ-ეს აჩუქეს მისმა ნათესავებმა ნიშნობამდე დიდი ხნით ადრე.
სკ-ს 1161-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა ქორწინებამდე.
დადგენილია, რომ შეგებებულ სარჩელში ჩამოთვლილი 790 ლარად შეფასებული ოქროს სამკაულები ქ. ჩ-ეს აჩუქა ნიშნობაზე ვ. ბ-ემ, რომლებიც ვერ ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ დასაჩუქრებულს არ გამოუჩენია უმადურობა მჩუქებლის მიმართ და არ არსებობს სკ-ს 529-ე მუხლის შესაბამისად ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ც. და ვ. ბ-ეების მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ჩ-ის, ვ. და ც. ბ-ეების საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.