¹1349-02 28 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბავშვის ნახვის უფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ღ-ა და თ. ე-ე არიან ყოფილი მეუღლეები. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი გ. ე-ე, დაბადებული 1999წ. 19 სექტემბერს. მცირეწლოვანი ბავშვი აღსაზრდელად იმყოფებოდა დედასთან.
2002წ. მაისში თ. ე-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა ბავშვის ნახვის და აღზრდაში მონაწილეობის უფლება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ. ე-ეს მიეცა შვილის ნახვის უფლება ზესტაფონის არასრულწლოვან ბავშვთა ინსპექციაში, კვირაში ერთხელ, დღის 1100 საათზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ე-ემ იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს ამგვარი გადაწყვტილებით მას არ ექნებოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა შვილის არზრდაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ე-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნა ცვლილება, თ. ე-ეს ნება დაერთო იქონიოს შვილთან გ. ე-ესთან ურთიერთობა კვირაში სამჯერ, დღის საათებში.
საკასაციო საჩივრით ნ. ღ-ა ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ აქვს შვილის ნახვის ზნეობრივი და კანონიერი უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 1199-ე მუხლის შესაბამისად მშობლებს შვილების მიმართ აქვთ თანაბარი უფლება მოვალეობები, იმ შემთხვევაშიც როცა ისინი განქორწინებული არიან.
თ. ე-ესა და ნ. ღ-ას შორის ქორწინება შეწყვეტილია. მათი მცირეწლოვანი შვილი გ. ე-ე იზრდება დედასთან.
სკ-ს 1202 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, ხოლო მშობელს რომელთანაც ცხოვრობს შვილი, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელისათვის კვირაში ერთხელ, 1100 საათზე არასრულწლოვან ბავშვთა ინსპექციაში შვილის ნახვის უფლების მიცემით მოსარჩელეს შეეზღუდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები. ასეთ პირობებში თ. ე-ეს არ ექნებოდა შესაძლებლობა, რომ თავისუფალი ურთიერთობა ჰქონოდა შვილთან.
საქმეში არ არის წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ თ. ე-ესთან ურთიერთობა ხელს უშლიდა გ. ე-ეს ნორმალურ აღზრდაში და მავნე ზეგავლენას ახდენდა მასზე.
კვირაში ერთხელ ძალინ მცირე დროით და პოლიციის შენობაში, პოლიციის თანამშრომელთა თანდასწრებით შვილის ნახვის ნებართვის განხორციელება ფაქტიურად ნიშნავდა შვილთა ურთიერთობის შეზღუდვას, რადგან ამ პირობებში შეუძლებელი იყო მამაშვილს შორის რაიმე აღმრზდელობითი ხასიათის ურთიერთობის დამყარება.
სააპელაციო პალატამ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ღ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.