საქმე # 120100120003937952
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №164აპ-23 ქ. თბილისი
კ–ე ი., 164აპ-23 7 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ–სისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. კ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. მ–მა. კასატორები საკასაციო საჩივრით მოითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ემყარება მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული დაზარალებულების - ა. კ–ისა და ნ. კ–ს ჩვენებებს, რომლებიც არადამაჯერებელი და არასანდოა, როგორც მუქარის, ისე ძალადობის ბრალდების ნაწილში; ამასთან, ნ. კ–ს ფიზიკური ძალადობის შედეგად, სხეულზე არ აღენიშნება ჯანმრთელობის დაზიანების რაიმე კვალი; დანაშაულის იარაღი - ჯოხი, დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან იგი ამოღებულია საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით. ასევე დაუშვებელი მტკიცებულებაა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც, რომლის შედეგადაც ამოღებულ იქნა აღნიშნული ჯოხი.
2. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბარბარა ჩხეიძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას, ვინაიდან განაჩენი სამართლიანი და კანონიერია.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენით ი. კ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ი. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარი.
გაუქმდა ი. კ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ–მ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ი. კ–სის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ. ბ–ში, რ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, ი. კ–ე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ. კ–ს და ა. კ–ს დაემუქრა ამოხოცვით, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
- 2020 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ. ბ–ში, რ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, ი. კ–მ ურთიერთშელაპარაკებისას ნ. კ–სეს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. კ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მა. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების - ა. კ–სა და ნ. კ–ს ჩვენებები არის ურთიერთშეთანხმებული, თანმიმდევრული და დამაჯერებელი. დაზარალებულები ცალსახად ადასტურებენ ი. კ–ს მხრიდან მათ მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ნ. კ–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, რის შედეგადაც განიცადეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო ნ. კ–სემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ის გარემოება, რომ ი. კ–სეს და ნანა და ა. კ–ბს შორის არსებობდა ქონებრივი დავა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, უპირობოდ არ წარმოადგენს დაზარალებულების ჩვენებების გაუზიარებლობისა და საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი ჩვენებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ამასთან, დაზარალებულების ჩვენებებს ასევე სრულად შეესაბამება მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები, რა დროსაც ამოღებულ იქნა ჯოხი, რომელიც მათი ჩვენებებით, ი. კ–მ მოუქნია ა. კ–ს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და საპროცესო გაფორმების დროს ასევე არ იკვეთება სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევები.
10. დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ ნ. კ–სეს ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, ვინაიდან სამედიცინო დახმარებაც კი არ დასჭირდა და, ამასთან, სხეულზე არც ჯანმრთელობის დაზიანების რაიმე კვალი აღენიშნებოდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური ტკივილი ყოველთვის არ იწვევს ხილულ დაზიანებებს, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ძალადობის შედეგად პირს სხეულზე არ აქვს დაზიანებები, რომელიც შემდგომში ექსპერტიზის დასკვნით შეფასდებოდა, არ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობას. ამასთან, დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს დაცვის მხარე, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივარში არ უთითებენ. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. კ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი