Facebook Twitter

საქმე # 330100122006026313

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№400აპ-23 ქ. თბილისი

მ-ე შ., 400აპ-23 6 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და შ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ. მ–სის მიერ დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: მოწმეების - ფ. ფ–ს, ნ. თ–ს, ს. ყ–სა და შ. მ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ კონფლიქტი მოხდა ი. თ–სსა და შ. მ–ს შორის; ფ. ფ–ს ჩვენებით დგინდება, რომ შ. მ–მ დაპირისპირების დროს გულმკერდის არეში დაარტყა დანა ი. თ–ს, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; კასატორის მითითებით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა შ. მ–ს ჩვენება, რომლის მიხედვით, იგი თავს იცავდა და სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა დაზარალებულისათვის ჭრილობის მიყენებისა, რომელიც არ დასტურდება სხვა ობიექტური მტკიცებულებებით და მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად; შ. მ–ს განმარტება, რომ თითქოსდა, დანას უმისამართოდ (როგორც პროცესზე მოახდინა დემონსტრირება - ჰორიზონტალურად) იქნევდა, რათა დაზარალებული არ მიახლოებოდა, ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, ი. თ–ს მიყენებული აქვს ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, ზომით - 0,5-0,4 სმ-ზე, რომელიც მიემართება სხეულის ზედაპირიდან სიღრმეში და შემავალია გულმკერდის ღრუში, რაც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას, რომ შ. მ–ე თავს იცავდა და ადასტურებს, რომ მან გულმკერდის არეში, დამიზნებით დაარტყა დანა ი. თ–ს; ასევე - არადამაჯერებელია შ. მ–ს მტკიცება, თითქოსდა, არ ჰქონდა გაქცევის შესაძლებლობა, რამეთუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ოთახს, სადაც მოხდა შემთხვევა, ჰქონდა ორი კარი და ფანჯარა, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო გაქცევა შ. მ–ს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ. მ–ს ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩა №..-ში მდებარე შ. მ–ს საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტი მოუხდათ მთვრალ შ. მ–სა და მის მეზობელს - ი. თ–ს, რა დროსაც შ. მ–მ ი. თ–ს დანა დაარტყა გულმკერდის არეში, კერძოდ, მარცხენა იღლიის უკან მეოთხე და მეხუთე ნეკნებს შორის და მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

3. შ. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით შ. მ–სე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

4.1. სასამართლომ დაადგინა, რომ შ. მ–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებაა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და შ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც შ. მ–ე ი. თ–სათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

10. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ დანაშაულის კონსტრუქცია მოიცავს სამ აუცილებელ ელემენტს - ქმედების შემადგენლობას, მართლწინააღმდეგობასა და ბრალს. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს - პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს თუ არა შესაბამისი შემადგენლობის ნიშნებს. თუკი დადგინდება შემადგენლობის არსებობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა იმის თაობაზე, არსებობს თუ არა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მათ შორის - აუცილებელი მოგერიების ვითარება და შემადგენლობის შემცველი ქმედება განხორციელდა თუ არა ასეთი მოგერიების კანონით განსაზღვრულ ფარგლებში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №424აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეების - ნ. თ–ს, ფ. ფ–ს, ს. ყ–სა და შ. მ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და დანის ამოღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა სამხილებით, უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ შემთხვევის დღეს შ. მ–მ ი. თ–ს გულმკერდის არეში დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემადგენლობის არსებობაზე მიუთითებს.

12. ამის შემდეგ გადასაწყვეტია მთავარი სადავო საკითხი: არსებობდა თუ არა საფუძველი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების აუცილებელ მოგერიებად სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვაგვარად რომ ითქვას, შ. მ–ს ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი იწვევს თუ არა ისეთ გონივრულ ეჭვს, რაც შეიძლება მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი გახდეს, როგორც ეს საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ საკვანძო არგუმენტად არის მიჩნეული.

13. ბრალდების მხარის მტკიცებით: შ. მ–სე მოქმედებდა ი. თ–ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით, ხოლო დაცვის მხარის ვერსიით - შ. მ–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია: პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №593აპ-15 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, ხდება მომხდარი შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებებისა და თვით დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენების გათვალისწინებით, თუმცა ობიექტური რეალობის დასადგენად არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებაც. ამდენად, იმის დასადგენად, მოქმედებდა თუ არა შ. მ–ე აუცილებელი თავდაცვის მდგომარეობაში, საკასაციო სასამართლომ დეტალურად მიმოიხილა როგორც ი. თ–სა და შ. მ–ს განმარტებები, ასევე - საქმეში წარმოდგენილი სხვა ობიექტური სამხილები, რომელთა ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ შ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედება იყო სწორედ უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, რაც მის მართლზომიერებაზე მიუთითებს, კერძოდ: შ. მ–სა და ფიქრია ფხაკაძის ჩვენებებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს უგონოდ მთვრალი ი. თ–სი დანით შეიარაღებული მიეჭრა სახლში შ. მ–ს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, გაიძახოდა: ,,მოგკლავ, დაგბრიდავო“; აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებულმა და მისმა ძმამ დაადასტურეს, რომ ი. თ–სი ალკოჰოლური სასმლის დალევის შემდეგ ითიშება, რისი მხედველობაში მიღებითაც, სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ვერ გაიხსენა, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება, რადგან შემთხვევის დღეს იყო მთვრალი; შ. მ–სის ჩვენებით ირკვევა, რომ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას, ი. თ–ს ხელზე ჩამოეკიდა მისი ძმა - შ. მ–ე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, თუმცა თავდამსხმელის შეკავება ვერც მან შეძლო, ხოლო ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, იყო შეშინებული, თავდამსხმელი უკან არ დაბრუნებულიყო და სთხოვდა შ. მ–ს, სახლიდან წასულიყვნენ. შ. მ–ს განმარტებების კვალდაკვალ, საინტერესოა დაზარალებულის ძმის - ნიკოლოზ თადიაშვილის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ დაზარალებულს გულმკერდის არეში ჭრილობის მიყენების შემდეგაც არ შეუწყვეტია მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა და მიუხედავად იმისა, რომ ძალის გამოყენებით გაარიდა იგი შემთხვევის ადგილს, ი. თ–ი კვლავ ცდილობდა თავის დაღწევასა და კონფლიქტის განახლებას; ასევე - მეტად მნიშვნელოვანია, რომ შ. მ–ს დანით შესაიარაღებლად შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია, რაც მის ქმედებაში შურისძიების მოტივს გამოკვეთდა, არამედ - ჩხუბის დროს გადაყირავებული მაგიდიდან გადმოვარდნილი დანა აიღო და მიაყენა ჭრილობა ი. თ–ს; საყურადღებოა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ი. თ–ს გულმკერდის არეში მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიყენებული აქვს ერთი ჭრილობა, რაც სხვა გარემოებებთან ერთობლივად, შ. მ–ს ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის მოგერიების სურვილზე მიუთითებს და თავდასხმის განზრახვას გამორიცხავს.

16. ამდენად, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დანით შეიარაღებული, უგონოდ მთვრალი ი. თ–ი მიეჭრა თავის სახლში მყოფ შ. მ–ს, რომელსაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და მიუხედავად შ. მ–ის ფიზიკური წინააღმდეგობისა, კვლავ განაგრძო მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ამასთან - დადგენილია, რომ შ. მ–ს დანით შესაიარაღებლად შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია, არამედ - ჩხუბის დროს გადაყირავებული მაგიდიდან გადმოვარდნილი დანა აიღო და მიაყენა ჭრილობა თავდამსხმელს და იმის მხედველობაში მიღებით, რომ შ. მ–მ ერთი ჭრილობა მიაყენა ხელმყოფს, როცა ხელს არავინ უშლიდა, გაეგრძელებინა ი. თ–ს ჯანმრთელობის დაზიანება, ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ცხადყოფს, რომ შ. მ–მ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანა ხელმყოფი, რაც გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი