¹3კ-1355-02 15 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საცხოვრებელი ბინიდან წილის მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ა-ა 1996წ. სექტემბერში ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ვ. ა-ასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ერთი შვილი დ. ა-ი, დაბადებული 19...... წ. ..... იანვარს.
1996წ. 22 სექტემბერს თ. და ვ. ა-ებმა შეიძინეს ქ. რუსთავში ..... მდებარე ერთოთახიანი ბინა, რომელიც აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე.
ვ. ა-ის რწმუნებულმა ც. ფ-მა 2001წ. 31 ოქტომ,ბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული ბინა გაასხვისა ს. ა-აზე.
თ. ა-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ვ. და ს. ა-ების მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და საცხოვრებელი ბინიდან 2/3 წილის მიკუთვნების შესახებ.
ს. ა-ამ აღძრა შეგებებული სარჩელი სადავო ერთოთახიანი ბინიდან თ. ა-ას გამოსახლების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ს. ა-ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა გამოუცხადებლობის გამო.
ვ. და ს. ა-ების, ც. ფ-ის წარმომადგენელმა ჟ. გ-ემ შეიტანა საჩივარი საქმის წარმოების განახლების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თ. ა-ას წარმომადგენელი ც. დ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილი იყო სსკ-ს ნორმების მოთხოვნათა დაცვით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათ გამო:
სსკ-ს 70-ე მუხლის შესაბამისად მხარესა და მათს წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
ვ. ა-ს უწყება არ ჩაბარებია, რადგან ამ დროისათვის მოპასუხე არ იმყოფებოდა საქართველოში.
სსკ-ს 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით თუ ადრესატი დროებით წასულია, უწყების ჩამბარებელმა პირმა უწყების მეორე ეგზემპლიარზე უნდა აღნიშნოს სად არის წასული ადრესატი და როდის მოელიან მის დაბრუნებას. ეს ცნობები დადასტურებული და დამოწმებული უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს ან ადრესატის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ.
სასამართლომ ისე განიხილა დავა მოპასუხის დაუსწრებლად, რომ არ ყოფილა შესრულებული კანონის მითითებული ნორმის მოთხოვნა.
სსკ-ს 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ა-ას წარმომადგენლის ც. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.