Facebook Twitter

3კ-1357-02 5 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: კოოპერატივის საერთო კრების ოქმების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

კოოპერატივ “ს-ის” დირექტორმა ც. ბ-მა 2002წ. 9 იანვარს განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა და წარადგინა კოოპერატივის საერთო კრების ოქმი (¹4 31.01.01). 2002წ. 17 იანვარს კ. ლ-მა (კოოპერატივის დირექტორი) განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, განცხადება სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილებულიყო, რადგან კრება უკანონოდ იყო მოწვეული. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 იანვრის განჩინებით განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო კ. ლ-ს მიეცა ერთი კვირის ვადა, რათა დადგენილი წესით სარჩელი წარედგინა სასამართლოში.

ა. ლ-მა სარჩელი აღძრა კოოპერატივ “ს-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა კოოპერატივის მეპაიეთა 2001წ. 22 და 31 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობა და რეგისტრაციაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმა. სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: კრება მოწვეული არ იყო კოოპერატივის გამგეობის მიერ; 2001წ. 22 დეკემბრის კრების ოქმი არ არის დამოწმებული ნოტარიალურად, როგორც ამას მოითხოვს “მეწარმეთა კანონის” 5.2 მუხლი; ოქმი შედგენილია არასრულყოფილად, მითითებული არ არის რამდენი მეპაიე ან წევრი დაესწრო კრებას; წინასწარ ცნობილი არ იყო კრების დღის წესრიგი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რადგან მიაჩნია, რომ კრება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი კოოპერატივ “ს-ის” მეპაიეთა კრების 2001წ. 22 დეკემბრის და 31 დეკემბრის ოქმები. ც. ბ-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.2 მუხლი, რადგან კრების ოქმი არ არის სანოტარო წესით დამოწმებული. ასევე სარეგისტრაციო მასალებს არ ერთვის კოოპერატივის დირექტორ ც. ბ-ის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერის ნიმუში და სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.6 მუხლით კოოპერატივის საერთო კრება უნდა მოეწვია გამგეობას ორივე დირექტორს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივმა “ს-ემ”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება შეიცვალა იმ მიმართებით, რომ სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა ც. ბ-ისათვის სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანაზე უარის თქმა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

გაზეთ “ ....... “ 2001წ. 15 ნოემბერისა და 5 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა კოოპერატივის დირექტორის ც. ბ-ის განცხადება კოოპერატივ “ს-ის” მეპაიეთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე, რომელიც გაიმართებოდა 2001წ. 22 დეკემბერს. ასევე გამოქვეყნდა კრების დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც კრება განიხილავდა კოოპერატივ “ს-ის” მეორე დირექტორის არჩევისა და რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის საკითხებს.

2001წ. 22 დეკემბერს კვორუმის უქონლობის გამო კრება იგივე დღის წესრიგით სხვა დროისთვის გადაიდო. იმავე წ. 31 დეკემბერს შედგა კოოპერატივის მეპაიეთა კრება, რომელსაც ესწრებოდა 28 მეპაიე. კრებამ დაადგინა, რომ კოოპერატივ “ს-ის” მეორე დირექტორი ა. (კ.) ლ-ი ამოღებულ იქნეს რეგისტრაციიდან და დირექტორად დაინიშნა გ. კ-ი; რეგისტრაციიდან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან ვადაზე ადრე გაყვანილ იქნა 6 წევრი; არჩეულ იქნა ახალი სამეთვალყურეო საბჭო; მეპაიეთა წევრობიდან გაირიცხა 15 მეპაიე; დირექტორ ც. ბ-ს ვადა 5 სამეურნეო წლით გაუგრძელდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ კრების მოწვევისას დარღვეულ იქნა “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმები, კერძოდ, 63.6 მუხლი, რომლის მიხედვით საერთო კრებას იწვევს გამგეობა. 2001წ. 22 დეკემბრის კრება მოწვეული იყო არა გამგეობის, არამედ დირექტორ ც. ბ-ის მიერ. კრებაზე განხილული იქნა მეორე დირექტორის არჩევის საკითხი, ხოლო სხვა დანარჩენი საკითხები დღის წესრიგში მითითებული არ ყოფილა. გასაჩივრებული კრების ოქმში არ არის აღნიშნული, თუ რა სახის კენჭისყრით იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.9 მუხლზე, რომლითაც, თუ 7 დღის ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, იგი ჩაითვლება რეგისტრირებულად. სასამართლო ვალდებულია, მოთხოვნისთანავე გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული კრების ოქმების საფუძველზე ცვლილებები სამეწარმეო რეესტრი რეგისტრირებულია, რადგან ც. ბ-მა სასამართლოს განცხადებით მიმართა 2001წ. 9 იანვარს. სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში (7 დღე) არც რეგისტრაცია განუხორციელებია და არც მოტივირებული უარი უცნობებია მხარისათვის, რადგან 2001წ. 31 დეკემბრის კრების ოქმი ბათილია, საფუძველი ეცლება სამეწარმეო რეესტრში შეტანილ ცვლილებებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მოახდინა ც. ბ-ის განცხადების (რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე) გაერთიანება ა. ლ-ის სარჩელთან. სასამართლომ გადაწყვეტილებით ისე უთხრა უარი ც. ბ-ს რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციაზე, რომ სარჩელი აღნიშნულის შესახებ ც. ბ-ს წარდგენილი არ ჰქონია. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას რეგისტრაციაში ცვლილებებზე უარის თქმის შესახებ, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეამცირა დავის საგანი და მოითხოვა მხოლოდ ოქმების ბათილად ცნობა. სსკ-ს 248-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას უფლება არა აქვს მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივ “ს-ის” დირექტორმა ც. ბ-მა. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ს 59-ე მუხლის III ნაწილისა და 214-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან სასამართლომ საქმე განიხილა ხუთთვიანი ვადის დარღვევით და მოსამართლეთა სხვა შემადგენლობით. სასამართლომ საერთო კრების მოწვევა და ჩატარება არასწორად მიიჩნია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.6 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან კოოპერატივის გამგეობა (დირექტორი) ერთი წევრისაგან შედგება, კრება სწორედ გამგეობის მიერ იყო მოწვეული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კრების თაობაზე განცხადება 8 დღით ადრე იყო გამოქვეყნებული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების დარღვევით. ამასთან, სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილით საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. პალატა მიუთითებს, რომ თუ სასამართლო დაარღვევს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საპროცესო ვადას, ეს არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. რაც შეეხება სასამართლოს მიერ 214-ე მუხლის დარღვევას, პალატა კასატორის არც ამ მოსაზრებას იზიარებს, რადგან ჯერ ერთი, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეებს სასამართლო შემადგენლობის მიმართ აცილების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. მეორე, სასამართლომ საქმე სხვა შემადგენლობით განიხილა იმის გამო, რომ 2002წ. 4 ივნისს ც. ბ-ის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა აცილებულ იქნა სასამართლოს იმ შემადგენლობისათვის, რომელიც მოცემულ საქმეს იხილავდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არც იმ მოსაზრებას, რომ კოოპერატივის საერთო კრება მოწვეული იყო “მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დადგენილია, რომ კოოპერატივის გამგეობა ორი წევრისაგან შედგება, ხოლო კრება მოიწვია ერთ-ერთმა მათგანმა. პალატა მიუთითებს, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.6 მუხლის საფუძველზე საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან ამ კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილი. კოოპერატივის წესდების 7.1-7.11 მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ კოოპერატივის მართვის ორგანოებსა და მათ ფუნქციებს, არ ადგენს საერთო კრების მოწვევის კანონისაგან განსხვავებულ წესს. ამდენად, სასამართლომ სწორედ გამოიყენა და განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.6 მუხლი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კოოპერატივ “ს-ის” დირექტორ ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.