საქმე # 330100122006141945
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№456აპ-23 ქ. თბილისი
მ–ი ი., 456აპ-23 27 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია დაზარალებულ რ. ფ–ს ჩვენებასა და შემაკავებელი ორდერის ოქმზე, რომლის გამოცემის საფუძველი, თავის მხრივ, არ დაუდასტურებია დაზარალებულს, რომელსაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ მიუთითებია, რომ ი. მ–ი 2022 წლის 1 აგვისტოს აიძულებდა სახლიდან წასვლას, იგინებოდა უმისამართოდ და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე, რისი მხედველობაში მიღებითაც, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას არ უნდა გაეზიარებინა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც არ დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით ი. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ი. მ–სს საბოლოოდ მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. მ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2022 წლის 1 აგვისტოს ი. მ–ს მიმართ გამოიცა №.......... შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზე, 30 დღით აეკრძალა რძალთან (შვილის მეუღლესთან) - რ. ფ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე - იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2022 წლის 6 აგვისტოს, დაახლოებით 18:15 საათზე, ი. მ–ი მივიდა ქ. თ–ში, ტ–ს ქ. №..-ში მდებარე რ. ფ–ის საცხოვრებელი სახლის კართან, დაჯდა და დაიწყო ხმამაღლა საუბარი და გინება, რითაც დაარღვია №..... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მა, რომელიც ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკვანძო საკითხებს - გამოკვეთილია თუ არა დაზარალებულ რ. ფ–ს ჩვენებასა და შემაკავებელი ორდერის ოქმს შორის არსებითად საწინააღმდეგო გარემოებები, რაც მათ სანდოობას საეჭვოს გახდიდა და რამდენად ქმნის ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილები უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რომლებზეც ასევე აპელირებდა კასატორი სააპელაციო საჩივარშიც, დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ არის დადგენილი ი. მ–ს ბრალეულობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: 2020 წლის 1 აგვისტოს მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმიდან, რომლის შინაარსს გამოცემისთანავე გაეცნო მსჯავრდებული ი. მ–ი, რომელიც არ გაუსაჩივრებია და რომლის საფუძველზეც, 30 დღით აეკრძალა რძალთან - რ. ფ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე - იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ძალადობის მსხვერპლი იმყოფებოდა; დაზარალებულ ი. ფ–ს ჩვენებიდან, რომელმაც დაადასტურა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ალკოჰოლით მთვრალი ი. მ–ი მოითხოვდა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების სახლიდან წასვლას და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მათზე, რის გამოც, მისი მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის პირობები დაარღვია მსჯავრდებულმა, როდესაც ალკოჰოლით მთვრალი მივიდა მის საცხოვრებელ სახლთან, იგინებოდა და აგრესიულად მოითხოვდა სახლიდან მის გარიდებას; მოწმის სახით დაკითხული გ. გ–ს ჩვენებიდან, რომელმაც 2022 წლის 1 აგვისტოს ი. მ–ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მოთხოვნებსა და ვალდებულებებს გაეცნო მსჯავრდებული და დაეთანხმა; მოწმეების სახით დაკითხული - გ. კ–სა და გ. ს–ს ჩვენებებიდან, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ 2022 წლის 6 აგვისტოს ალკოჰოლით მთვრალი ი. მ–ი დააკავეს რ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც იგი განაგრძობდა ალკოჰოლური სასმლის დალევას, რაც ერთობლივად შეფასებისას გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას საქმეში წარმოდგენილ სამხილებს შორის არსებით წინააღმდეგობებთან მიმართებით და ცალსახად ადასტურებს ი. მ–ს ქმედებაში მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის - შემადგენლობის არსებობას, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი