Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1360-02 11 თებერვალი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: სანოტარო აქტის გაუქმება, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 25 მაისს მ. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს სანოტარო აქტის გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლით:

თბილისში, ... მდებარე სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ი. გ-ის სახელზე, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღეს შვილებმა: გ., დ. და ია. გ--დ-ებმა. სახლის 2/3 გასხვისებულ იქნა გ. და დ. დ-ების მიერ. 1998 წელს გარდაიცვალა ია. დ-ი, რომელსაც დარჩა მემკვიდრეები: მეუღლე მ. დ-ი, შვილი გი. დ-ი და დედა ვ. დ-ი. მ. და ვ. დ-ებმა არასრულწლოვან გი. დ-ის სასარგებლოდ უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე, რის გამოც გი. დ-ზე ნოტარიუს ა. შ-ის მიერ გაცემულ იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რაც 2001წ. 16 მაისს გაუქმებულ იქნა ნოტარიუს შ-ის დადგენილებით იმ მოტივით, რომ ვ. დ-ი სამკვიდროზე უარის თქმის დროს თავის მოქმედებებს კონტროლს ვერ უწევდა. მ. დ-მა სარჩელით მოითხოვა სანოტარო აქტის გაუქმება და გი. დ-ის მემკვიდრედ ცნობა ია. დ-ის დანაშთ ქონებაზე.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ვ. დ-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინებით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ვ. დ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა გაშვებულად ვ.დ-ის მიერ სამკვიდროზე უარის თქმისათვის შედავების ორთვიანი ვადა. სკ-ს 1439-ე მუხლით არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ. სამკვიდროს მიღებაზე დადგენილი ვადა სწორედ ამ სხვა მემკვიდრეებისათვისაა გათვალისწინებული. თუ ეს ვადა ეხება სამკვიდროს მიღებაზე უარის მთქმელ პირსაც, მაშინ იგი აითვლება იმ დღიდან, როდესაც დაინტერესებულმა პირმა შეიტყო შედავების საფუძვლების არსებობის თაობაზე. კასატორმა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ არსებული დოკუმენტის არსებობა გაიგო გვიან და მაშინვე სარჩელით მიმართა სასამართლოს. სასამართლოს ამ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა სკ-ს 130-ე მუხლი, რომლის საფუძველზე მისი მოთხოვნა ხანდაზმულად არ ითვლება. სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა სკ-ს 58-ე მუხლი, ვინაიდან სადავო საბუთს ვ.დ-მა ხელი მოაწერა მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის დროს. კერძოდ, შვილის, ია. დ-ის, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, რასაც ადასტურებენ ნოტარიუსის წარმომადგენელი და სხვა მოწმეები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთებულობა, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცებულად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისში, ... განთავსებული საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ი. გ-ის სახელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება მიიღეს გ., დ. და ია. დ-ებმა. სახლის 2/3 გასხვისებულ იქნა გ. და დ. დ-ების მიერ, ხოლო 1/3-ში ცხოვრობდა ია. დ-ი. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1998 წელს. მას დარჩა მემკვიდრეები: მეუღლე მ. დ-ი, შვილი გი. დ-ი და დედა ვ. დ-ი. მ. და ვ. დ-ებმა 1998წ. 31 ივლისს უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე არასრულწლოვან გი. დ-ის სასარგებლოდ, რის საფუძველზე 1998წ. 27 ოქტომბერს გაიცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. 2001წ. 16 მაისს ნოტარიუს ა. შ-ის დადგენილებით გი. დ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაუქმდა იმ მოტივით, რომ ვ. დ-ი სამკვიდროზე უარის თქმისას ვერ უწევდა კონტროლს თავის მოქმედებებს.

სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ნოტარიუსის ქმედება არაკანონიერად, ვინაიდან კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება ნოტარიუსის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს და “ნოტარიუსის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილია ზუსტი ჩამონათვალი იმ მოქმედებებისა, რომელთა შესრულება ნოტარიუსის კომპეტენციაში შედის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სკ-ს 1446-ე მუხლი, რომლის თანახმად მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია. აღნიშნული ნორმით მემკვიდრე ვ. დ-ს უფლება არა აქვს, შეცვალოს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება. როგორც მემკვიდრეობის მიღება, ისე მასზე უარის თქმა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლის ბათილობა შესაძლებელია გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობისას. კასატორის მითითება სკ-ს 58-ე მუხლზე იმ მტკიცებით, რომ მის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა მოხდა მძიმე ფსიქიკური მდგომარეობის დროს, რაც მისი ბათილობის საფუძველია, ვერ იქნება გაზიარებული მისი დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულება ვ. დ-ს არ წარმოუდგენია. დროებითი ფსიქიკური მოშლილობა მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება, რადგან იგი საჭიროებს სპეციალისტის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას _ სამედიცინო დასკვნას. სსკ-ს 102-ე მუხლის მესამე ნაწილით კი დაწესებულია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღებაზე შედავების ვადა. სკ-ს 1450-ე მუხლით დაწესებულია, რომ სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ არსებულ დოკუმენტზე მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ვინაიდან ვ. დ-მა ჯერ კიდევ 1998წ. 31 ივლისს ნოტარიუსის თანდასწრებით თავისივე ხელმოწერით დაადასტურა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.