Facebook Twitter

საქმე # 010100120003527571

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №140აპ-23 ქ. თბილისი

ჟ–ი კ., 140აპ-23 5 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ჟ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ჟ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჩ–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. ჟ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ ძირითად არგუმენტებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა; მოწმე პოლიციელების ჩვენებები, არამარტო შინაარსობრივად, არამედ - სიტყვებითაც და გრამატიკული შეცდომებითაც ზუსტად ერთმანეთის იდენტური და კოპირებულია, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ მოწმეები გამოკითხვის ოქმებში შეთანხმებულად იტყუებიან. აღნიშნული კი წარმოქმნის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მათ მსჯავრდებულის მიმართ გააჩნიათ დაინტერესება; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - კ. ჟ–ს პირადი ჩხრეკის, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმები ფალსიფიცირებულია, ხოლო საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი ჩატარებულია საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით, რის გამოც ეს მტკიცებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს; გარდა ამისა, როგორც კ. ჟ–ი განმარტავს, პოლიციის თანამშრომლებმა მასზე მოახდინეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიციელთათვის მოსაწონი ქმედებებისა და მისგან თანამშრომლობის სანაცვლოდ, უკანონოდ დაჰპირდნენ სამართლებრივი შეღავათების გავრცელებას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით კ. ჟ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ,კ. ჟ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 (თერთმეტი) წლით.

კ. ჟ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 20 (ოცი) წლით.

მსჯავრდებულ კ. ჟ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დროიდან - 2020 წლის 13 თებერვლიდან.

გაუქმდა მსჯავრდებულ კ. ჟ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ჟ–მა ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა.

კ. ჟ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- კ. ჟ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, დიდი ოდენობით - 0,84 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (მარილი)“, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 39,782 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0,247 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „პუბრენორფინს“, რომელთა ნაწილიც - 0,831 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს 2020 წლის 13 თებერვალს ქ. ბ–ში, .........ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „........ სახლის“ უკან, ზღვის სანაპიროზე ჩატარებული, კ. ჟ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად. ასევე, ნაწილი - 36,433 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 0,169 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და 0,84 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (მარილი)“ ამოიღეს 2020 წლის 13 თებერვალს კ. ჟ–ს დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბ–ში, ...........ის ქუჩა N..-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. ასევე, 2,518 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 0,078 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოიღეს 2020 წლის 13 თებერვალს ქ.ბ–ში სხვადასხვა ადგილებიდან (მისამართებიდან), ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად.

- კ. ჟ–სს გამოძიებით დაუდგენელ დროსა და დაუდგენელ პირებზე შემდგომში უკანონოდ გასაღების მიზნით, 0,078 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,518 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ განთავსებული ჰქონდა ქ. ბ–ში სხვადასხვა ადგილებზე (მისამართებზე), რაც 2020 წლის 13 თებერვალს მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოიღეს. პოლიციის მუშაკების მიერ დროულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ჟ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, დ. ჩ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და კ. ჟ–ს გამართლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

კ. ჟ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ კ. ჟ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.

კ. ჟ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 (ოცი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

მსჯავრდებულ კ. ჟ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2020 წლის 13 თებერვლიდან.

გაუქმდა მსჯავრდებულ კ. ჟ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ. ჟ–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეების: რ. რ–ს, მ. ბ–ს, ლ. ჯ–ს, ი. პ–ს, ი. ბ–ს, გ. კ–ს, რ. ც–ს, რ. ლ–ს და მ. დ–ს ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის N........ დასკვნა, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2020 წლის 24 იანვრის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 24 იანვრის ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2020 წლის 27 იანვრის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 2 და 5 მარტის ოქმები, კ. ჟ–ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, კ. ჟ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 13 თებერვლის ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, კ. ჟ–ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2020 წლის 13 თებერვლის ოქმი, ვიდეოჩანაწერები და სხვა, რომელთა ერთობლიობითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ კ. ჟ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულები.

9. დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან დარღვეულია მათი გამოკითხვის წესი, გამოკითხვის ოქმებში სტილისტიკურად და შინაარსობრივად ზუსტად იგივე ინფორმაციის ასახვის გამო, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უდევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, არამედ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მოწმეები დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, რომელთაც უშუალოდ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რა დროსაც როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მოწმეებისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით. პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სრულად თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, შესაბამისად, აღნიშნული პრეტენზია ვერ გახდება მათი ჩვენებების არგაზიარებისა და საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

10. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება მოწმე პოლიციელების დაინტერესების, კ. ჟ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების ფალსიფიცირებისა და რიგი საგამოძიებო მოქმედებების საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით წარმოების შესახებ. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანად აღებული რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა გამოძიება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოწმე პოლიციელების დაინტერესებას კ. ჟ–ს დაკავებასა და მისთვის დანაშაულის ჩადენის დაბრალებაში. ამასთან, განსახილველი საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება, პოლიციელთა მხრიდან ბრალდებულის მოტყუებისა, თუ მისთვის უკანონო დაპირების მიცემისა და საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით ჩატარების ფაქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მტკიცებულებათა დაუშვებლობასა და უტყუარობასთან მიმართებით.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ჟ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი