Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1362-02 31 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილიE(თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სახლის მე-2 და მე-3 სართულზე დამხმარე სათავსოების აღდგენის უფლების მიცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 25 მაისს მ. ე-მა მ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ დ. ტ-ე სახლის მეორე სართულზე ფლობს 3 ოთახს, ხოლო მ. ე-ი, მესამე სართულზე _ 2 ოთახს. ამ სახლის პირველ სართულზე ორ ოთახს ფლობს მ. კ-ე, რომელსაც გააჩნია ¹8 დამხმარე სათავსო. მითითებული სახლის მეორე და მესამე სართულებსაც გააჩნდა ანალოგიური სახის დამხმარე ფართი, რაც დასტურდება სახლის გენერალური გეგმით, მაგრამ მოსარჩელეებს ამ ფართის აღდგენის უფლებას არ აძლევს პირველ სართულზე მცხოვრები მოპასუხე.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს სახლის მე-2 და მე-3 სართულებზე დამხმარე ფართის აღდგენის უფლების მინიჭება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მის დამხმარე ფართზე დაშენებით შეილახება მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები, საბინაო პირობები, დაბნელდება ეზო, შეიზღუდება ჰაერის მოძრაობა და მოხდება როგორც არასაცხოვრებელი ფართის, ისე საცხოვრებელი ფართის დანესტიანება.

რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს _ დ. ტ-ეს და მ. ე-ს დაერთო ნება თბილისში, ... არსებული სახლთმფლობელობის II და III სართულებზე, დააშენონ დამხმარე ფართი პირველ სართულზე არსებულ ¹8 დამხმარე სათავსოს გაბარიტებში სათანადო პროექტის შედგენის შემდეგ იმის გათვალისწინებით, რომ მეზობლების მხარეს დაშენებული კედლები იყოს ყოველგვარი ხვრელის გარეშე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებითYდაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეები არიან მეზობლები, ცხოვრობენ თბილისში, ... მდებარე მრავალბინიან სახლში. სახლის პირველი სართული უკავია მ.კ-ეს, მეორე სართულზე სამ ოთახს ფლობს დ.ტ-ე, ხოლო მე-3 სართულზე 2 ოთახს _ მ. ე-ი.

საერთო სარგებლობის ეზოში პირველ სართულზე დამხმარე ფართს სამზარეულოს სახით (5,90 კვ.მეტრს) ფლობს მ.კ-ე, რომელიც წინააღმდეგია ამ ფართზე რაიმე ნაგებობის დაშენებისა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მითითებულ არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლება გააჩნია მოპასუხეს, სკ-ს 208-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ ფართზე მისი თანხმობის გარეშე რაიმეს დაშენება დაუშვებელია, ვინაიდან სკ-ს 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბინის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და არ დაუშვას მათზე სხვა პირთა რაიმე ზემოქმედება.

2002წ. 27 აგვისტოს დ. ტ-ემ და მ. ე-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

კასატორთა მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 208-ე მუხლი და კ-ე არასწორად ჩათვალა 5,90კვ.მ. დამხმარე ფართის მესაკუთრედ. ბინის გამყიდველისაგან მათ მიცემული აქვთ დამხმარე ფართის დაშენების უფლება. სააპელაციო სასამართლომ არასწორდ განმარტა კანონი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სახლი, რომელშიც მხარეები ცხოვრობენ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია. მის პირველ სართულზე მცხოვრებ მოპასუხე მ.კ-ეს პირად საკუთრებაში საერთო სარგებლობის ეზოში გააჩნია 5,90 კვ.მ. ფართის დამხმარე ფართი სამზარეულოს სახით და იგი წინააღმდეგია ამ სამზარეულოს თავზე მოხდეს მოსარჩელეთა მიერ, რომლებიც შესაბამისად სახლის მეორე და მესამე სართულზე ცხოვრობენ, რაიმე დამხმარე ფართის დაშენება, მიშენება ან აშენება.

ასეთ შემთხვევაში უსაფუძვლოა კასატორთა Mმითითება იმის თაობაზე, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 208-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია დამხმარე ფართის მესაკუთრედ მოპასუხე. კასატორთა მითითება იმის თაობაზე, რომ მითითებული დამხმარე ფართის მესაკუთრე არ არის მოპასუხე, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კასატორებს საქმის განხილვის დროს არ წარუდგენიათ რაიმე დოკუმენტი იმის შესახებ, რომელიც დაადგენდა სადავო ფართზე მოპასუხის მესაკუთრეობის საწინააღმდეგო გარემოებას, ამიტომ კასატორთა მიერ სადავო ფართზე მესაკუთრეობასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და იგი ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუნდაც სადავო ფართის მესაკუთრე არ იყოს მოპასუხე და იგი წარმოადგენდეს საერთო საკუთრებას, ამ ფართზე დაშენება, მიშენება ან ფართის ზემოთ სხვა ფართის აშენება დაუშვებელია, თუ ამით ირღვევა ბინის მესაკუთრის უფლება, ვინაიდან სკ-ს 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად ბინის მესაკუთრე მოვალეა ისეთ მდგომარეობაში გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, აგრეთვე საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი.

მოცემულ შემთხვევაში თუნდაც მიჩნეული ყოფილიყო, რომ სადავო ფართი არა მოპასუხის, არამედ საერთო საკუთრებას წარმოადგენს, მოსარჩელეებს ამ ფართზე დაშენების, მიშენების ან ამ ფართის ზემოთ ახალი ფართის აღმართვის უფლება მაინც არ ექნებოდათ ბინის მესაკუთრის და დამხმარე ფართზე საერთო საკუთრების უფლების მქონე პირის ნებართვის გარეშე, თუ კი ამგვარი მშენებლობა შელახავდა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესებს და ამით მას მიადგებოდა ზიანი. ამ მშენებლობის განხორციელების წინააღმდეგია რა მოპასუხე, იგი მიუთითებს, რომ ამ მშენებლობით დაბნელდება მის მფლობელობაში არსებული დამხმარე ფართი, დანესტიანდება როგორც მის მფლობელობაში არსებული დამხმარე ფართი, ისე საცხოვრებელი ფართი და გაუარესდება მისი საცხოვრებელი პირობები. კასატორებს ამ მოსაზრებათა გასაბათილებლად საქმეში რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. საქმეში არსებული ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით გარკვეული პირობების დაცვით ამგვარი დაშენების წარმოება შესაძლებელია არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ამ დაშენებით არ გაუარესდება მოპასუხის საცხოვრებელი პირობები.

საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 1995წ. 23 ივნისს მ. კ-ემ ა. ა-ისაგან შეისყიდა ლიტერ “ა” სამსართულიანი სახლის (რომელშიც საცხოვრებელი ფართია 248,72 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 25,84 კვ.მ.) 53/100-ის ½ ნაწილი და გახდა იგი ამ ფართის მესაკუთრე, რომელშიც შედის სადავო 5,9 კ.ვ.მ დამხმარე ფართიც.

სკ-ს 208-ე მუხის პირველი ნაწილის შესაბამისად მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე (ბინის საკუთრება) და შენობის იმ ნაწილებზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება). ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ბინის საკუთრება და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად.

აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო დამხმარე ფართი, რომელზეც სურთ მოსარჩელეებს დაშენების განხორციელება, სწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ მ.კ-ის საკუთრებად, ვინაიდან მას მითითებული ფართი საცხოვრებელ ბინასთან ერთად სკ-ს 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით აქვს შეძენილი.

სკ-ს 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბინის მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამ მოქმედებით იგი არ ხელყოფს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს თავისი შეხედულებებისამებრ შეუძლია გამოიყენოს თავისი ინდივიდუალური საკუთრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს მისცეს მეზობლებს ნებართვა ამ ფართზე სხვა ფართის დაშენებისა. ასევე შეუძლია აუკრძალოს მეზობელს ამ ფართზე სხვა ფართის დაშენება. ამ მოქმედებით მის მხრივ კანონის ხელყოფას არ ექნება ადგილი და არც მესამე პირთა უფლებები შეიზღუდება, რამეთუ მოსარჩელეებს მოპასუხის მიერ განხორციელებული მოქმედებით ხელი არ შეეშლებათ მათ საკუთრებაში არსებული ბინის სარგებლობაში, ანუ მოპასუხის ამგვარი მოქმედება არ ხელყოფს მოსარჩელეთა უფლებებს მათ საკუთრებაში არსებული ბინის გამოყენებაში.

სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძოდ, ამ ნორმის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამ ნორმიდან გამომდინარე მოპასუხეს სრული უფლება ჰქონდა არ დაეშვა მის საკუთრებაში მყოფ დამხმარე ნაგებობაზე სხვა მეზობლების მიერ დაშენება და ამით არ შეიზღუდებოდა მეზობლების უფლებები, კერძოდ მათ საკუთრებაში არსებული ბინით ფლობის და სარგებლობის უფლება.

მოპასუხის მხრივ ამგვარი მოქმედების განხორციელება უფლების ბოროტად გამოყენებასაც არ წარმოადგენს, ვინაიდან სკ-ს 170-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ თავისი საკუთრების ამგვარი სარგებლობით სხვებს არ ადგებათ ზიანი. ამიტომ მის მხრივ უფლების ბოროტად გამოყენებასაც არა აქვს ადგილი.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ტ-ისა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.