გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1363-02 8 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: საკუთრების უფლების დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში ... მდებარე სახლთმფლობელობის ლიტ. “ა” ფართით 47, 4 კვ.მეტრი ირიცხებოდა: პ. ტ-ზე, ს. და ვ. ს-ებზე, თ. შ-ზე. 10,45 კვ.მეტრი ფართობის ლიტ. “ა” მესაკუთრეა გ. გ-ი.
ქ.თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1996წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. მ-ის სარჩელი თ. შ-ის მიმართ მესაკუთრედ ცნობის შესახებ. მოსარჩელეს მიეკუთვნა აღნიშნულ სახლთმფლობელობის ლიტ. “ა”-ს 1/4 ¼ ნაწილი.
1998წ. ივნისში გ. მ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში გ. გ-ის მიმართ ეზოს მიკუთვნების შესახებ.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საერთო სარგებლობის მიწის ნკვეთიდან გ.მ-ს მიეკუთვნა 176,5 კვ.მეტრი, გ. გ-ს 130 კვ.მეტრი, ხოლო ს. ს-ის სახელზე განისაზღვრა 103 კვ.მეტრი ფართი.
შემდგომში გ.მ-მა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
2001წ. აპრილში გ. გ-მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1996წ. 25 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ საქმე არ უნდა ყოფილიყო განხილული მისი, როგორც თანასაკუთრის მონაწილეობის გარეშე.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 18 აპრილის განჩენებით განცხადება ჩათვალა დასაშვებად და განსაზღვრა დრო საქმის ზეპირი განხილვისათვის.
ამავე სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ის მოთხოვნა გასაჩვრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ გ.გ-ი არ წარმოადგენდა სახლთმფლობელობის ლიტ.”ა”-ს მესაკუთრეს.
რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გიორგი გ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
გ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გ.მ-ი არ წარმოადგენს მისი კუთვნილი სახლის თანამესაკუთრეს და რომ მისი მოთხოვნა არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა.
გ. გ-მა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებაში მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე შეიტყო 2001წ. მარტში, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ის გარემოება, რომ გ. მ-ი წარმოადგენდა სახლთმფლობელობის ლიტ “ა” 1/4 ნაწილის მესაკუთრეს გ.გ-ისათვის ცნობილი გახდა ეზოს გაყოფის თაობაზე 1998-2000 წლებში სასამართლოში განხილული დავის პროცესში. აღნიშნულ საქმეშია ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1996წ. 18 ივლისის გადაწყვეტილების ასლი, ქ.თბილისის ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობები და 1999წ. დეკემბერში გ.გ-ის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელშიც დაფიქსირებულია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სახლის ლიტ”ა” 1/4-ის გ.მ-ზე აღრიცხვის ფაქტი.
სსკ-ს 429-ე მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს საქმის განახლების შესახებ განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
სასამართლოს გაააჩნდა გ.გ-ის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინება და გ. გ-ის განცხადება თბილისის ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1996წ. 25 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.