საქმე # 330100121005153462
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №116აპ-23 ქ. თბილისი
შ–ი ზ., 116აპ-23 5 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ც–სა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ც–მ და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ზ. შ–ს დამნაშავედ ცნობას ასევე - საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი არგუმენტებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულ რ. დ–ს, მოწმე ა. დ–ს ჩვენებებითა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდებოდა, რომ ზ. შ–მა დანაშაული ჩაიდინა სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად. შესაბამისად, ზ. შ–ს მსჯავრი აგრეთვე უნდა დაედოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი.
- მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ც–ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით, შემდეგი საფუძვლებით: მსჯავრებულის პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოების, კერძოდ, დანაშაულის აღიარების, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და თანამონაწილე პირის დასახელებისა და აგრეთვე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას, ან ჩადენისთანავე, სრულად არსებობდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობები, მაგრამ სასამართლომ დ. გ–ს განუსაზღვრა ზედმეტად მკაცრი და უსამართლო სასჯელი.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
ზ. შ–ს ბრალად ედება გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები.
დ. გ–ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ზ. შ–სა და დ. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის ივნისში, ზ. შ–მა ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად განიზრახა, რომ რ. დ–სისთვის გამოეძალა ფულადი თანხა - 13 000 აშშ დოლარი. ამ მიზნით ზ. შ–მა სხვა პირებთან ერთად რ. დ–ს მოსთხოვა 13 000 აშშ დოლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. რ. დ–ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ ზემოაღნიშნული მართლსაწინააღმდეგო და უსაფუძვლო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ზ. შ–ი რეალურად განახორციელებდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას.
- 2021 წლის 14 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ..............ების ქუჩა N.., ბინა N..-ში დ. გ–სი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიან მაკაროვის პისტოლეტსა და 8 ცალ საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ, გამოსაყენებლად ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ 1951 წლის 9 მმ კალიბრიან ვაზნას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივნისის განაჩენით:
ზ. შ–სი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. შ–ს ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 4000 ლარი.
ზ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 13 სექტემბრიდან.
გაუქმდა ზ. შ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
დ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
დ. გ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 13 სექტემბრიდან.
გაუქმდა დ. გ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. შ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაშიც.
- მსჯავრდებულ ზ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
- მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასკვნას, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. შ–ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას, დანაშაულის ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად ჩადენის ნაწილში, კერძოდ: მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც, ამასთან - სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თავდაპირველად დაადასტურა, რომ ზ. შ–სთან ერთად, ნიკოლოზ ციმაკურიძე და დ. გ–ც სძალავდნენ ფულს, მაგრამ იქვე მოგვიანებით განმარტა, რომ დ. გ–ს მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა, რადგან მსგავს ფაქტს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება ნ. ც–ს, მან მომდევნო კომუნიკაციისას უთხრა, რომ არაფერ შუაში იყო და მას ურთიერთობა უნდა გაერკვია ზ. შ–სთან - საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულებით, მათ შორის - საქმის ფიგურანტი პირების სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩანაწერებით, არ დასტურდება ზ. შ–სის მიერ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი. ამდენად, ბრალდების მითითებულ მაკვალიფიცირებელ ნაწილში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ. შ–ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ც–ს მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა, სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, კერძოდ: პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდებისას, დ. გ–სის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან (დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა) ერთად, ასევე გაითვალისწინეს მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უშიშროებას და არის მაღალი საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი (დ. გ–მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლ იარაღი და საბრძოლო მასალა), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულს შეუფარდეს ისეთი სასჯელი, რომელიც მოცემული მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად მკაცრი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ც–სა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი