Facebook Twitter

საქმე # 330100122006298480

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №340აპ-23 ქ. თბილისი

შ–ე ვ., 340აპ-23 21 ივნისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ქმედების განხორციელების მოტივი, ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე.

2. მსჯავრდებულ ვ. შ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. დ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ვ. შ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე; საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

გაუქმდა ვ. შ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ვ. შ–სეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2022 წლის 31 აგვისტოდან - 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.

მსჯავრდებულ ვ. შ–სეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. შ–მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

ვ. შ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 30 აგვისტოს, თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ, კორპუსი №..-ის, ბინა №..-ში ვ. შ–მ, თავის დას - ნ. შ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, განზრახ ესროლა შუშის ქილა, რაც მას მოხვდა მარჯვენა ხელზე, რომელიც გაეჭრა და გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც ჭრილობაზე დაადეს რვა ნაკერი. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

- 2022 წლის 30 აგვისტოს, თ–ში, მ–ს მე-.. ბ მ/რ, კორპუსი №.., ბინა №..-ში ვ. შ–ე, თავის დას - ნ. შ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „მოკლავდა და ცოცხლად გამოწვავდა“, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც თავისუფლების აღკვეთის სრულად პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. შ–სათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება, პირადი და ეკონომიკური პირობები, აგრეთვე, ის გარემოებები, რომ ვ. შ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, წარსულში არ არის ნასამართლევი და საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრებულის პირვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის აბსტრაქტულ საფრთხეებზე მითითება არ ქმნის უფრო მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნის საფუძველს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი