Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1371-02 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი:Lფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “ს-მა” სს “გ-ის” მიმართ აღძრა სარჩელი დავალიანების გადახდევინების შესახებ. სარჩელში აღნიშნულია, რომ 1998წ. 25 მარტს სს “ს-სა” და “გ-ს” შორის გაფორმდა ¹03 ხელშეკრულება ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ასეთივე ხელშეკრულება გაფორმდა “ს-სა” და “გ-ს” შორის 2000წ. 1 იანვარს, 2001წ. 1 იანვარსა და 2002წ. 1 იანვარს.

სარჩელში მითითებულია, რომ 2002წ. 1 იანვრის მდგომარეობით სს “ს-ის” მიერ მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების გადაუხდელი თანხა შეადგენს 1.167.002 ლარს.

მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების დათქმულ ვადებში გადაუხდელობის გამო, მითითებულია სარჩელში, სს “ს-ი” იძულებული იყო, აეღო საბანკო კრედიტი, რათა მიმწოდებლისათვის დავალიანება გადაეხადა, რაზედაც, თავისთავად, შემდგომში გადახდილ იქნა გარკვეული ოდენობის პროცენტი, რის გამოც “ს-ს” არ მიეცა საშუალება, გადაუხდელი დავალიანების თანხები განეთავსებინა საბანკო დაწესებულებებში ვადიან დეპოზიტზე, რომელთაც დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში დაერიცხებოდა სარგებლის სახით წელიწადში მინიმუმ 12%.

“ს-მა” მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების _ 1.167.002 ლარის და საურავის _ 1.170.933 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სს “ს-მა” ვერ წარმოადგინა 2000წ. 1 იანვრის ხელშეკრულების მე-3 მუხლით გაუთვალისწინებელი ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი _ ¹1 დანართი, სადაც მოცემულია მოპასუხისათვის მისაყიდი ბუნებრივი აირის მოცულობა ერთწლიანი გრაფიკის შესაბამისად, “ს-მა” ასევე ვერ წარმოადგინა იმავე ხელშეკრულების 7.5. 1.2.2.1. მუხლებით გათვალისწინებული ბუნებრივი აირის რაოდენობაზე გაფორმებული აქტები და ურთიერთანგარიშსწორებისათვის აუცილებელი ანგარიშფაქტურები.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-მა”. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 230-ე მუხლი და ამის საფუძველზე უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ მუხლის თანახმად სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის დროს სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

საქმის საკასაციო განხილვისას მხარეები მორიგდნენ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება);

1. შეთანხმების საგანია “ს-ის” მიმართ არსებული “გ-ის” დავალიანების გადახდის გრაფიკის დამტკიცება;

2. “გ-ის” დავალიანება “ს-ის” მიმართ შეადგენს 2337935,762 ლარს.

3.1. “ს-ის” წინაშე არსებულ დავალიანებას (2,337935,762 ლარს) “გ-ი” დაფარავს 2003წ. თებერვლიდან 2004წ. თებერვლამდე, “ს-ისათვის” ყოველთვიურად 194828 ლარის ოდენობის თანხის გადახდით.

3.2. “გ-ი” ამ შეთანხმების პუნქტ 3.1-ში აღნიშნულ ყოველთვიურად გადასახდელ თანხას “ს-ს” უხდის ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.

3.3. დავალიანების გადახდა უნდა მოხდეს ისე, რომ დავალიანების მთლიანი თანხა მაქსიმალურად თანაბრად განაწილდეს თორმეტ თვეზე.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო 2003წ. 18 თებერვლის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს მესამე მუხლის მეორე პუნქტით მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

1. სს “გ-ის” დავალიანება სს “ს-ის” მიმართ შეადგენს 2337935,762 ლარს.

2. სს “ს-ის” წინაშე არსებულ დავალიანებას (2337935,762 ლარს) სს “გ-ი” დაფარავს 2003წ. თებერვლიდან 2004წ. თებერვლამდე, სს “ს-ისათვის” ყოველთვიურად 194828 ლარის ოდენობის თანხის გადახდით.

3. სს “გ-ი” ყოველთვიურად გადასახდელ თანხას სს “ს-ს” უხდის ყოველი საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე.

4. დავალიანების გადახდა უნდა მოხდეს ისე, რომ დავალიანების მთლიანი თანხა მაქსიმალურად თანაბრად განაწილდეს თორმეტ თვეზე.

შეთანხმებით დადგენილი გრაფიკისა და სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარეები უფლებას იტოვებენ, მოშალონ შეთანხმება და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.