¹3კ-1373-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ზიანით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1974წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით ავტოკოლონა ¹....... ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ყოველთვიურად 57 მანეთის და 56 კაპიკის ოდენობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე.
ნ. ჩ-ე სარჩოს იღებდა 1993წ. ბოლომდე, ხოლო 1994 წლიდან შეუწყდა თანხის გადახდა. 2002წ. 1 მარტიდან ნ. ჩ-ეს განესაზღვრა სარჩო თვეში 16 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი ცნობები საცხოვრებელი ადგილიდან, რის გამო შეუძლებელი იყო თანხების გადაგზავნა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ავტოკოლონა ¹...... ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1568 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ავტოკოლონამ ¹...... .
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ავტოკოლონას ¹....... ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზიანის ყოველთვიური საზღაურის დავალიანების გადახდა 1999წ. 1 მარტიდან 2002წ. 1 მარტამდე, სულ 576 ლარის ოდენობით.
ნ. ჩ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1974წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით ავტოკოლონას ¹....... ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დასახიჩრების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა ყოველთვიურად 57 მანეთის და 56 კაპიკის გადახდა. მოპასუხე დაკისრებულ თანხას მოსარჩელესთან ფოსტის მეშვეობით აგზავნიდა 1994 წლამდე, რის შემდეგ შეუწყვიტა თანხის გადახდა.
2002წ. 1 მარტიდან ავტოკოლონმა ¹....... ჩ-ის სასარგებლოდ განაახლა თანხის გადახდა თვეში 16 ლარის ოდენობით, რითაც აღიარა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების არსებობა.
სკ-ს 142-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნეის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ნ. ჩ-ის მოთხოვნა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1974წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით.
სააპელაციო პალატამ სარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა რა მხოლოდ სამი წლის ფარგლებში მიუთითა, რომ სკ-ს 1008-ე მუხლის შესაბამისად დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ნ. ჩ-ის მიერ არასაპატიო მიზეზით იყო გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან მან დარღვეული უფლების შესახებ შეიტყო 1994წ. იანვრიდან.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არსებობდა 1974წ. 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაკისრებული ჰქონდა დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს გადაწყვეტილება გადაცემული იყო აღსასრულებლად, რითაც შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა.
ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ყოველწლიურად ვერ აწვდიდა ცნობებს საცხოვრებელი ადგილის შესახებ არ წარმოადგენს კუთვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება
დაკმაყოფილდეს ნ. ჩ-ის სარჩელი ავტოკოლონას ¹2656 ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1568 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.