გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1375-02 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სანოტარო მოქმედების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. დ-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის ნოტარიუსის მ. ს-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინის პრივატიზების გაუქმება, ბინაზე მისი უფლების აღდგენა. მოსარჩელის განმარტებით, მისმა მეუღლემ გ. ნ-მა მოახდინა ყალბი დოკუმენტების შედგენა, კერძოდ, გამოიყენა ს. დ-ის პასპორტი, რომლითაც სულიკო დ-ის ნაცვლად ნოტარიუსთან წარადგინა სულიკოს აწ გარდაცვლილი ძმა და ყალბი ხელწერით გააფორმა თანხმობა ბინის პრივატიზებაზე. აღნიშნული ბინა საფინანსო კომპანიისაგან მიღებული სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა იპოთეკით. მიღებული სესხი, 6000 აშშ დოლარი, გ. ნ-მა დახარჯა ოჯახისა და თავისი პირადი მიზნებისათვის. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საფინანსო კომპანია “მ-ის” სასარგებლოდ გ.ნ-ს დაეკისრა 14400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ბინა სარეალიზაციოდ გატანილ იქნა იძულებით აუქციონზე. განმეორებითი აუქციონის შედეგად სადავო ბინა შეისყიდა საფინანსო კომპანია “მ-მ”. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წელს 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ნ-ი, ს., მ. და ზ. დ-ები გამოსახლებულ იქნენ უკვე საფინანსო კომპანია “მ-ის” სახელზე რიცხული სადავო ბინიდან; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. დ-ს სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. დ-მა. სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ საფინანსო კომპანია “მ.” არის ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი.
ს. დ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, რომლის 2001წ. 10 ივლისის განჩინებით განსჯადობით საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას. აღნიშნულმა სასამართლომ 2001წ. 12 ნოემბრის განჩინებით ს. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
ს. დ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება არ გააუქმა მიუხედავად იმისა, რომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება პრივატიზაციის ხელშეკრულების მისი თანხმობის გარეშე დადების შესახებ. ამასთან, მისი აზრით, სასამართლომ ერთმანეთში ურევს წილზე უფლებას და თვით წილზე საკუთრების უფლების ცნებებს. ამასთან, კასატორის განმარტებით, 1997წ. 25 ნოემბრიდან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ჩაითვალა გაუქმებულად, ბინის მესაკუთრეები გახდნენ კოოპერატივის წევრები და შეიქმნა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა. კოოპერატივის მეპატრონე კი იგი იყო და მას უფლება ბინაზე არ გაუსხვისებია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, დადებული ქ. ბათუმის ¹18 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობასა და გ. ლ-ს შორის. გასაჩივრებულ განჩინებაში არსად არის მითითებული, თუ საბინაო ფონდის რომელ კატეგორიას განეკუთვნება სადავო ბინა, თუმცა გარიგების მხარედ მესაკუთრეთა ამხანაგობის მითითება ცხადყოფს, რომ ბინა განეკუთვნებოდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ფონდს. აღნიშნულზე მიუთითებს კასატორიც. ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალა გაუქმებულად და მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების მიმართ ძალაში დარჩა (სკ-ს 1512-ე მუხლი). ამიტომ სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება შეფასებული უნდა იქნეს იმ ნორმების საფუძველზეც, რაც დადგენილია საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების პრივატიზაციისას. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სადავო ბინის კონკრეტულ საბინაო ფონდისადმი დაქვემდებარების დაუდგენლობამ გამოიწვია აღნიშნული დავის არასწორი სამართლებრივი შეფასება. სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არასრულია, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, თუ საბინაო ფონდის რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა სადავო ბინა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ბინის პრივატიზაციისათვის აუცილებელი იყო თუ არა ს. დ-ის თანხმობა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის საკითხს, პალატა თვლის, რომ ს. დ-ი, როგორც I ჯგუფის ინვალიდი, უნდა განთავისუფლდეს სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.