Facebook Twitter

3კ-1376-02 15 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღება.

აღწერილოიბითი ნაწილი:

ლ. ბ-ის მამა დ. ბ-ე 1940 წელს ფ. ე-ესთან გატარდა ქორწინების რეგისტრაციაში.

1948 წლიდან დ. ბ-ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა ე. შ-ასთან.

1952 წელს დ. ბ-ის და ე. შ-ას მიერ შეძენილ იქნა ქობულეთში ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემდგომში დაინგრა და აშენდა ახალი სახლი. სახლმფლობელობა აღირიცხა დ. ბ-ის სახელზე.

1982 წელს გარდაიცვალა დ. ბ-ე.

1983წ. მაისში ე. შ-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში დ. ბ-ის სახელზე რიცხულ სახლთმფლობელობის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. ლ. ბ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მთლიანი სახლმფლობელობის მიკუთვნება იმ საფუძვლით, რომ იგი წარმოადგენდა მამის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრეს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1983წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. შ-ასა და ლ. ბ-ეს შორის თანაბრად გაიყო, როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე ანაბარზე არსებული თანხა 2350 მანეთი.

1984წ. 23 იანვარს შედგენილი ანდერძით ე. შ-ამ მისი კუთვნილი ქონება დაუტოვა ო. კ-ას.

1991წ. 29 ნოემბერს გარდაიცვალა ე. შ-ა. 1992წ. 26 ივნისს გაცემული სამემკვიდრეო უფლების მოწმობის საფუძველზე მითითებული სახლთმფლობელობის ნაწილი აღირიცხა ო. კ-ას სახელზე. ამ უკანასკნელმა მემკვიდრეობით მიღებული სახლის ნაწილი 1993 წ. 20 აგვიტოს გაფორმებული ხელშეკრულებით აჩუქა ძმას ჯ. კ-ას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1993წ. 29 დეკემბრის დადგენილებით გაუქმებულ იქნა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1983წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1994წ. 4 აგვისტოს განჩინებით სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

2001წ. თებერვალში ლ. ბ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ჯ. კ-ას მიმართ 1993წ. 20 აგვისტოს ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების, ბინიდან გამოსახლებისა და ანაბარზე არსებული თანხის დაკისრების შესახებ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ე. შ-ას არ გააჩნდა სახლის ასაშენებლად საჭირო თანხები.

მოპასუხე ჯ. კ-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. კ-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაუქმების და ბინიდან გამოსახლების ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.

ლ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ე. შ-ა არ იყო უფლებამოსილი ანდერძი დაეტოვებინა დ. ბ-ის კუთვნილ ქონებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. ქობულეთში, ..... მდებარე სახლის ნაწილი ე. შ-ას მიეკუთვნა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1983წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ე. შ-ამ 1984წ. 23 იანვარს შედგენილი ანდერძით ო. კ-ას დაუტოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ქონება.

ე. შ-ას ანდერძი გაფორმებულია სკ-ს (1964წ.) 546-ე და 551-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ე. შ-ა გარდაიცვალა 1991წ. 29 ნოემბერს. ამ დროისათვის ქ. ქობულეთში, ..... მდებარე სახლის ნაწილის მესაკუთრე იყო ლ. ბ-ე, ხოლო სახლის მეორე ნაწილი წარმოადგენდა ე. შ-ას სამკვიდრო ქონებას.

სკ-ს 556-ე მუხლის შესაბამისად ო. კ-ას მიღებული აქვს სამკვიდრო.

ო. კ-ამ 1993წ. 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ჯ. კ-ას აჩუქა მისი კუთვნილი სახლის ნაწილი, რის გამოც ეს უკანასკნელი უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად.

სკ-ს (1964წ.) თანახმად არ არსებობს ჯ. კ-ასგან ქონების გამოთხოვის პირობა, რადგან ო. კ-ას ჰქონდა მისი გასხვისების უფლება.

ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1983წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება 10 წლის შემდეგ გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1993წ. 29 ოქტომბრის დადგენილებით. ამ დროისათვის გარდაცვლილი იყო ე. შ-ა, ხოლო სადავო სახლის ნაწილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა ჯ. კ-ას სახელზე.

ლ. ბ-ეს არ დაუყენებია შუამდგომლობა აწ გარდაცვლილი ე. შ-ას უფლოებამონაცვლედ საქმეში ო. კ-ას ჩაბმის შესახებ.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 1994წ. 4 აგვისტოს განჩინებით სასარჩელო განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოში მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.

ლ. ბ-ე ითხოვდა აღნიშნული საქმის წარმოების შეწყვეტას, რაც უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს. ასეთ პირობებში საქმის წარმოების შეწყვეტას.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს და გამოიტანა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.