საქმე # 330100119003051778
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №34აპ-23 ქ. თბილისი
ხ–ა ლ., 34აპ-23 5 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ხ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ლ–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ლ. ხ–ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში, ასევე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის საოქმო განჩინების გაუქმებას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი ეფუძნება მხოლოდ ორი დაზარალებულის: ი. რ–სა და დ. ც–ის ცრუ ჩვენებებს, რომლებიც არასანდო და არადამაჯერებელია, რადგან ისინი ეწინააღმდეგება როგორც მათ მიერვე გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ, ასევე - ერთმანეთის ჩვენებებს; საქმეში, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს, ხოლო რაც შეეხება მოწმეების - თ. გ–ს, მ. ფ–ს, ა. ჯ–სა და ნ. ქ–ს ჩვენებებს, ისინი ირიბია და საფუძვლად არ შეიძლება დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არცერთი მათგანი არ ესწრებოდა მსჯავრდებულებისათვის თანხის გადაცემისა, თუ მათი მხრიდან დაზარალებულებისათვის რაიმეს დაპირების ფაქტს; ამასთან, დაზარალებულ ი. რ–სა და ლ. ხ–ს შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მათ შორის არსებობდა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ. ხ–ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია; თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით სრულიად უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების გამოთხოვისა და საქმეზე დართვის შესახებ, რითაც უხეშად დაარღვია მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება და მას წაართვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე წვდომის შესაძლებლობა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით:
ლ. ხ–ს, - დაბადებულის 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ლ. ხ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 14 ივლისიდან.
გაუქმდა ლ. ხ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ლ. კ–ე, - დაბადებულის 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ, ლ. კ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი. (მსჯავრდებულს სასჯელში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული სასჯელის (ჯარიმა 4000 ლარი) ის ნაწილი, რომელიც მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ).
ლ. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2021 წლის 9 ივლისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, აგრეთვე - თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდილი სასჯელი.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ხ–მ და ლ. კ–მ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (დღეის მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) შემდეგში - სამინისტრო)) მიერ თ–ს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის. ბინების გაცემა ხდებოდა შესაბამისი ქულების მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავდა სამინისტრო აღნიშნულ პირთა სოციალური მდგომარეობისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. 2015 წლის გაზაფხულზე, ი. რ–მ და დ. ც–მა გაიცნეს ლ. ხ–ს და ლ. კ–ე, რომლებმაც დაარწმუნეს ისინი, რომ ლ. ხ–ს წარსულში მუშაობდა სამინისტროში, შესაბამისად, გარკვეული ფულადი თანხის სანაცვლოდ შეეძლოთ დახმარებოდნენ მათ, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, .....ის ზღვის ქალაქში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ბინების მიღებაში. შეთანხმების თანახმად, 2015 წლის მაისიდან - აგვისტომდე დროის პერიოდში, ი. რ–მ და დ. ც–მა, ქ. თ–ში, დიდ დ–ში, .......ის ქუჩა N..-ში განთავსებულ ჰიპერმარკეტ „გ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში, ასევე, ქ. თ–ში, .......ის ქუჩა N..-ისა და ს–ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე, ლ. ხ–სა და ლ. კ–ს გადასცეს ბინის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და ფულადი თანხა, კერძოდ, ი. რ–მ - 18000 აშშ დოლარი, ხოლო დ. ც–მა 6000 აშშ დოლარი. მიღებულ თანხას ლ. ხ–ს და ლ. კ–ე დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ და გამოიყენეს პირადი მიზნებისათვის, რითაც დაზარალებულებს მიაყენეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ხ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. კ–მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო კასატორების - ლ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ–ს მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, ვინაიდან ლ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით.
9. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ დაზარალებულები - ი. რ–ე და დ. ც–ი ცრუობენ, რომ მათი ჩვენებები არასანდო და არადამაჯერებელია, რადგან ისინი ეწინააღმდეგება როგორც მათ მიერვე გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ, ასევე - ერთმანეთის ჩვენებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განაჩენში დეტალურად შეაფასა და ამომწურავად იმსჯელა დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობასა და ასევე მათ შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, რაც სასამართლომ არ მიიჩნია არსებითად და სავსებით სწორადაც აღნიშნა, რომ ეს შეუსაბამობები არ უკავშირდება მტკიცების მთავარ საგანს, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო მცირეოდენი განსხვავებანი საქმის არაარსებით დეტალებთან დაკავშირებით ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების შინაარსის ე.წ. ,,მათემატიკური სიზუსტით“ ერთმანეთთან ურთიერთდამთხვევა შეუძლებელია. შესაბამისად, საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, არ იკვეთება დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობისა და დამაჯერებლობის საეჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი, ასევე, არ დგინდება მათი მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ დაინტერესების არსებობა. ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებულების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან.
11. დაზარალებულების - ი. რ–სა და დ. ც–ს პირდაპირი ჩვენებების გარდა, ბრალდების მხარეს ასევე წარმოდგენილი აქვს, მოწმეთა - თ. გ–ს, მ. ფ–ს, ა. ჯ–სა და ნ. ქ–ს ჩვენებები, რომლებიც ავსებენ დაზარალებულთა ჩვენებებს და შესაფასებელი ფაქტის სრულ, დამაჯერებელ სურათს წარმოგვიდგენენ. ამასთან, მ. ფ–სა და ა. ჯ–ს ჩვენებები პირდაპირი მტკიცებულებებია იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულებისათვის თანხების გადაცემა მოხდა დაზარალებულებისათვის ბინების გადაცემის დაპირების სანაცვლოდ, ხოლო ნ. ქ–ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი პირადად იყო ჩართული მათ შორის მოლაპარაკებებში, რა დროსაც სწორედ ბინების სანაცვლოდ გადაცემული თანხების დაბრუნებაზე იყო საუბარი. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და ლ. ხ–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს.
12. რაც შეეხება კასატორების მოთხოვნას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვისა და საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული საოქმო განჩინება კანონიერია და შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო პალატამ 2022 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით აგრეთვე დეტალური და დასაბუთებული პასუხები გასცა კასატორების თითოეულ პრეტენზიას, რის გამოც საკასაციო პალატა, მათ გამეორებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. განსახილველ საქმეზე როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს ჰქონდა მტკიცებულებათა წარდგენისა და ასევე, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების უფლება და შესაძლებლობა, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ სრულად ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ლ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე