Facebook Twitter

საქმე # 010142223700981653

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №9აგ-23 31 ივლისი, 2023 წელი

ზ-ი ვ, №9აგ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

1. პროცედურა:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ვ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.

1.2. მსჯავრდებული ვ. ზ-ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2019 წლის 23 მაისს.

1.3. 2021 წლის 11 ივნისს, სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ - თბილისის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ვ. ზ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა დაარღვია საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვით განსაზღვრული ვადა (2020 წლის 28 იანვრიდან 2020 წლის 27 აპრილის ჩათვლით პერიოდი) და ზედიზედ 6-ჯერ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა თბილისის პრობაციის ბიუროში, რითაც თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ვ. ზ-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით - მიექცა აღსასრულებლად.

1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. კ-ისა და ნ. წ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელი.

1.6. 2023 წლის 26 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ვ. ზ-მა. მსჯავრდებულმა მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვა და პრობაციის ბიუროში გამოცხადებისათვის თავის არიდებამდე გასული დროის (11 თვის) გამოკლებით პირობითი მსჯავრის დარჩენილი ვადის (3 წლისა და 1 თვის) გაუქმების საკითხის ახლიდან განხილვა, იმ საფუძვლით, რომ აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (ქრონიკული ტუბერკულოზი), ესაჭიროება გადაუდებელი სასწრაფო მკურნალობა ციხის გარეთ, ამასთან, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება და საქართველოში დაბრუნების დრო დაემთხვა პანდემიას, გამოცხადდა კარანტინი, შეწყდა ფრენები, რის გამოც ვერ დაბრუნდა დროულად საქართველოში და ვერ გამოცხადდა პრობაციის ბიუროში.

1.7. 2023 წლის 8 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩინების გადასინჯვის თაობაზე ცნო დაუშვებლად.

1.8. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ვ. ზ-ის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რადგან არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ი) 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, მსჯავრდებული ვერ მიუთითებს რაიმე ახალ გარემოებას, რაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის და არა განჩინების გადასინჯვის შესაძლებლობას.

1.9. მსჯავრდებულმა ვ. ზ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმება და მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება 11 თვით (პრობაციის ბიუროში გამოცხადებისათვის თავის არიდებამდე გასული დრო).

2. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს: საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარის განხილვის შედეგად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ძალაში დატოვოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას შუამდგომლობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო საჩივრის განხილვის ამ ეტაპზე არ არის უფლებამოსილი შეცვალოს/გააუქმოს სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვასაც ითხოვს მხარე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის მოთხოვნაზე სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, არამედ ამოწმებს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სისწორეს.

2.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს. მართალია, საქართველოს სსსკ-ის 310-ე-314-ე მუხლები განსაზღვრავს განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებსა და წესს, თუმცა, ზოგადად, ეს არ გამორიცხავს სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის/საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.

2.4. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობისას. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ვერ უთითებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასიჯვის ვერც ერთ საფუძველს და ზოგადად მოითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის ახლიდან განხილვას. ვინაიდან მითითებულ ნორმაში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული, დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რაც საქართველოს სსსკ-ის თანახმად ფასდება საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას და შემდგომ, ორდინარული გასაჩივრების პირობებში.

2.5. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში მსჯავრდებული განჩინების გადასინჯვისა და პრობაციის ბიუროში გამოცხადებისათვის თავის არიდებამდე გასული დროის (11 თვის) გამოკლებით პირობითი მსჯავრის დარჩენილი ვადის გაუქმების საკითხის ახლიდან განხილვის საფუძვლად უთითებს მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის მიზეზებს.

2.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ „წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო“.

2.7. ამდენად, ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის გადაწყვეტილების დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება უნდა იწვევდეს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ შედეგებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. კერძოდ, დაცვის მხარეს შეეძლო პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის მიზეზებსა და სასჯელის შემსუბუქებაზე აპელირება პირველი ინსტანციის სასამართლოში პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის განხილვისას და სასამართლოს განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ეტაპზე. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს არა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვის, არამედ - სასჯელისაგან გათავისუფლების ან განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველს, სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი არ წარმოადგენს განჩინების გადასინჯვის საფუძველს, ხოლო კასატორი არ უთითებს რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც შესაძლოა, გამხდარიყო განჩინების რომელიმე სხვა ქვეპუნქტით გადასინჯვის საფუძველი.

2.8. ამასთან, გარდა იმისა, რომ არ არსებობს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვის არც ერთი საფუძველი, სასჯელის შემსუბუქების თაობაზე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს: პირობითი მსჯავრი გულისხმობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის აღსრულების ფორმის ცვლილებას, გამოსაცდელ ვადაში მოვალეობების პირნათლად შესრულების პირობით. გამოსაცდელ ვადაში მოვალეობების დარღვევა კი იწვევს პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და სასამართლოს მიერ დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელის სრულად რეალურ აღსრულებას. მის ხანგრძლივობაზე გავლენას ვერ მოახდენს მოვალეობების დარღვევამდე გამოსაცდელი ვადის გასული დრო, რადგან გამოსაცდელი ვადა არ წამოადგენს სასჯელის სახეს და ამ ვადის გასული პერიოდი ვერ ჩაითვლება დანიშნული სასჯელის ვადაში.

2.9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ვ. ზ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

2.10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-

3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე