საქმე # 330802223007293631
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№34I-23 6 ივნისი, 2023 წელი
ი. ჰრ, 34I-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ი-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ს. კ-სა და ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ. ი-ს მიმართ უნგრეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2022 წლის 15 სექტემბერს უნგრეთის რესპუბლიკის დ-ს რაიონულმა სასამართლომ გასცა ჰ. ი-ს დაკავების ბრძანება, რომლის მიხედვით, ჰ. ი. ბრალდებულია უნგრეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის C აქტის 353 (1) სექციით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება), 353 (3) სექციის ,,d“ პარაგრაფითა (მიგრანტთა უკანონო გადაყვანა, ჩადენილი მოგების მიღების მიზნით) და 353 (5) სექციით (მოგების მიღების მიზნით მიგრანტთა უკანონო გადაყვანის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, სისხლის სამართლის კოდექსის 459 (1) სექციასთან (დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ) ერთობლივად.
1.2. 2022 წლის 27 სექტემბრიდან ჰ. ი.ი უნგრეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ჰ. ი-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უნგრეთისა და ავსტრიის რესპუბლიკების სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰიდირ ილდირიმი.
2.2. 2023 წლის 2 მარტს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განჩინებით ჰ. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.
2.3. 2023 წლის 14 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს ჰ. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე უნგრეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.4. ჰ. ი ამჟამად მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. 2023 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ჰ. ი-ს უნგრეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია უნგრეთის რესპუბლიკის დ-ს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბერს გაცემულ ჰ. ი-ს დაკავების ბრძანებაში და დასჯადია უნგრეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის C აქტის 353 (1) სექციით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება), 353 (3) სექციის ,,d“ პარაგრაფითა (მიგრანტთა უკანონო გადაყვანა, ჩადენილი მოგების მიღების მიზნით) და 353 (5) სექციით (მოგების მიღების მიზნით მიგრანტთა უკანონო გადაყვანის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, სისხლის სამართლის კოდექსის 459 (1) სექციასთან (დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ) ერთობლივად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ი-ს უნგრეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია უნგრეთის რესპუბლიკის დებრეცენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბერს გაცემულ ჰ. ი-ს დაკავების ბრძანებაში და დასჯადია უნგრეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის C აქტის 353 (1) სექციით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება), 353 (3) სექციის ,,d“ პარაგრაფითა (მიგრანტთა უკანონო გადაყვანა, ჩადენილი მოგების მიღების მიზნით) და 353 (5) სექციით (მოგების მიღების მიზნით მიგრანტთა უკანონო გადაყვანის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, სისხლის სამართლის კოდექსის 459 (1) სექციასთან (დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ) ერთობლივად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განჩინება გაასაჩივრეს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ი-ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ს. კ-მ და ივ. კ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განჩინების გაუქმებასა და ჰ. ი-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ, ერთი მხრივ, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვით, საექსტრადიციო მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჰ. ი-ს საქმეში არ იკვეთება რაიმე სახის აშკარა ან უხეში პროცესუალური დარღვევა, რომელიც სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევაზე ან ასეთის საფრთხეზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია თავად ჰ. ი-ს განცხადება, რომლის თანახმად, უნგრეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე და შესაძლოა, იგი დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას.
6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ი-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ს. კ-სა და ი. კ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ჰ. ი. 2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. კასატორების მიერ სადავოდ გამხდარ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
5. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში მითითებულია ჰ. ი-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ზოგად საფრთხეებზე, მაგრამ გაცხადებული რისკების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ უნგრეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ი. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე.
6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე, მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ.: Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Jano.usek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება, გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). მოცემულ შემთხვევაში კასატორები ვერ უთითებენ და არც წარმოდგენილი საექსტრადიციო საქმის მასალებით დგინდება რაიმე სახის აშკარა ან/და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა გონივრულ ვარაუდს, რომ ჰ. ი-ს მიმართ უნგრეთის რესპუბლიკაში დაირღვა სამართლიანი განხილვის უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის რეალური საფრთხე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ი-ს უნგრეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია უნგრეთის რესპუბლიკის დებრეცენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბერს გაცემულ ჰ. ი-ს დაკავების ბრძანებაში და დასჯადია უნგრეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის C აქტის 353 (1) სექციით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარება), 353 (3) სექციის ,,d“ პარაგრაფითა (მიგრანტთა უკანონო გადაყვანა, ჩადენილი მოგების მიღების მიზნით) და 353 (5) სექციით (მოგების მიღების მიზნით მიგრანტთა უკანონო გადაყვანის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, სისხლის სამართლის კოდექსის 459 (1) სექციასთან (დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ) ერთობლივად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ი-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ს. კ-სა და ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი