საქმე # 820100122005748033
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№45აპ-23 ქ. თბილისი
ჩ. დ, 45აპ-23 13 ივნისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. ჩ-ს მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა, რადგან მსჯავრდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე - დამნაშავის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით, შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი ქმედებების ფაქტობრივ ხასიათს, ვერ შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულ დ. ჩ-ს არც უცდია დაზარალებულებისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი, ხოლო მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ იგი არაერთხელ არის მიცემული პასუხისგებაში და ასევე - მხილებული ანალოგიური დანაშაულების ჩადენაში, სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად მას უნდა შეეფარდოს სასჯელის უფრო მკაცრი სახე და ზომა.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენით დ. ჩ, - დაბადებული ..., - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე. მ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ზ-ის ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. გ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ რ. ჩ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 7000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ფ. ბ-ს ეპიზოდი) ჯარიმა - 7000 ლარი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ჩ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (5 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ, რომელიც თითქოსდა ფლობდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიას, 2021 წლის 20 იანვარს, დღის საათებში, ხ-ს სოფელ კ-ში, გაზქურის, მაცივრის, მაგიდისა და 12 სკამის შეძენის ცრუ შეთავაზებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ე. მ-ს კუთვნილ - 400 ლარს, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
3.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ, რომელიც თითქოსდა ფლობდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიას, 2021 წლის 20 იანვარს, დღის საათებში, ხ-ს სოფელ მ-ში, „Samsung-ის“ ფირმის მობილური ტელეფონის, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის შეძენის ცრუ შეთავაზებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ი. ზ-ს კუთვნილ - 550 ლარს, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ, რომელიც თითქოსდა ფლობდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიას, 2021 წლის 20 იანვარს, დღის საათებში, ხ-ს სოფელ მ-ში, სამზარეულოს ავეჯის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად ტელევიზორის გადაცემის ცრუ დაპირებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მ. გ-ს კუთვნილ - 300 ლარს, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ, რომელიც თითქოსდა ფლობდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიას, 2021 წლის 24 იანვარს, დღის საათებში, სოფელ ც-ში, ცრუდ შეთავაზებული საძინებელი ავეჯისა და „Samsung Galaxy A10-ს“ მობილური ტელეფონის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად „პლანშეტისა“ და სამზარეულოს ავეჯის გადაცემის ცრუ დაპირებით, არაერთგზის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა რ. ჩ-ს კუთვნილ - 1000 ლარს, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა დ. ჩ-მ, რომელიც თითქოსდა ფლობდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიას, 2021 წლის 26 იანვარს, დღის საათებში, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ავეჯისა და ტექნიკის შეძენის ცრუ ... მყოფ ფ. ბ-ს პირად ანგარიშზე გადაარიცხინა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა - 1000 ლარს, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რომან ბოლქვაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და დ. ჩ-ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მხარეების მიერ სადავოდ არ გამხდარა და სასამართლოსაც წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის - დაზარალებულების: რ. ჩ-ს, ი. ზ-ს, მ. გ-ს, ფ. ბ-სა და ე. მ-ს, მოწმეების - ნ. ჩ-ს, რ. ქ-სა და ა. გ-ს გამოკითხვის ოქმების, ინფორმაციის გამოთხოვის, პირის ამოცნობის, დოკუმენტების დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტების, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენისა და საქმეში არსებული სხვა სამხილების -გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის მიერ დანაშაულების აღიარების მხედველობაში მიღებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ. ჩ-მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებები - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის (5 ეპიზოდი).
3. კასატორის - ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისათვის დაედო მსჯავრი დ. ჩ-ს ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევის დროს სრულყოფილად უნდა შეაფასოს როგორც მსჯავრდებულის პიროვნება (მათ შორის: დამნაშავის წარსული ცხოვრება, დანაშაულის ჩადენის შემდგომი ყოფაქცევა), ისე - მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მატერიალურ-სამართლებრივი საკითხები (მათ შორის: ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა). ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი თანაბრად პასუხობდეს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე - სამართლიანობის აღდგენას.
6. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებულის პიოვნულ მახასიათებლებთან ერთობლივად, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დ. ჩ-ს ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ერთი მხრივ, ყურადსაღებია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დ. ჩ. საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელად განსაზღვრული ჰქონდა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე - 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით დ. ჩ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა ზემოაღნიშნული სასჯელი და განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ასევე ჩაეთვალა პირობითად, იმავე - 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო ჯარიმის ნაწილში, განაჩენი დარჩა უცვლელად, რისი მხედველობაში მიღებითაც, პირობით მსჯავრდებულმა დ. ჩ-მ ახალი განზრახი დანაშაულები ჩაიდინა სწორედ გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 2021 წლის 20 იანვარს (სამი ეპიზოდი), 2021 წლის 24 იანვარს და 2021 წლის 26 იანვარს ხოლო, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ დ. ჩ-ს ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულთა სიმრავლე, ხოლო ცალკე აღებულ ყველა ეპიზოდში - ორ-ორი მაკვალიფიცირებელი გარემოება: რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და არაერთგზის, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დ. ჩ-ს სასჯელი უნდა დაენიშნოს იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა კუმულაცია ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ჩადენილი ქმედებების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მათ საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაულები; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალი დანაშაულების ჩადენა; დანაშაულთა და დანაშაულთა მაკვალიფიცირებელ ნიშანთა სიმრავლე) გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ჩ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ეპიზოდებისათვის უნდა მიესაჯოს - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობისას, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რაც, თანაბრად პასუხობს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
8. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით პირობით მსჯავრდებულმა დ. ჩ-მ ახალი განზრახი დანაშაულები ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის საფუძველია, იმის გათვალისწინებით, რომ საქრთველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დ. ჩ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი უკვე გაუქმებულია, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ხელმეორედ გააუქმოს პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნოს საბოლოო სასჯელი.
9. ამდენად, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის დამძიმების კუთხით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რომან ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დ. ჩ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ე. მ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი. ზ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ რ. ჩ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ფ. ბ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ფ. ბ-ს ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას სხვა დანარჩენი სასჯელები და დ. ჩ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს განაჩენის მიღების დღიდან - 2023 წლის 13 ივნისიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი