¹3კ-1382-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: მიწის საიჯარო გადასახადების დავალიანების გადახდევინება და საზოგადოების ფართობით სარგებლობის აკრძალვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 6 მარტს ბოლნისის რაიონის გამგეობასა და შპს “ზ-ას” შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საზოგადოებას ბოლნისის რაიონის სოფელ ......-ში გამოეყო 30 ჰა მიწის ნაკვეთი.
1997წ. 13 სექტემბერს სოფ. .....-ის გამგეობაში ჩატარდა კრება, სადაც გადაწყდა, რომ .......-ის ტერიტორიაზე გამოყოფილი 120 ჰა მიწის ნაკვეთი უნდა გადაცემულიყო იჯარით სოფლის მოსახლეობაზე. შეიქმნა 9 საინიციატივო ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი იყო ზ. გ-ის ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იყო 82 კაცი. ზ. გ-ს დაევალა, რომ მისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთიდან ქვეიჯარით გაეცა მოსახლეობაზე 0,5-0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის თაობაზეც უნდა გაეფორმებინა ქვეიჯარის ხელშეკრულებები.
ზ. გ-მა ჩაატარა ქვეიჯარით მიწის ნაკვეთის აღების მსურველ კომლთა კრება, რომელსაც წარმოდგენილი ოქმის მიხედვით ესწრებოდა 28 კომლის წარმომადგენელი. აღნიშნული კრების დადგენილებით თითოეულ ქვემოიჯარეს მისთვის გადაცემულ 1000 კვ. მეტრზე უნდა გადაეხადა იჯარის გადასახადი _ 27 ლარი, ხოლო 1500 კვ. მეტრზე _ 40 ლარამდე.
ზ. გ-მა 2001წ. 28 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ვ. მ-ის, ვ. ა-ის, ჯ. შ-ის, ა. ბ-ის, ე. გ-ის, ვ. მ-ის, კ. ა-ის, ვ. შ-ის და ზ. გ-ის მიმართ იმ მოტივით, რომ მოპასუხეები არიან ქვემოიჯარეები, ერიცხებათ დავალიანებები და მოითხოვა, რომ მოპასუხეებს დაკისრებოდათ დავალიანების გადახდა და მათვე სამუდამოდ აკრძალვოდათ საიჯარო მიწის ნაკვეთებით სარგებლობა.
მოპასუხეთა განმარტებით, მოსარჩელესა და მათ შორის მიწის გადაცემაზე ქვეიჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ზ. გ-მა თვითონაც არ იცის, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მიწები, რადგან თვით ზ. გ-ს არ გაჩნია მიწის რუკა, რომლითაც დასტურდება, რომ მიწა მის საზოგადოებას ეკუთვნის.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სკ-ს 327-ე მუხლით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სკ-ს 592-ე მუხლის თანახმად კი სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი.
კოდექსის 594-ე მუხლის თანახმად მხარეებმა საიჯარო ურთიერთობების დაწესებისას ერთობლივად უნდა შეადგინონ საიჯარო ქონების ნუსხა, რომელშიც აღინიშება მისი ოდენობა და მდგომარეობა იჯარით გადაცემის მომენტისათვის. იგივე წესი გამოიყენება საიჯარო ურთიერთობების დამთავრებისას. ნუსხას ხელს უნდა აწერდეს ორივე მხარე და მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი.
მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მას მოპასუხეებთან დადებული ჰქონდა ამგვარი ხელშეკრულებები.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-მა. კასატორი მიუთითებს, რომ იგი არის სადავო მიწების კანონიერი მფლობელი, ხოლო მოპასუხეებს ისინი არამართლზომიერად აქვთ დაკავებული.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზ. გ-მა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებანი იმის დასადასტურებლად, რომ მას და მოპასუხეებს შორის გაფორმებული იყო ქვეიჯარის ხელშეკრულებები და მათთვის გადაცემული ჰქონდა დროებით სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. სკ-ს 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, თუ რა პირობებზე შეთანხმდა კასატორი მოპასუხეებთან მიწის ქვეიჯარით გადაცემისას, კონკრეტულად რა ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა თითოეულ მოპასუხეს და სად მდებარეობს აღნიშნული მიწის ნაკვეთები.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საოლქო სასამართლოს პალატის შემდეგ მოსაზრებას: საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეებს შეთანხმების საფუძველზე ზ. გ-ისათვის წელიწადში ერთხელ უნდა გადაეხადათ საიჯარო ქირა 40 ლარის ოდენობით, ვინაიდან გარდა 1999წ. 22 იანვრის კრების ოქმისა, რომელსაც მოპასუხეები არ ესწრებოდნენ, სხვა რაიმე დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი.
ზ. გ-მა სააპელაციო სასამართლოში ვერ წარადგინა საინვენტარიზაციო გეგმა, რუკა, ნახაზები, ანუ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეები ქვეიჯარით ფლობდნენ, სარგებლობდნენ და თვითნებურად იყვნენ შეჭრილები მისთვის იჯარით გადაცემულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში.
ამდენად, კასატორმა ვერ შეძლო დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, შესაბამისად, მან ვერ დაამტკიცა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ზ-ას” დირექტორ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.