გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1383-02 30 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ნების გამოვლენის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს სპს-ს პარტნიორებმა და აღნიშნეს, რომ 2000წ. აგვისტოში სპს “კ-ე კომპანიასა” და სს “რ-ს” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც სპს-ს გადაეცა ექსპლუატაციისათვის უვარგის მდგომარეობაში მყოფი ინერტული მასალების საფქვავი წისქვილი. რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ სპს-ს დირექტორმა რ.კ-ემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა, რაც მიუღებელია სპს-ს სხვა პარტნიორებისათვის. მოსარჩელეთა მოსაზრებით მხოლოდ მოპასუხის ბოროტი ზრახვების შედეგად მოხდა მათი მამის – რ. კ-ის იძულება ასეთი წერილი შეედგინა. მოსარჩელეები მოითხოვენ ბათილად იქნეს ცნობილი რ.კ-ის მიერ გამოხატული ნება და მოპასუხესთან დადებული იჯარის ხელშეკრულება ნამდვილად იქნეს ცნობილი (აღდგენილი).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. რუსთავის რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: სპს “კ-ე და კომპანიის” პარტნიორის რ.კ-ის _ განცხადება იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო სპს “კ-ე და კომპანიას” და სს “რ-ს” შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება დარჩა ძალაში და აღდგენილ იქნა სპს-ს პარტნიორების უფლება-მოვალეობანი იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “რ-მა”.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
დადგენილია, რომ სპს-ს დირექტორის ინიციატივით შეწყდა იჯარის ხელშეკრულება. სპს-ს დირექტორმა რ.კ-ემ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით 2001წ. 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით სააქციო საზოგადოებას დაუბრუნა იჯარით აღებული ქონება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნების გამოვლენის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რადგან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ვერც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 55-ე და 58-ე მუხლების საფუძველზე რ.კ-ის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ნება არ არის ბათილი, რადგან საქმეში წარმოდგენილი რ.კ-ის მე-2 ჯგუფის ინვალიდობის (იგი დიაბეტითაა დაავადებული) ცნობა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რ.კ-ე ქმედუუნაროა ან მას ფსიქიკური მოშლილობის გამო არ შეეძლო აღნიშნული ვითარების სწორად აღქმა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი რ.კ-ის ხელწერილები და მიღება-ჩაბარების აქტები ცხადყოფენ, რომ რ.კ-ის მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო იჯარის ხელშეკრულების მოშლისკენ. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლის თანახმად საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება სპს-ში აქვს ყველა პარტნიორს. მოცემულ შემთხვევაში რ.კ-ეს, როგორც პარტნიორს უფლება ჰქონდა გამოევლინა ნება საზოგადოების სახელით. 2001წ. 28 დეკემბბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად მან რ-ს დაუბრუნა აქტში მითითებული ძირითადი საშუალებანი, ასევე 2001წ. 27 დეკემბრის წერილით მოითხოვა სპს-ს მიერ დახარჯული თანხის ანაზღაურება, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია, რომ ნება გამოვლენილია მართლზომიერად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სპს “კ-ე და კომპანიამ” გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 22.4 და 23-ე მუხლები, სპს-ს წესდების 5.1, 5.2. და 5.3. მუხლები, რომლითაც დადგენილია, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას სცილდება, იღებს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული პარტნიორთა კრება. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლი, რადგან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ არსებობდა პარტნიორთა კრების თანხმობა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა, ასევე სკ-ს 354-ე მუხლი და არ გამოიყენა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საარჩელის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე ნების გამოვლენის ბათილად ცნობა. სკ-ს 352-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტით საიჯარო ქონება მეიჯარეს დაუბრუნდა, ხოლო მოიჯარეს უნდა გადაეცეს 7100 ლარი.
სკ-ს 51-ე მუხლით ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. მოცემულ შემთხვევაში მეორე მხარეს მოუვიდა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და იგი ამას დაეთანხმა.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი და უარი უთხრა სარჩელს დაკმაყოფილებაზე, რადგან საქმის მასალებით არ არის დადგენილი და დადასტურებული სკ-ს 55-ე მუხლითა და 58-ე მუხლებით დადგენილი გარიგების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები: მოპასუხეს ძალაუფლება ბოროტად არ გამოუყენებია და არც რ.კ-ე წარმოადგენდა ნების გამოვლენის მომენტში ქმედუუნაროს. რაც შეეხება “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმების გამოყენებას სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი. კერძოდ, დადგენილია, რომ სპს-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა და ამავე დროს დირექტორმა, რ.კ-ემ, გამოხატა ნება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლით სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ ყველა პარტნიორს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება დადო და შემდეგში შეწყვიტა სპს-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა რ.კ-ემ, რაც კანონიერია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სპს-ს წესდების მუხლები. მითითებული მუხლები ადგენს საზოგადოების მართვის წესს ისე, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული. ე.ი. წესდებით საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის შესახებ რამე განსხვავებული წესი დადგენილი არ არის. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ საიჯარო ხელშეკრულების დადება ან შეწყვეტა ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და იგი პარტნიორთა კრების კომპეტენციაა, უსაფუძვლოა. წესდების 5.1 მუხლით განსაზღვრულია თუ რა საკითხების გადაწყვეტას სჭირდება პარტნიორთა კრების მოწვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.