გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
3კ-1387-02 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სარჩელში). ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ა-მა საკუთარი ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა 1998წ. 7 მაისს დ. კ-ესთან.
თ. ა-მა 2001წ. მარტში სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს დ. კ-ის, სანოტარო ბიუროს მიმართ და მოითხოვა მათ შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი შეცდომაში შეიყვანეს _ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნაცვლად სულ სხვა გარიგება გაფორმდა.
დ. კ-ემ შეგებებული სარჩელი შეიტანა თ.ა-ის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება თბილისში, ... მდებარე ბინიდან იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბინა მან შეიძინა თ.ა-ისაგან ყოველგვარი პირობის გარეშე და იგი არის ამ ბინის მესაკუთრე.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 1998წ. 7 მაისს თ. ა-სა და დ. კ-ეს შორის ქ.თბილისში, ... მდებარე ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული ნოტარიუს შ.კ-ესთან და რეგისტრირებული რეესტრში – სარეგისტრაციო ¹2ხ-103. ტექბიუროს დაევლა შესაბამისი ცვლილებების შეტანა რეესტრში. დ. კ-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
დ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით დ.კ-ის საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ნოტარიუსის მიერ სრულად იქნა დაცული იმ დროისათვის მოქმედი “სახელმწიფო ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნები. საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ ნოტარიუსის მიერ ჩადენილი იყო სიყალბე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ.ა-ს ზუსტად უთარგმნეს გარიგების შინაარსი და მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი ხელს აწერდა სწორედ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი შემდეგი: გააფორმეს რა ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეები რეალურად გულისხმობდნენ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას, რაც იმით დასტურდება, რომ ხელშეკრულება დაიდო 1998წ. მაისში, მაგრამ თ.ა-ი აგრძელებდა ბინაში ცხოვრებას. ბინიდან მისი გამოსახლება დ.კ-ემ მოითხოვა მხოლოდ შეგებებულ სარჩელში 2002წ. მარტში, ანუ ბინის შეძენიდან 4 წლის შემდეგ. ამასთან, დ.კ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თუ თ. ა-ი არ უჩივლებს, შეუძლია იცხოვროს სადავო ბინაში. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დ.კ-ის ოჯახს წაყვანილი ჰყავდა თ.ა-ი ყვარელში და დ.კ-ემ შემდეგ თავი აარიდა მის მოვლას. ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული სკ-ს 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შესახებ.
დ.კ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლოებმა დადასტურებულად ჩათვალეს შემდეგი: თ. ა-მა იცოდა ნასყიდობის ხელშეკრულებას რომ მოაწერა ხელი, ამიტომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მისი მითითება იმის შესახებ, რომ შეცდა გარიგების შინაარსში. სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 1998წ. 7 მაისს, თ.ა-მა კი მისი ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით დადებული გარიგებისა, მოითხოვა 2001წ. 6 მარტს. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენა სკ-ს 84-ე მუხლი და ხანდაზმულად არ მიიჩნია მისი მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ დ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. ა-მა საკუთარი ბინის თაობაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა დ.კ-ესთან 1998წ. მაისში. თ. ა-მა 2001წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ.კ-ის მიმართ და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მხარეები შეთანხმდნენ არა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, არამედ სამისდღეშიო რჩენაზე, ხოლო დ.კ-ე თავს არიდებს მარჩენალის მოვალეობების შესრულებას. სააპელაციო პალატამ თ.ა-ის სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია იმის გათვალისწინებით, რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელე კვლავ აგრძელებდა სადავო ბინაში ცხოვრებას; დ.კ-ემ ამ ბინიდან თ.ა-ის გამოსახლება შეგებებული სარჩელით მხოლოდ 4 წლის შემდეგ მოითხოვა, ისიც მას შემდეგ, როცა თ.ა-მა აღძრა სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დ.კ-ეს წაყვანილი ჰყავდა თ.ა-ი ყვარელში, რასაც არ უარყოფს თვით დ.კ-ე, მაგრამ შემდეგ დ.კ-ემ და მისმა ოჯახმა თავი აარიდა მოსარჩელის მოვლა-პატრონობას. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ დ.კ-ეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია.
პალატა ვერ გაიზიარებს დ.კ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ თ.ა-ის მოთხოვნა ხანდაზმულია სკ-ს 84-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ.ა-მა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილად ცნობა მოითხოვა სკ-ს 56-ე მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების არცერთ მხარეს არ სურდა იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეობს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებით მათ დაფარეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. ამიტომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება სწორად იქნა ბათილად მიჩნეული. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ ინტერესი დაკარგა როგორც დ. კ-ემ, ისე თ. ა-მაც. ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ გამოიყენება სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ვინაიდან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 1998წ. მაისში, ხოლო თ.ა-მა ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 2001წ. მარტში, ამიტომ მას არ დაურღვევია კანონით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და დ.კ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 სექტემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.