Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1389-01 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მ. ლ-ესა და ნ. ც-ეს შორის, რომლის თანახმად ნ. ც-ემ იკისრა ვალდებულება მ. ლ-ისათვის გადაეხადა 4500 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც გაუქმდებოდა მათ შორის დადებული 1998წ. 28 ოქტომბრის ბინის ნასყიდობისა და 1998წ. 7 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებები.

მ. ლ-ემ 2001წ. 8 მარტს სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ც-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ნ. ც-ემ არ შეასრულა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობა და დათქმულ ვადაში არ გადაუხადა 4500 აშშ დოლარი.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აპრილს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ც-ე თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ც-ეს არ გაუსაჩივრებია.

ნ. ც-ის მეუღლემ თ. ა-ემ 2002წ. 15 მარტს მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს 2001წ. 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ არ ყოფილა პროცესზე მიწვეული მხარედ; სასამართლო უწყებები მოდიოდა მხოლოდ მისი მეუღლის სახელზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეილახა საცხოვრებელ ფართზე მისი უფლება, რის შესახებაც შეიტყო სასამართლო აღმასრულებლის მოსვლის შემდეგ _ 2002წ. 23 თებერვალს.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თე. ა-ეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებაზე. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ თ. ა-ისათვის ცნობილი იყო 2001წ. ივნისში. თ.ა-ემ რადგან 2002წ. 15 მაისს სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ. ლ-ეს 2001წ. 28 ივნისსა და 5 ივლისს გადაუხადა 1500-1500 აშშ დოლარი სულ 3000 აშშ დოლარი, და რომ თანხის გადაცემას ესწრებოდა მისი მეუღლე ნ. ც-ე. აღნიშნულის საფუძველზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ოქტომბრის განჩინებით 3 თვით შეჩერდა 2001წ. 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება.

ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დ. გ-მა 2002წ. 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2001წ. აგვისტოს თვეში მან გააფრთხილა მხარეები, მათ შორის თ. ა-ეც, რომ დარჩენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდებოდა მათი ბინიდან გამოსახლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ა-ის მიერ გაშვებულია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თე. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად გაიზიარა სასამართლო აღმასრულებლის განმარტება იმის შესახებ, რომ მან აგვისტოს თვეში გააფრთხილა ბინიდან იძულებით გამოსახლების თაობაზე დარჩენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში. სესხის ძირითად ნაწილში მის მიერ ვალდებულება შესრულებულია, ხოლო პროცენტის გადაუხდელობა არ შეიძლება გამხდარიყო იძულებით გამოსახლების საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ც-ე თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლდა ... მდებარე ბინიდან.

ნ. ც-ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

თ. ა-ემ 2002წ. 15 მარტს განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ იგი არ ყოფილა მოწვეული მხარედ. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების არსებობის შესახებ შეიტყო 2002წ. 23 თებერვლიდან სასამართლო აღმასრულებლისაგან.

სსკ-ს 422-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად დაინტერესებული მხარის განცხადებით გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. იმავე მუხლის II ნაწილის მიხედვით ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველის არსებობა.

რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ თავად თ. ა-ისა და აღმასრულებლის დ. გ-ის განმარტებების საფუძველზე მიიჩნია დადგენილად, რომ თ. ა-ისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსებობა ცნობილი იყო 2001წ. ივნისში. თ. ა-ემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა რომ პირადად გადასცა მ. ლ-ეს 1500-1500 აშშ დოლარი 2001წ. ივნის-ივლისში, რის საფუძველზეც მოხდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. სასამართლო აღმასრულებელმა დ. გ-მა განმარტა, რომ 2001წ. აგვისტოში გააფრთხილა თ. ა-ე, რომ დარჩენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდებოდა მისი იძულებით გამოსახლება. კასატორის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ სასამართლოს აღმასრულებლის განმარტება მტკიცებულებად არ უნდა მიეღო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

თ. ა-ემ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანა 2002წ. 15 მარტს ე.ი. კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო პალატის მიერ სწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.